Accessibility links

დღეს რუსეთში ბიზნესის ერთი სფერო - აზარტული თამაშები - მოქმედებას წყვეტს. შუაღამის დადგომისას დაიხურება ქვეყანაში მოქმედი ყველა კაზინო თუ ფულის მოსაგები მანქანა. ხვალიდან აზარტული თამაშების ბიზნესს არსებობის უფლება ექნება მხოლოდ მთავრობის მიერ დადგენილ, ლას-ვეგასის სტილში მოწყობილ, ოთხ ადგილას. ერთადერთი პრობლემა ის გახლავთ, რომ ჯერჯერობით ეს ადგილები, ფაქტობრივად, ცარიელია.

ახალი არბატის ქუჩაზე უკვე ჩაქრა კაზინოების განათება. ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ძველ კაზინოზე - ”მეტელიცაზე” - ორი აბრაა გამოკრული. ერთზე წერია - ”მადლობას გიხდით თექვსმეტწლიანი ნდობისათვის”, მეორე აბრა კი იუწყება, რომ ადგილი ქირავდება.

სამშაბათ დილით კაზინოს ფოტოებს უღებდა ეკატერინა პუშკოვა, მსახიობი, რომელიც ”მეტელიცას” მეზობლად ცხოვრობს:

”ეს უკვე მოსკოვის ისტორიაა - 16 წლის ისტორია. ჩვენ აქვე, ამ კაზინოსთან ახლოს, ვცხოვრობთ. და რაც თავი მახსოვს, ეს დაწესებულება სულ იყო. მის გარშემო მრავალი ისტორია თუ ლეგენდა არსებობს. ახლა, როცა ის დახურეს, წარწერა, რომ მადლობას გვიხდიან თექვსმეტწლიანი ნდობისთვის, საკმაოდ სენტიმენტალურ ემოციებს აღძრავს.”

კაზინოების კომპლექსი "მეტელიცა" ახალ არბატზე
კაზინოები 90-იანი წლების ბრჭყვიალა, გიჟური ტემპით მცხოვრები რუსეთის განუყოფელი ნაწილი იყო. ”ბლექჯეკის” სათამაშო მაგიდებთან თუ ე.წ.”რულეტკების” ტრიალით მილიონებს აგებდნენ და იგებდნენ; აზარტულ თამაშებს განგსტერები და მათი თანაშემწეები თამაშობდნენ, რომლებიც ზოგჯერ ამავე კაზინოების მფლობელებად იყვნენ მიჩნეული. მაგრამ აზარტული თამაშების სფეროსთვის ყველაზე დიდი წარმატება კაზინოებს არ მოუტანია. მთავარი საგანი, რომელმაც ეს ბიზნესი გაამდიდრა, უწინ ”ცალხელა ბანდიტად” წოდებული სათამაშო მანქანა იყო.

2006 წელს, მაშინდელი პრეზიდენტის - ვლადიმირ პუტინის - ინიციატივით, მიიღეს კანონი, რომელმაც 2009 წლის 1 ივლისიდან აზარტული თამაშები აკრძალა ყველგან, საგანგებოდ გამოყოფილი ოთხი ადგილის გარდა. ერთი ასეთი ადგილი შორეულ აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ კორეასა და ჩინეთთან საზღვრების სიახლოვესაა, ერთი - ალტაის რეგიონში, მესამე - კალინინგრადში, მეოთხე კი - ქვეყნის სამხრეთში, აზოვის ზღვის სიახლოვეს.

ამ ადგილებს რუსეთის მომავალ ლას-ვეგასებს უწოდებენ. თუმცა დღესდღეობით მათ ამ აზარტული თამაშების მსოფლიო ცენტრთან მხოლოდ ერთი ასპექტი აკავშირებს: ისინი ისეთივე ცარიელია, როგორც ის უდაბნო, რომელიც ლას-ვეგასს გარშემო აკრავს.

მაიკლ ბიოტხერის კომპანია ”Storm International”-ი რუსეთში უკვე ათწლეულზე მეტია კაზინოებს ამუშავებს და 6,000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. მაგრამ ახლა კომპანიამ გადაწყვიტა არ გადაიტანოს ბიზნესი გამოყოფილ ზონებში და ქვეყანა საერთოდ დატოვოს:

”რუსეთში მათ ორწელიწადნახევრის განმავლობაში ოთხი ლას-ვეგასის გაშენება უნდოდათ ისეთ ადგილებში, სადაც ინფრასტრუქტურა საერთოდ არ არსებობს - არ არის გზები, წყალი, ენერგეტიკა - და არც ხალხი, სხვათა შორის. შანსი, რომ იქ ვინმე წავა, ნულს უტოლდება. სხვა მხრივ კი, ეს შესანიშნავი იდეა იყო.”

სხვათა შორის, ეს განცხადება ბიოტხერმა თბილისისკენ მიმავალ თვითმფრინავში გააკეთა - მისი კომპანია იმედოვნებს, რომ საქართველოში გახსნის ახალ კაზინოს.

ახალ ზონებში არც აზარტული თამაშების ადგილობრივი კომპანიები გადასულან. ინდუსტრიის განცხადებით, 400,000 ადამიანი დაკარგავს სამუშაოს და ბიუჯეტს 1 მილიარდი დოლარის შემოსავალი დააკლდება. პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის ამასწინანდელი განცხადების თანახმად, 60,000 სამუშაო ადგილი დაიკარგება.

2006 წელს კაზინოების გადატანის გადაწყვეტილება სათამაშო მანქანების უკონტროლო გავრცელების გამო მიიღეს. ასეთი მანქანები ყველგან ჩნდებოდა - მიწისქვეშა გადასასვლელებში, ახალგაზრდულ ცენტრებში, ავტობუსების გაჩერებებზე და, უბრალოდ, ქუჩებშიც კი.

ეს გაფართოება კი იმის შედეგი იყო, რომ აზარტულ თამაშებზე ლიცენზიების გაცემის უფლება სპორტის სახელმწიფო კომიტეტს მიეცა, რომელმაც ლიცენზიების დარიგება ძალიან სწრაფად დაიწყო.

კაზინო "Golden Palace"-ის აჭედილი კარები
პროცესი მხოლოდ მოსკოვს არ შეეხო - სათამაშო მანქანები ქვეყნის შორეულ კუთხეებშიც გაჩნდა. ამის გამო ბევრი მოქალაქე უკმაყოფილებას გამოთქვამდა - ექიმები კი მოსახლეობაში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების სწრაფ ზრდაზე ალაპარაკდნენ. ”ეს მხოლოდ ახალგაზრდებს არ ეხება - აზარტულ თამაშებში პენსიონერებიც კარგავენ უკანასკნელ კაპიკებსო”, განაცხადა პუტინმა 2006 წელს. შესაბამისად, აზარტული თამაშებისთვის შეზღუდვების დაწესებას ბევრი დადებითად შეხვდა.

დღეს შუაღამისას რუსეთში ლეგალურად მოქმედი ყველა კაზინო თუ სათამაშო მანქანა მუშაობას შეწყვეტს. ჯერჯერობით არავინ იცის წარმატებული იქნება თუ არა აზარტული თამაშების საგანგებოდ გამოყოფილ ადგილებში გადატანის იდეა. თუმცა ბევრი თანხმდება, რომ აზარტული თამაშების თამაშს ხალხი არ შეწყვეტს და, სავარაუდოდ, ბიზნესის დიდი ნაწილი იატაკქვეშეთში გადავა.
XS
SM
MD
LG