Accessibility links

logo-print
3 ივლისს თბილისში ინგმარ ბერგმანის ფილმების რეტროსპექტივა დაიხურა. დიდი შვედი რეჟისორის შედევრების ეს კვირეული შვეციის საელჩომ მოაწყო. ინგმარ ბერგმანის ფილმების რეტროსპექტივა სტოკჰოლმის კინოს ინსტიტუტის პროექტია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში - მათ შორის ბრაზილიაში, მონღოლეთში, საქართველოში - ბერგმანის შემოქმედების პოპულარიზაციას ითვალისწინებს. გვიამბობს გიორგი გვახარია.

საქართველოში ბერგმანის შემოქმედების პოპულარიზაციას განსაკუთრებული ძალისხმევა არ სჭირდება.როგორც რეტროსპექტივის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა - ამავე დროს, თამარ მაისურაძესა და ნათია გვიანიშვილთან ერთად, რეტროსპექტივის პროგრამაში ნაჩვენები ფილმების მთარგმნელმა - დათო გაბუნიამ გვითხრა, მან, პირველ რიგში, სწორედ ეს უთხრა შვეციის საელჩოს თანამშრომლებს, როცა ბერგმანის რეტროსპექტივის მოწყობა შესთავაზეს. მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე ჩვენს ეკრანებზე ბერგმანის მხოლოდ რამდენიმე ფილმი - ”მარწყვის მდელო”, ”შემოდგომის სონატა”, ”ფანი და ალექსანდრე” - იყო ნაჩვენები, საქართველოში ბერგმანის შემოქმედებას საკმაოდ კარგად იცნობენ: მისი სცენარები შვედურიდან თარგმნილია და ქართულ ენაზე გამოცემული... - აღნიშნა დათომ ჩვენთან საუბარში.

როგორც პროგრამის კოორდინატორს, ფრედერიკ გუსტავსონს უთქვამს მისთვის, შვეციის მთავრობამ ბერგმანის გარდაცვალების შემდეგ 20 მილიონი ევრო გამოყო იმისთვის, რომ მოხდეს ბერგმანის შემოქმედების ”შენახვა” და პოპულარიზაცია.

რეტროსპექტივის გახსნამდე ვესაუბრეთ ბერგმანის კვირეულის კიდევ ერთ ორგანიზატორს, კინომცოდნე ნინო ძანძავას, რომელიც ეროვნული კინოცენტრის თანამშრომელია. კინოცენტრმა ბერგმანის ფილმების ქართულად თარგმნა და კინოთეატრ ”ამირანში” ჩვენების უფლება დააფინანსა. ნინომ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმას, რომ ბერგმანის რეტროსპექტივა თემატურია - თბილისში ნაჩვენები ფილმები გაერთიანებულია სათაურით ”ხელოვანი შემოქმედებითი კრიზისის დროს.”

ბერგმანის რეტროსპექტივის ორგანიზატორებს, ეტყობა, ინტუიციამ არ უღალატა. ეს თემა - ”ხელოვანი შემოქმედებითი კრიზისის დროს”- უაღრესად აქტუალური აღმოჩნდა საქართველოსთვის: დიდი შვედი რეჟისორის ფილმების ჩვენებაზე ”ამირანის” დარბაზი თითქმის მთლიანად სავსე იყო - ბერგმანის სანახავად მოვიდნენ ადამიანები, რომელთაც აქამდე არც ერთი მისი ფილმი არ ჰქონდათ ნანახი. ბერგმანთან ”შემოქმედებითი კრიზისი” თითქმის ყოველთვის თან ახლავს გადაფასების პროცესს და მარტოობას, რომელსაც, როგორც წესი, - ჩვეულებრივ ადამიანზე უფრო მგრძნობიარე, უფრო დაკვირვებული და უფრო ნევროტული, - ხელოვანი, მხატვარი განიცდის ხოლმე... თუმცა მარტოობა და სასოწარკვეთა ყოველთვის ბადებს სიყვარულის, სითბოს, რწმენის ნოსტალგიას... ”ღმერთი ჩუმადაა”, ”ღმერთი პასუხს არ გვცემს” - ეს ყველაფერი ინგმარ ბერგმანის შემოქმედების მხოლოდ ერთი, ზედაპირული პლასტია... სინამდვილეში, ღმერთთან და ჭეშმარიტებასთან ეს კონფლიქტი გამოწვეულია არა ათეიზმით (როგორც წერდნენ საბჭოთა იდეოლოგები ბერგმანის იმ სამი ფილმის საფუძველზე, რომლებიც თავის დროზე უჩვენეს ჩვენში), არამედ ძიების სურვილით, ანუ ისევ და ისევ შემოქმედებით.

რეტროსპექტივის ის ახალგაზრდა ორგანიზატორები, რომელთაც ჩვენ ვესაუბრეთ, დარწმუნებულები არიან, რომ დიდი შვედი რეჟისორის რეტროსპექტივა სწორედ შემოქმედებით იმპულსს გაამძაფრებს მაყურებელში... ამის შემდეგ არაა გამორიცხული, რომ ქართველმა მაყურებელმა ბერგმანის სხვა ფილმების ნახვაც მოინდომოს - ფირზე და დიდ ეკრანზე.
XS
SM
MD
LG