Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობა „სადღეგრძელოს ფორმატს“ უნდა გასცდეს“


სერჟ სარქისიანი (მარცხნივ) და მიხეილ სააკაშვილი, ერევანში გამართული შეხვედრისას
სერჟ სარქისიანი (მარცხნივ) და მიხეილ სააკაშვილი, ერევანში გამართული შეხვედრისას
სომხეთში საქართველოს პრეზიდენტის სტუმრობის დასრულების შემდეგ, ქართველი და სომეხი ექსპერტები ვიზიტის შედეგებსა და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე მსჯელობენ. სწორედ ამ მიზნით, საინფორმაციო სააგენტო „ახალი ამბები - საქართველოს“ ოფისმა უმასპინძლა ტელეხიდს, რომელშიც პოლიტიკის ერევნელი და თბილისელი ექსპერტები მონაწილეობდნენ.

საქართველოს პრეზიდენტს სომეხმა კოლეგამ უმაღლეს დონეზე და შესაბამისი პატივით უმასპინძლა. სერჟ სარქისიანმა მიხეილ სააკაშვილს ”საუკუნოვანი ქართულ-სომხური მეგობრობის გაძლიერების საქმეში შეტანილი წვლილისთვის“ ღირსების ორდენიც კი გადასცა. თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მზადაა გახსნას „ყაზბეგი - ზემო ლარსის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტი, რომელიც რუსეთის მიერაა ჩაკეტილი და რომელსაც სომხეთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ვან ბაიბურთი მიიჩნევს, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრამ სომხეთ-საქართველოს ურთიერთობის თამასა გვარიან სიმაღლეზე ასწია:

ვან ბაიბურთი
„მართალია, ეს სიმაღლე შორსაა მსოფლიო რეკორდიდან, მაგრამ მაინც სოლიდური დონეა, რასაც მიესალმებიან როგორც საქართველოსა და სომხეთში, ასევე იმ ქვეყნებში, რომლებიც კავკასიაში მშვიდობითა და რეგიონალური თანამშრომლობით არიან დაინტერესებულნი. ასე რომ, ამ ვიზიტს მაღალ შეფასებას ვაძლევ.“

ვან ბაიბურთის თქმით, საქართველოს პირეზიდენტის სომხეთში სტუმრობისას მხარეებმა ისაუბრეს თითქმის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე. სომხეთში მოქმედი კავკასიის ინსტიტუტის დირექტორი სერგეი მინოსიანი ქართული და სომხური მედიის ანალიზის საფუძველზე ამბობს, რომ საზოგადოება და პოლიტიკური ელიტა ორივე ქვეყანაში კმაყოფილი დარჩა პრეზიდენტების შეხვედრით:

„კონკრეტული შეთანხმებები, რამდენადაც ცნობილია, საჯაროდ არ გაცხადებულა, თუმცა გასაგებია, რომ პრეზიდენტებმა იმსჯელეს ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე, კომუნიკაციის საკითხებზე, სომხეთისა და საქართველოს მცდელობებზე რეგიონში საკუთარი თამაში ითამაშონ ისე, რომ ძალიან არ გააღიზიანონ ძლიერი გეოპოლიტიკური მოთამაშეები. მიმაჩნია, რომ, მთლიანობაში, მხარეებმა ეს ამოცანები გადაჭრეს.“

თუმცა სხვაგვარად ფიქრობს კარენ ბექარიანი, სომხეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპული ინტეგრაციის“ ხელმძღვანელი. მისი თქმით, ორი ქვეყნის ურთიერთობაში არსებობს არაერთი გადაუჭრელი პრობლემა:

„ყველაფერი ასე უღრუბლოდ არ არის... საქართველოსთან ჩამოგვიყალიბდა ძალიან საინტერესო ურთიერთობა, რომლის დროსაც, ძირითადად, სადღეგრძელოებით ვლაპარაკობთ. ყოველთვის, როცა ასეთ სადღეგრძელოებს ვისმენ (მათ შორის პოლიტიკოსებისგანაც), გავიფიქრებ ხოლმე: ნეტა, მართლა ასე იყოს. სინამდვილეში ძალიან ბევრი რამ სხვაგვარადაა.“

კარენ ბექარიანის თქმით, სადღეგრძელოს ფორმატში ასევე ვერ ჯდება ჯავახეთის მხარეში მცხოვრები ეთნიკური სომხების პრობლემები. სხვათა შორის, მიხეილ სააკაშვილის სტუმრობისას ერევანში საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მსვლელობისას ითქვა, რომ სომხური ენა სამცხე-ჯავახეთში მეორე სახელმწიფო ენად უნდა გამოცხადდეს, რომ რეგიონის ავტონომიური სტატუსი კონსტიტუციაში უნდა აისახოს, რომ არ უნდა მოხდეს ხელოვნურად დემოგრაფიული სურათის შეცვლა და სხვ. ტელეხიდის მსვლელობისას ჯავახეთის საკითხს ასევე შეეხო კონფლიქტოლოგი გოგი ხუციშვილი, რომლის თქმითაც, პრობლემაზე საუბარს ართულებს ის, რომ, რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით, ქართველი პოლიტიკოსებისა და ანალიტიკოსების ნაწილი ჯავახეთში სახელმწიფოებრიობის მორიგ საფრთხეს ხედავს.

გიორგი ხუციშვილი
გოგი ხუციშვილი: „თუ რუსეთი დააპირებს საქართველოში ვითარების გართულებას, ამას ჯავახეთიდან გააკეთებს. საქართველოში ასე ბევრი ანალიტიკოსი ფიქრობს. ითვლება, რომ ჯავახეთი არის რისკის ზონა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია საქართველოში ვითარების სერიოზული დაძაბვა.“

ტელეხიდის მსვლელობისას სომეხმა პოლიტოლოგებმა ისიც თქვეს, რომ საქართველოში არასწორი შეხედულებაა ჩამოყალიბებული ორი ქვეყნის ურთიერთობის შესახებ. კერძოდ, კარენ ბექარიანის თქმით, არასწორია ის მოსაზრება, რომლის მიხედვითაც საქართველო მეტად სჭირდება სომხეთს, ვიდრე პირიქით, საქართველოს - სომხეთი. სომეხი ექსპერტის თქმით, ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გახსნითაც თანაბრად იხეირებს როგორც სომხეთი, ასევე საქართველო. ცხადია, ამ მოსაზრებას საქართველოში თითქმის არავინ ჰყავს გამზიარებელი. ექსპერტები გია ხუხაშვილი და მამუკა არეშიძე ამბობენ, რომ, ვერც ეკონომიკისა და ვერც პოლიტიკის თვალსაზრისით, საქართველო რუსეთთან საზღვრის გახსნით მნიშვნელოვან სარგებელს ვერ ნახავს.

„საქართველოსთვის ამ გზის გახსნა იქნებოდა მომგებიანი ერთადერთ შემთხვევაში, თუ მოიხსნებოდა ის ეკონომიკური ემბარგო, რაც რუსეთს აქვს დაწესებული“, ამბობს გია ხუხაშვილი.

თუმცა ქართველი პოლიტოლოგების ნაწილი ასევე მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი სომხეთში უდავოდ წარმატებული იყო. გია ნოდიას თქმით, საყურადღებოა ის გარემოება, რომ ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული კონსტრუქციული ურთიერთობები წარმატებით უძლებს დროს და არაა დამოკიდებული პრეზიდენტებისა და მთავრობების შეცვლაზე, რაც, ნოდიას თქმით, მიხეილ სააკაშვილისა და სერჟ სარქისიანის უკანასკნელმა შეხვედრამაც დაადასტურა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG