Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იწყება ერთიანი ეროვნული გამოცდები


2009 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. გამოცდები 12 საგამოცდო ქალაქში ჩატარდება. გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, წელს სტუდენტი 27 500-ზე მეტი აბიტურიენტი გახდება.

2009 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის თითქმის 29 000 აბიტურიენტია რეგისტრირებული. მათგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სტუდენტი 27 500-ზე მეტი გახდება. გამოცდების მაღალკვალიფიცირებულად ჩასატარებლად საგამოცდო ცენტრებში ყველა პირობაა შექმნილი, აცხადებს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი:

„მე მინდა მათ იცოდნენ, რომ ყველაზე დიდი გულშემატკივრები მათ ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის სახით ჰყავთ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთის, რომ მაქსიმალურად კეთილგანწყობილი გარემო დავახვედროთ მათ საგამოცდო ცენტრებში და ძალიან მინდა ყველა აბიტურიენტს ვთხოვო: არ არის ახლა ღელვის და ნერვიულობის დრო.“

გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი
მაია მიმინოშვილმა აბიტურიენტებს ასევე მიმართა თხოვნით, კიდევ ერთხელ გულდასმით გაეცნონ საგამოცდო პლასტიკურ ბარათებზე მითითებულ ინფორმაციას გამოცდების თარიღისა და ადგილის შესახებ. საქმე ისაა, რომ, გასული წლების პრაქტიკის გათვალისწინებით, აბიტურიენტების გამოცდებიდან მოხსნის ძირითადი მიზეზი გამოცდებზე დაგვიანება ან გამოუცხადებლობა ხდებოდა. ერთ-ერთი მთავარი სიახლე 2009 წლის ეროვნულ გამოცდებზე კი მინიმალური კომპეტენციის ზღვრის 15-დან 25 ქულამდე გაზრდაა. უცხო ენებისთვის ზღვარი 20 ქულაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადასალახავად აბიტურიენტმა სხვა საგამოცდო საგნებში 26, ხოლო უცხო ენაში 21 ქულა უნდა დააგროვოს. სიახლეა ისიც, რომ უმაღლეს სასწავლებლებს წელს თავად მიეცათ კონკრეტული ფაკულტეტებისათვის ჩასაბარებელი უცხოური ენისა თუ ენების განსაზღვრის უფლება, ისევე როგორც ცალკეულ ფაკულტეტებზე - საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ტესტის განსხვავებული საგნობრივი ნაწილის ჩაბარების მოთხოვნის უფლება. სიახლეთაგან აღსანიშნავია ისიც, რომ 2009 წლიდან წინა წელს მიღებული ქულების გამოყენება აღარ იქნება შესაძლებელი.

სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობა წელს ერთი სასწავლო წლისთვის 2250 ლარს შეადგენს. 2009 წელს, სრული დაფინანსების გარდა, ძალაში რჩება ეგრეთ წოდებული ნაწილობრივი, ანუ 30 -50 და 70 პროცენტიანი, დაფინანსება როგორც აკადემიური ფაკულტეტების, ასევე უმაღლესი პროფესიული პროგრამებისათვის.სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემა მხოლოდ ზოგადი უნარების სკალირებული ქულის საფუძველზე იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი მის მიერ მითითებულ ყველა გამოცდაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარს გადალახავს და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხება. 2009 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მზადებას განაგრძობს ეკა მაღალდაძეც.

“სამში, შვიდში, ცხრაში და თოთხმეტში მაქვს გამოცდები - 4 გამოცდას ვაბარებ. ვაბარებ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ყველაზე მეტად აქ ვხედავ ჩემს თავს, ჟურნალისტიკაში.“

გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, კონკურსი ჟურნალისტიკასთან ერთად მაღალია ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა ბიზნესი, ეკონომიკა, სამართალმცოდნეობა. დაბოლოს, აქვე შევნიშნავ, რომ წელს პირველად საქართველოში საერთო სამაგისტრო გამოცდებიც ტარდება. სამაგისტრო გამოცდები 8-10 ივლისს გაიმართება, ერთიანი ეროვნული გამოცდები კი 17 ივლისს დასრულდება.
XS
SM
MD
LG