Accessibility links

logo-print

ჟენევის შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მეშვიდე რაუნდი 17 სექტემბერს გაიმართება


ჟენევაში დამთავრდა კავკასიის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო დისკუსიის მეექვსე რაუნდი. შეხვედრაზე, რომელიც გაეროს, ეუთოსა და ევროპის კავშირის თანათავმჯდომარეობით გაიმართა, საქართველოს დელეგაციას სათავეში ედგა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია. მისი თქმით, შვიდსაათიანი დისკუსიის ერთ-ერთი უმთავრესი შედეგი ის იყო, რომ 14 ივლისისთვის გალში დაინიშნა შეხვედრა ინციდენტების პრევენციის მექანიზმზე მსჯელობის მიზნით. გარდა ამისა, გადაწყდა, რომ ჟენევის ფორმატით დისკუსიების მორიგი, მეშვიდე რაუნდი 17 სექტემბერს შედგება. ეუთო და გაერო, რომელთა სამეთვალყურეო მისიებმა, რუსეთის წინააღმდეგობის შედეგად, საქართველოში საქმიანობა შეწყვიტეს, ევროკავშირთან ერთად ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებად რჩებიან. რუსეთის დელეგაცია თბილისისგან ძალის გამოუყენებლობის დოკუმენტების ხელმოწერას მოითხოვდა. საქართველოს ხელისუფლების განმარტებით, ის მზად არის რუსეთთან ასეთი შეთანხმების ხელმოსაწერად იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ოკუპირებული რეგიონებიდან ჯარს გაიყვანს, ხოლო კონფლიქტის ზონებში საერთაშორისო მეთვალყურეები განთავსდებიან. საქართველოს დელეგაციის წევრებმა საგანგებოდ აღნიშნეს კონფლიქტის ზონებში საერთაშორისო საპოლიციო ძალების ეტაპობრივი განთავსების აუცილებლობა, რაც, გიგა ბოკერიას განცხადებით, ამ ტერიტორიების დეოკუპაციის პარალელურად უნდა მოხდეს.
XS
SM
MD
LG