Accessibility links

logo-print

საქართველო ”ნახევრად კონსოლიდირებული ავტორიტარიზმის” კატეგორიას უახლოვდება


”ფრიდომ ჰაუსის” ევროპული განყოფილების დირექტორი ვლადიმირ შკოლნიკოვი

”ფრიდომ ჰაუსის” ევროპული განყოფილების დირექტორი ვლადიმირ შკოლნიკოვი

30 ივნისს ავტორიტეტიანმა საერთაშორისო ორგანიზაცია ”ფრიდომ ჰაუსმა” გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში, რომელშიც შუა აზიისა და ევრაზიის ქვეყნებში დემოკრატიზაციის ხარისხია გაანალიზებული. ანგარიში 29 სახელმწიფოს განიხილავს და საკმაოდ ნეგატიურ სურათსაც სახავს. საქართველოს წელს, ”ვარდების რევოლუციის” შემდგომ პერიოდში, ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს - ორგანიზაციის შეფასებით, ცხრილში ის ”ნახევრად კონსოლიდირებული ავტორიტარიზმის” კატეგორიას უახლოვდება. სამშაბათს ”ფრიდომ ჰაუსის” წარმომადგენლებმა ანგარიშის პრეზენტაცია რადიო თავისუფლების პრაღის შტაბბინაში გამართეს.

”შავბნელი წელიწადი დემოკრატიისთვის” - ასე უწოდებს 2008 წელს ”ფრიდომ ჰაუსის” ევროპული განყოფილების დირექტორი ვლადიმირ შკოლნიკოვი.

ორგანიზაციის მიერ მომზადებულ უკანასკნელ ანგარიშში, რომელსაც ”გარდამავალი სახელმწიფოები” ეწოდება, სამი ძირითადი დასკვნაა გამოტანილი:

პირველი - ევროკავშირის ახალ წევრ სახელმწიფოებში რეფორმების ტემპი და სამოქალაქო საზოგადობის ძალა საგრძნობლად შემცირდა.

მეორე - ბალკანეთის სახელმწიფოთა უმრავლესობაში, წინა წლებთან შედარებით, სტაბილური ვითარება შენარჩუნდა, კოსოვომ კი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ რეფორმების პოტენციალი გამოავლინა.

და მესამე - ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში მნიშვნელოვნად გაძლიერდა ავტორიტარიზმი. ”კონსოლიდირებული ავტორიტარული რეჟიმების” კატეგორიაში წელს 8 ქვეყანა მოხვდა, რაც თავისებური რეკორდია. აქ შედის შუა აზიის ხუთივე სახელმწიფო, აზერბაიჯანთან, ბელორუსიასა და რუსეთთან ერთად. რუსეთი და ყირგიზეთი ამ კატეგორიაში წელს პირველად მოხვდნენ. ”ფრიდომ ჰაუსი” აღნიშნავს, რომ ამ 8 ქვეყანას და კვლევისას შესწავლილ დანარჩენ 21 სახელმწიფოს შორის განსხვავება სულ უფრო თვალშისაცემი ხდება.

საქართველოს სულ ცოტა აშორებს "ნახევრად კონსოლიდირებული ავტორიტარიზმის" კატეგორიისგან
საქართველოს წელს, ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ, ყველაზე უარესი მაჩვენებელი აქვს. ჯამურ შეფასებაში მას ”4.93” უწერია, მაშინ როდესაც ორგანიზაციის შეფასებით სისტემაში ”5” უკვე ნახევრად კონსოლიდირებულ ავტორიტარიზმს ნიშნავს. ანუ საქართველო ჯერ კიდევ რჩება ”გარდამავალი ან ჰიბრიდული რეჟიმების” კატეგორიაში, მაგრამ მას ძალიან ცოტა - სულ რაღაც შვიდი მეასედი - აშორებს ”ნახევრად კონსოლიდირებული ავტორიტარიზმის” კატეგორიისგან.

ვლადიმირ შკოლნიკოვის თქმით, მაჩვენებლის გაუარესების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დროს მთავრობის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება და ამით არჩევნებზე გავლენის მოხდენა იყო. ამასთან, ”ფრიდომ ჰაუსის” ევროპული განყოფილების დირექტორის თქმით, მაჩვენებლის გაუარესება ძალაუფლების არათანაბარ გადანაწილებასაც უკავშირდება:

„ეს ცვლილება დიდწილად უკავშირდება აღმასრულებელი შტოს გაძლიერებას. სამწუხაროდ, თუკი საქართველოს კონსტიტუციას გააანალიზებთ, ის დიდად არ განსხვავდება სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების კონსტიტუციებისგან. ბატონი სააკაშვილი, ინგლისურის ბრწყინვალე ცოდნის თუ ადამიანის უფლებების კურსების გავლის მიუხედავად, ხშირად მაინც ტიპიური პოსტსაბჭოთა პრეზიდენტივით იქცევა.”
ვლადიმირ შკოლნიკოვი საქართველოს პოლიტიკური სისტემის სხვა პრობლემებზეც მიუთითებს:

”ბევრს საუბრობენ სასამართლო სისტემის რეფორმაზე, მაგრამ ის კვლავაც დიდწილადაა დამოკიდებული აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. სამოქალაქო საზოგადოება - მთავრობისთვის მისაღები ორიოდე NGO-ს გამოკლებით - იგნორირებული და დასუსტებულია. ზოგადად, მართვის სტილია პრობლემური - კონსულტაციების, გამჭვირვალობის, ღიაობის, დიალოგის ნაკლებობა.”

2008 წელი რუსეთ-საქართველოს შორის ომის წელია და, ვლადიმირ შკოლნიკოვის თქმით, ”ფრიდომ ჰაუსის” ანგარიშის შედგენისას ავტორებმა გაითვალისწინეს, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვან გავლენას იქონიებდა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე - ავტომატურად შეაფერხებდა რეფორმებს.

თუმცა, შკოლნიკოვის აზრით, ამ ომმა თავისთავად გამოავლინა დემოკრატიის, ღიაობისა და პლურალიზმის სიმწირე. ”ფრიდომ ჰაუსის” ევროპული განყოფილების დირექტორის აზრით, ორივე მხარეს - საქართველოშიც და რუსეთშიც - მთავრობების ქცევამ მნიშვნელოვნად შეუშალა ხელი ომის მიზეზებსა თუ შედეგებზე ღია დისკუსიის გამართვას. არადა, შკოლნიკოვის თქმით, გასაანალიზებელი ბევრი ფაქტორი იყო:

”ეს, შესაძლოა, ჩვენი გამოკვლევის ფარგლებს სცილდებოდეს, მაგრამ, ჩემი აზრით, ნებისმიერ მთავრობას, რომელიც თავის ქვეყანას რაიმე სახის სერიოზულ კონფრონტაციამდე მიიყვანს ბევრად უფრო ძლიერ მეზობელთან, შეკითხვები უნდა დაესვას - განურჩევლად იმისა, როგორი იყო მოწინააღმდეგის ქცევა.”

ამ ომმა რუსეთის სინამდვილეშიც ბევრი რამ გამოააშკარავა და ნათლად აჩვენა, რაოდენ ძლიერია იქ ცენზურა და პროპაგანდისტული მექანიზმებიო, ამბობს შკოლნიკოვი:

”ახლა არ მინდა ომის დაწყების მიზეზებზე ვისაუბრო, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ძალიან რთული გასაგები იყო [რუსეთის ჯარის] საკუთრივ კონფლიქტის რეგიონის მიღმა გასვლა და ვრცელი ტერიტორიების ოკუპაცია და ის ფაქტი, რომ ამის შესახებ სახელმწიფო მედიამ რუსეთის მოსახლეობას არაფერი აუწყა. იმ დღეებში მარტო რუსეთის მედიისთვის რომ მოგესმინათ, იფიქრებდით, რომ ოპერაცია სამხრეთ ოსეთის საზღვრებშივე დასრულდა. რუსეთის ლიდერებს არაფერი უთქვამთ სამხედროების ამ საზღვრებიდან გასვლაზე, რაც, ჩემი აზრით, შემაშფოთებელია.”

რუსეთი, როგორც გითხარით, ორგანიზაციის შეფასებაში წელს უკვე ”კონსოლიდირებულ ავტორიტარიზმად” არის მიჩნეული.

ვიქტორ შკოლნიკოვს საქართველოს მაჩვენებლის გაუარესების ზოგადი შეფასებაც ვთხოვეთ - იმ ფაქტორების გამოყოფა, რომელმაც, მისი აზრით, ამ გაუარესებას ხელი შეუწყო:

მეტი ყურადღებით უნდა მოვკიდებოდით, მაგალითად, პრეზიდენტის უფლებამოსილების გაძლიერება.ს
”სრულყოფილი არავინაა. ვარდების რევოლუციის ირგვლივ ბევრი იმედი არსებობდა, ლიდერები ბევრ დაპირებას გამოთქვამდნენ და ამ დაპირებების ყველას სჯეროდა. და იმ დროს მართლა არ არსებობდა დაეჭვების საფუძველი. დასავლეთის მთავრობები - ყოველ შემთხვევაში, ისინი, რომლებთანაც მე მაქვს კავშირი - ფიქრობდნენ, რომ შანსი ყველას უნდა მიეცეს. ’ფრიდომ ჰაუსიც’ თვლიდა, რომ გარკვეული სწორი ნაბიჯები იდგმებოდა. ალბათ, მაშინვე უფრო მეტი ყურადღებით უნდა მოვკიდებოდით ისეთ მოვლენებს, როგორიც იყო, მაგალითად, პრეზიდენტის უფლებამოსილების გაძლიერება. მაგრამ სამოქალაქო საზოგადოების ბევრი წარმომადგენელი ახალი გადასული იყო მთავრობაში და ველოდით, რომ მათ საქართველოს დემოკრატიზაცია სურდათ.”

საუბრის ბოლოს ვლადიმირ შკოლნიკოვს საკუთრივ ”გარდამავალი სახელმწიფოების” ცნების შესახებ ვკითხეთ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკვე ორი ათწლეული გავიდა, წარსულში მისი გავლენის ქვეშ მყოფი ქვეყნები კი კვლავაც ამ ერთი ზოგადი კატეგორიის ქვეშ არიან გაერთიანებული, მიუხედავად იმისა, რომ ამ სახელმწიფოებს შორის სხვაობა ძალიან დიდია.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბევრი ქვეყანა უკვე დემოკრატიად შედგა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მყარად დაიმკვირდა თავი. შუა აზიის ქვეყნების უმრავლესობაში კი ავტორიტარიზმი მყარდება. ასეთ ფონზე, ბევრი ანალიტიკოსი თვლის, რომ ყველა ამ ქვეყნის კვლავ ტოტალიტარიზმიდან დემოკრატიაზე ”გარდამავალ” სახელმწიფოდ მიჩნევა რეალურ სურათს აღარ ასახავს.

თუმცა ”ფრიდომ ჰაუსის” ევროპული განყოფილების დირექტორი სხვაგვარად ფიქრობს. ის ეთანხმება მოაზროვნეებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ისტორია, ბოლოს და ბოლოს, მოიტანს ლიბერალური დემოკრატიის გლობალურ გამარჯვებას:

„ადამიანებისთვის თავისუფლება ბუნებრივ მდგომარეობას წარმოადგენს. ასე სჯერა ჩვენს ორგანიზაციას და პირადად მეც. ეს ქვეყნები უკვე დიდად განსხვავდება საბჭოთა კავშირისგან - ზოგიერთს უკეთესობა აღენიშნება, სხვებთან კი, შესაძლოა, ვითარება გაუარესებულიც იყოს. მაგრამ ცვლილებები ხდება. ჩემი აზრით, დადგება დღე, რომელიც გამოაჩენს, რომ მართალი იყო ფრენსის ფუკუიამა და კანტი, რომლის ინტერპრეტაციასაც ის ცდილობდა. უბრალოდ, შესაძლოა, ამას დიდი დრო დასჭირდეს. მაგრამ არც არავინ ელოდა, რომ პროცესები მარტივად და სწორხაზოვნად განვითარდებოდა.”
XS
SM
MD
LG