Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოციალური სახლები საქართველოს ხუთ ქალაქში აშენდება


მემორანდუმის ხელმოწერისას
მემორანდუმის ხელმოწერისას
„სოციალური საცხოვრისი კეთილგანწყობილ გარემოში“ - ასე ჰქვია საერთაშორისო პროექტს, რომლის განხორციელების შესახებ მემორანდუმს 2 ივლისს ექვსმა მხარემ მოაწერა ხელი. მათგან სამი საქართველოს მთავრობას წარმოადგენს, დანარჩენები კი - შვეიცარიისა და იტალიის მთავრობებს და გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს. პროექტის ფარგლებში 2010 წლის მარტის ბოლომდე აიგება 10 ეგრეთ წოდებული "სოციალური სახლი", რომელშიც, სოციალურად დაუცველ დევნილებთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობაც შესახლდება.

პროექტის თანახმად, საცხოვრებელი ფართი სოციალურ სახლებში განაწილდება შეფარდებით 60 პროცენტი 40 პროცენტთან. სამოცი პროცენტი იძულებით გადაადგილებულ პირებს დაეთმობათ, ხოლო 40 პროცენტი - სოციალურად დაუცველ ადგილობრივ მოსახლეობას. ამასთან, პრიორიტეტი ყველაზე გაჭირვებულ ოჯახებს მიენიჭებათ.

კობა სუბელიანი
„სახლები აშენდება ინვალიდებისთვის, დავრდომილი ადამიანებისა და ისეთი ადამიანებისთვის, ვისაც მარჩენალი არ ჰყავს, უნარშეზღუდულია და გადაადგილება არ შეუძლია, რათა იმუშაოს და საკვები მოიპოვოს. ერთი მსგავსი პროექტი საქართველოში უკვე განხორციელდა. იქ ცხოვრობენ დევნილი და ასევე არადევნილი მიუსაფარი ადამიანები. იმ პროექტის წარმატების გამო დაფინანსდა უკვე მეორე პროექტიც.“

გვითხრა მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა. მისივე განმარტებით, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მონაწილეობით, ზუსტდება სოციალური სახლების ბინადრობისათვის აუცილებელი კრიტერიუმები. შვეიცარიის ელჩი საქართველოში ლორენცო ამბერი ამბობს, რომ სააგენტო თბილისის მუნიციპალიტეტთან უკვე მუშაობს იმ სოციალურად დაუცველი ადამიანების შერჩევაზე, რომელთაც განსაკუთრებით ესაჭიროებათ დახმარება. „ჩვენ ვცდილობთ, რომ შერჩევა სამართლიანი იყოს და დავაკმაყოფილოთ სწორედ ის ადამიანები, ვისაც გადაუდებლად ესაჭიროება სოციალურ სახლში განთავსება“, - დასძენს შვეიცარიის ელჩი.

სოციალური საცხოვრისის პროექტი სოციალური სახლების მცხოვრებლებისთვის საგანგებოდ ითვალისწინებს სოციალური მუშაკების მომზადებასაც იმისათვის, რომ საჭირო დახმარება გაუწიონ სახლის ბინადრებს. ამ საქმეში, ადგილობრივი თვითმმართველობების გარდა, ჩართულია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. თუმცა სამინისტროს მონაწილეობა პროექტში, მინისტრ ალექსანდრე კვიტაშვილის განმარტებით, მხოლოდ ამით არ ამოიწურება. სამინისტრო შვეიცარიის მხარეს სოციალურად დაუცველთა სიას უმზადებს. სიაში ის ადამიანები მოხვდებიან, რომელთაც უმწეოთა რეიტინგში დაბალი ქულები, სხვა კომპონენტებთან ერთად, საცხოვრებელი პირობების გამოც აქვთ.

„ჩვენ მათ ამ სიას ვაძლევთ და მერე უკვე თვითონ აკეთებენ სელექციას“, - დასძენს ალექსანდრე კვიტაშვილი.

პროექტს „სოციალური საცხოვრისი კეთილმოწყობილ გარემოში“ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი სამ-ნახევარი მილიონი ლარით აფინანსებს, ხოლო იტალიის განვითარების თანამშრომლობის მიერ მხოლოდ თბილისის კომპონენტისათვის 620 000 ლარია გათვალისწინებული.

„ჩვენ ვეხმარებით არა მარტო იძულებით ადგილნაცვალ პირებს, არამედ ასევე უმწეო, მარგინალურ ადამიანებს. მოხარულნი ვართ, რომ ვმონაწილეობთ ამ პროექტში.“

საქართველოში იტალიის ელჩი ვიტორიო სანდალი აღნიშნავს იმასაც, რომ, სოციალური შეჭირვების გამო მარგინალიზებული ადამიანებისთვის კეთილმოწყობილი გარემო პირობების შექმნასთან ერთად, საჭიროა საზოგადოებასთან სრულფასოვან ინტეგრირებაში ხელშეწყობაც. პროექტი ამ მიმართულებით სოციალური სახლების ბინადართა სამეზობლო თემებთან ინტეგრაციისათვის ბენეფიციარების მომზადებასაც გეგმავს.
XS
SM
MD
LG