Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკანონმდებლო ცვლილებები დავის საგანი ხდება


საქართველოს პარლამენტი განაგრძობს მუშაობას ცვლილებებზე, რომლებიც სამ მოქმედ კანონს უკავშირდება. ესენია: კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ, პოლიციის შესახებ კანონი და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი. საკომიტეტო მოსმენების დაწყებამდე, ცვლილებათა პროექტებმა უკვე მიიპყრო ოპონენტების საგანგებო ყურადღება. მათ მიაჩიათ, რომ, პროექტების დაკანონების შემთხვევაში, შესაძლოა საქართველოში საპროტესტო აქციები ვეღარ გაიმართოს. განსაკუთრებული კამათის საგნად იქცა ცვლილებები, რომლებიც ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის გახანგრძლივებასა და პოლიციის მიერ არალეტალური ტყვიების გამოყენებას უკავშირდება. ოპონენტები არ იზიარებენ ხელისუფლების განმარტებას, რომ ცვლილებები მოქალაქეთა ინტერესების დაცვის სურვილით არის ნაკარნახევი. რა კონკრეტული პრეტენზიები უკავშირდება მოსალოდნელ ცვლილებებს?

პოლიციის შესახებ კანონში გათვალისწინებული ცვლილების მიხედვით, სამართალდამცველებს არალეტალური, ანუ არასასიკვდილო, იარაღის გამოყენების უფლება უნდა დაუკანონდეთ. თავისთავად ამ ინიციატივაში უკანონო არაფერია და სახელმწიფოს გადასაწყვეტია დაუშვებს თუ არა მსგავს იარაღს სამართალდამცველების არსენალში, მაგრამ ეს ინიციატივა წარმოშობს ეჭვს, რომ აქამდე სამართალდამცველებს ამგვარი იარაღის გამოყენების უფლება არ ჰქონდათ. ეჭვზე ყურადღებას სახალხო დამცველი სოზარ სუბარიც ამახვილებს:

სოზარ სუბარი
”თვითონ ის, რომ ეს ახლა იდება კანონში, ავტომატურად ნიშნავს იმის აღიარებას, რომ დღემდე, როცა გამოყენება ხდებოდა რეზინის ტყვიების ან პლასტიკური ტყვიების, ეს იყო სრულიად უკანონო... და მეორე, განმარტება, თუ როდის შეიძლება ამ იარაღის გამოყენება, არის ძალიან ფართო. მით უმეტეს, რომ ჩვენთან როგორც იყენებენ, ძალიან კარგად გვახსოვს 2007 წლის 7 ნოემბრიდანაც და 2009 წლის 6 მაისიდანაც და, მით უმეტეს, დღეიდან, ვფიქრობ, უფრო ფართო გახდება ამ იარაღის გამოყენება.”

სახალხო დამცველი აუცილებლად თვლის, რომ დასავლეთის ქვეყნების მსგავსად, საქართველოშიც მკაფიოდ და მკაცრად განისაზღვროს, თუ რა შემხვევებში ექნებათ სამართალდამცველებს არალეტალური იარაღის გამოყენების უფლება. რაც შეეხება ეჭვს, რომ ამგვარი იარაღის გამოყენებას დღეს მოქმედი კანონმდებლობა კრძალავს და, შესაბამისად, მაგალითად, 6 მაისს სამართალდამცველებმა კანონი დაარღვიეს, ხელისუფლება ამგვარ მიდგომას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის განმარტებით, პოლიციელებს უკანონო ქმედება არ ჩაუდენიათ, რადგანაც კანონმდებლობა კრძალავს მხოლოდ საერთაშორისო ნორმებით აკრძალული იმ სპეციალური საშუალებების გამოყენებას, რომლებშიც არ შედის არალეტალური ტყვიები. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ საკანონმდებლო ცვლილების ინიცირება საჭირო გახდა იმისათვის, რომ საკითხი დაზუსტდეს და უკეთ გასაგები გახდეს.

”თუკი ისედაც დაშვებული იყო, მაშინ რა საჭიროა უფრო გამყარება და ახალი ჩანაწერის გაჩენა კანონში?” - შეკითხვას სვამს ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი, რომლის პრეტენზიები ასევე უკავშირდება შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს. მაგალითად, მას დემოკრატიის შეზღუდვად მიაჩნია ის ფაქტი, რომ, ცვლილებების დაკანონების შემთხვევაში, მე-11 მუხლის შესაბამისად, აიკრძალება ქუჩის გადაკეტვა ხელოვნური ბარიერებით ან კონსტრუქციებით: ”ანუ, ეს ნიშნავს იმას, რომ ვერავითარი საკნები და ვერავითარი კარვები ვარ დაიდგმება ვერსად. და თუ დაიდგმება, ეს გამოიწვევს უზარმაზარ სანქციებს.”

კარვებთან თუ სხვა სახის კონსტრუქციებთან ერთად, ქუჩის განზრახ გადაკეტვა დაუშვებელი იქნება მომიტინგეთა მიერაც, როცა მათი რაოდენობის მიხედვით ეს აუცილებელი არ იქნება. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აქციის მონაწილეთა რაოდენობა მუდმივად სადავო საკითხია და ზუსტი რეგულირება ამ მხრივ პრაქტიკულად შეუძლებელია, სახალხო დამცველი ხედავს საფრთხეს, რომ ხელისუფლებას კანონის სათავისოდ წაკითხვის საშუალება მიეცემა.

მწვავე შენიშვნები უკავშირდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებსაც - მაგალითად, იმას, რომ, ადმინისტრაციული წესით, პატიმრობის ვადა 30 დღიდან 3 თვემდე უნდა გაიზარდოს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი ამ ცვლილებას მიიჩნევს ნაბიჯად, რომელიც დემოკრატიულ განვითარებას ეწინააღმდეგება:

თამარ ხიდაშელი
”ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ექსპერტები ხელისუფლებას მიუთითებენ, რომ პატიმრობა გამოყენებული უნდა იყოს როგორც უკიდურესი ღონისძიება. მაშინ, როდესაც ქვეყანას აქვს პრეტენზია, რომ ის დემოკრატიული განვითარების გზით მიდის და, ამავე დროს, გვთავაზობს, ცვლილების სახით, 30-დღიანი პატიმრობის 3 თვემდე გაზრდას, მაშინ როცა ადმინისტრაციულ პატიმრობასთან დაკავშირებით ჩვენ არ გვაქვს ის გარანტიები, რაც უნდა არსებობდეს, ვფიქრობ, ეს არის ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს პარლამენტი მხარს არ დაუჭერს ამ სახის კანონპროექტს და არ აქცევს მას კანონად.”

საქართველოს პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის დამტკიცებას, წინასწარი ინფორმაციით, შემოდგომისთვის გეგმავს. მანამდე კი, საკანონმდებლო ორგანოში უფლებათა დამცველების კონკრეტული შენიშვნები გაიგზავნება. რეკომენდაციათა გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, ცვლილებების დაკანონების შემდეგ, სასამართლო პროცესებს უნდა ველოდეთ.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG