Accessibility links

logo-print
21 ივნისი, კვირა
კვირაა, თუმცა, როგორც სხვა დღეებში, დღესაც ადრე მიწევს სამსახურში გასვლა. ოჯახში ჩემს სამუშაო გრაფიკს კარგა ხანია მიეჩვივნენ და აღარ აპროტესტებენ. პირიქით, ჩემი სამსახურის ცხოვრებაში მთელი ოჯახია ჩართული.
ბავშვები მელოდებიან, რა მნიშვნელობა აქვს რა დღეა... სწავლა დამთავრდა და ახლა მხოლოდ ისინი არიან დარჩენილები, ვინც სხვადასხვა მიზეზით ოჯახში წასვლას ვერ ახერხებს. ყოველ ზაფხულს ასეა...
ლუკა, ემილი, მარიამი, გიორგი და კიდევ 30-მდე სხვა ბავშვი საზაფხულო არდადეგებსაც იქ ატარებენ, სადაც მთელ დანარჩენ წელს.
ეზოში შევდვივარ. ლუკა, რა თქმა უნდა, პირველი გამორბის, უკან მთელი ჯგუფი მოსდევს. ყველას უნდა მოეფერო, მოუსმინო, დაელაპარაკო. ზოგს რა პრობლემა აქვს, ზოგს - რა. თუმცა ყველას მაინც ერთი მიზეზი აერთიანებს.
შენობაში დიდი აურზაურია. დღეს ბავშვების საზაფხულო საცხოვრებელი უნდა მოეწყოს და საძინებელ ოთახებში გადანაცვლებებია. პატარები ეზოში არიან, უფროსები, რა თქმა უნდა, აქტიურად მონაწილეობენ. თავის კუთხეს ყველა თვითონ აწყობს. ყველა ცდილობს, თავის საძინებელში შემიყვანოს, დამათვალიერებინოს. ვცდილობ უყურადღებოდ არც ერთი არ დამრჩეს. ლელა გვერდიდან არ მშორდება, ხელში ჩვარი უჭირავს და მტვერს წმენდს, თან მე მიყურებს. გავხედე და შევაქე. უცბად მომიბრუნდა და მეუბნება: “იცი, მე სოფელში მივდივარ ამ ზაფხულს და შენ რა გეშველება უჩემოდ სექტემბრამდე?!” ასეთი გულწრფელები არიან ყველანი და სხვებისგანაც ყოველთვის ამასვე ითხოვენ.
საძინებლების და სათამაშო ოთახების მოწყობა მთელ დღეს გაგრძელდა. დავიღალეთ, მაგრამ, რაც მთავარია, ბავშვები თავისი ოთახებით კმაყოფილები ჩანდნენ.
დღის ბოლოს შაკო მოვიდა მეგობრებთან ერთად. წლებია, ისინი ბავშვების ძალიან ხშირი და ყველაზე საყვარელი სტუმრები არიან. მათი სტუმრობის ყველა დღე განსაკუთრებულად ბედნიერი და მხიარულია პანსიონისთვის. დღესაც ძალიან ბევრი ითამაშეს და თვითონაც მშვენივრად გაერთნენ, ბავშვებთან ერთად.

22 ივნისი, ორშაბათი
სამსახურში ადრე მივედი. ბავშვები საუზმობდნენ. სასადილოში შევედი, დღის მენიუ მოვიკითხე, აღმზრდელებს გამოველაპარაკე და მალევე გამოვბრუნდი. დღეს მასწავლებლებს ვხვდები, განვლილი სასწავლო წლის შემაჯამებელი შეხვედრისთვის საკითხები უნდა მოვამზადოთ.
10 საათისთვის შევიკრიბეთ. საგნობრივი კათედრების ხელმძღვანელებმა და მასწავლებლებმა წლის განმავლობაში მათ მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშებიდან გამომდინარე, პრობლემური საკითხები წარმოადგინეს. სასწავლო წლის დასაწყისში ყველა მასწავლებელმა, ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით, შეიმუშავა მოდიფიცირებული სასწავლო გეგმები, საგანმანათლებლო პროგრამა და საგნობრივი სტანდარტები. სკოლის ყველა მოსწავლე განსაკუთრებულია, თავისი მრავალფეროვნებით, ინდივიდუალური თავისებურებებითა და საგანმანათლებლო საჭიროებებით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შედეგის მისაღწევად თითოეულს განსხვავებული და მასზე მორგებული სასწავლო პროგრამა სჭირდება. შედეგი კი იმ აუცილებელი ცოდნისა და უნარების შეძენაა, რაც მათ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის დასჭირდებათ. ცხადია, მხოლოდ ამ ბავშვებთან მუშაობა არ არის საკმარისი. პირველ რიგში საზოგადოებამ უნდა აღიქვას თითოეული მათგანი სრულყოფილ და თანასწორ პიროვნებად. წინააღმდეგ შემთხევაში მათი სრული ინტეგრაცია საზოგადოებაში შეუძლებელი იქნება.
შეხვედრაზე ბევრი პრობლემური და საკამათო საკითხი დაისვა, რომელთა გადაწყვეტა მომავალი სასწავლო წლის დაწყებამდე მოგვიწევს. საბოლოო ჯამში ძალიან დატვირთული შეხვედრა გამოვიდა. შეხვედრიდან ქანცგაწყვეტილები გამოვედით.
ჩემს ოთახში შევედი და დღიურს ერთი მძიმე დღეც მივამატე. სანამ შეხვედრის ამბები ქაღალდზე გადამქონდა, ეზოში ბავშვები საკუთარი შემოქმედებით ირთობდნენ თავს. ისინი ყოველთვის ახერხებენ გასართობის მოძებნას. დარწმუნებული ვარ, ამ ზაფხულს ბევრი ასეთი საღამო გველის.

23 ივნისი, სამშაბათი
დილას სამსახურში ადრიანად მივედი. დღის მეორე ნახევარში სპეციალური სკოლა-პანსიონების ხელმძღვანელების შეხვედრა იყო დაგეგმილი. ამიტომ, გარკვეული საკითხების მოგვარება დილის საათებშივე უნდა მომესწრო.
საშინელი კვირაა, წლის ბოლოს სულ ასეთი ამბავია: სულ შეხვედრები და სულ ქაღალდები. ახლაც სასწრაფოდ მაქვს გასამზადებელი პანსიონის საქმიანობის ექვსი თვის ანგარიში. კიდევ კარგი, ნათია მაინც მომეხმარება! ერთი სული მაქვს, როდის დამთავრდება სასწავლო წელი, დღეებს ვითვლი...
გუშინ ლაშამ დამირეკა. მთხოვა, იქნებ გოშამ რამდენიმე წინადადებით დაწეროს სპეციალურ ოლიმპიადაში მისი მონაწილეობის შესახებო. გოშა "სპეციალური" ათლეტია და სკოლის ფეხბურთის გუნდში თამაშობს. წლებია, საქართველოს სპეციალური ოლიმპიური კომიტეტი რეგულარულად ატარებს ფეხბურთის კვირეულებს და გოშა ყველა ტურნირის მონაწილეა. ანგარიშის გარდა, ახლა ეს პრობლემაც გამიხდა მოსაგვარებელი.
გოშამ სასტიკი უარი განმიცხადა წერილის დაწერაზე, უხასიათოდ ვარ და წერა არ შემიძლიაო. თუ გოშა უხასიათოდაა, მისი გადარწმუნება თითქმის შეუძლებელია. მივხვდი, საუბარს აზრი არ ჰქონდა, უკვე შეხვედრაზეც მაგვიანდებოდა. ეზოდან გამოვდიოდი, გოშა რომ წამომეწია. ეტყობოდა, აზრი შეეცვალა. თუ კითხვებს დამისვამთ, გიპასუხებთ და დაწერით თქვენ თვითონ დაწერეთო, მითხრა. ოთახში შემოვბრუნდი და 10 წუთში ლაშასთვის გადასაცემი წერილი მზად იყო.
ასეთი თავისებურებები ჩემთვის უცხო აღარაა. აქ ყველა ბავშვს აქვს ამისი მიზეზი...
მომავალი პირველკლასელების მშობლებთან შეხვედრა მქონდა. მძიმე შეხვედრა იყო. მშობლები პირდაპირ მეუბნებოდნენ, ბავშვს თქვენთან არ მოვიყვანთ, თუ მძიმე ბავშვებთან ერთად დასვამთ კლასშიო. ეს პრობლება ყოველ წელს დგება. ჩვენი დაწესებულების მიზანი კი სწორედ ის არის, რომ მძიმე და შედარებით მსუბუქი ბავშვები გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ, ერთმანეთის ესმოდეთ და ჩვეულებრივ ცხოვრებას ეწეოდნენ. ასე თუ არ მოხდა, ამ მძიმე ბავშვებსაც უფრო მეტად გაუჭირდებათ განვითრება და არც შედარებით მსუბუქი ბავშვებისთვის იქნება ეს უკეთესი.
ერთი გოგონა გვყავდა, თამუნა, რომელსაც დამოუკიდებლად თითქმის არაფრის კეთება არ შეეძლო. არც ჩაცმა და არც ფეხსაცმლის თასმების შეკვრა. თავიდან მართლა გაჭირდა... მაგრამ მერე ყოველთვის ცრემლი მერეოდა იმის შემხედვარეს, როგორ აცმევდნენ ტანსაცმელს მეგობრები, როგორ უკრავდნენ თასმებს და ლამის ხელში აყვანილი ჩაჰყავდათ ეზოში. თამუნა ხომ უბედნიერესი იყო ამ თანაგრძნობისა და მეგობრობის შემყურე, მაგრამ მე პირადად მეჩვენებოდა, რომ ეს ბავშვები უფრო ბედნიერები იყვნენ იმით, რომ სხვისი დახმარება და გათბობა შეძლეს.

24 ივნისი, ოთხშაბათი
სამსახურში მისულს, მაგიდაზე წერილი დამხვდა სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილებიდან. რამდენიმე დღის წინ მივმართეთ შოთიკოს ოჯახის შესწავლის თხოვნით და, როგორც ჩანს, პასუხი მოვიდა. შოთიკო ჩვენი სკოლის ერთ-ერთი კურსდამთავრებულია, რომელიც ახლაც ჩვენთან ცხოვრობს.
ხანდახან ხდება, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ ბავშვების გარკვეული რაოდენობა ვერ ტოვებს დაწესებულებას. ოჯახის არყოლა ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც კურსდამთავრებულებს უწევთ, სკოლის დამთავრების შემდეგაც პანსიონში გააგრძელონ ცხოვრება. თუმცა, არის შემთხვევები, როცა კურსდამთავრებულის ოჯახის მდგომარეობა არ იძლევა ბავშვის ოჯახში გაშვების შესაძლებლობას. ასე იყო შოთიკოს შემთხვევაშიც. ერთი წლის განმავლობაში არ მოხერხდა ოჯახში მისი დაბრუნება.
ახლა სოციალური აგენტის დასკვნას ველოდებოდით იმის დასადგენად, რამდენად იყო მზად შოთიკოს ოჯახი ბავშვის მისაღებად. დღეს დასკვნა მივიღეთ. რამდენიმე დღეში შოთიკოს მის სოფელში ჩავიყვანთ. სკოლის დამთავრების მომენტიდან ყოველდღე ელოდებოდა შინ დაბრუნებას. ძალიან რთულია იმის ახსნა, რას ნიშნავს ოჯახი ამ ბავშვებისთვის და რას გრძნობენ, როცა შინ ბრუნდებიან.
სამწუხაროდ, შოთიკოს გარდა პანსიონში ხუთი კურსდამთავრებული ცხოვრობს. შოთიკოსგან განსხვავებით, მათ წასასვლელი არსად აქვთ. შოთიკოს მაინც გაუმართლა! რამდენიმე წუთში მისი ამბავი მთელმა პანსიონმა იცოდა.
უმძიმესია ჩვენი კურსდამთავრებულების მომავალი ბედის ამბავი. სერგომ და იურამ, მაგალითად, 20 წელია, რაც სკოლა დაამთავრეს და მას შემდეგ პანსიონში ცხოვრობენ. 38 წლისანი არიან. წასასვლელი არა აქვთ, არც სახლი აქვთ და არც კარი, საქართველოში არც მშობლები ჰყავთ და არც ახლობლები. გასაგებია, რომ საცხოვრებელს ვერავინ მისცემს, მაგრამ ათასი რამის გაკეთება შეუძლიათ, სრულიად შრომისუნარებიანი არიან და ძალიან მონდომებულებიც. მათი დასაქმება სავსებით შესაძლებელია, მაგრამ ისინი არავის სჭირდება. არ ვიცი, როგორი იქნება მათი ბედი: ნუთუ მთელი ცხოვრება პანსიონში უნდა გაატარონ?
დღის ბოლოს, ლოგოპედური ბაღის გამგემ დამირეკა. როგორც მისგან გავიგე, რამდენიმე მშობელმა გადაწყვიტა, ბაღის დამთავრების შემდეგ, ბავშვების ჩვენს სკოლაში მოყვანა. შევთანხმდით, რომ ხვალ ბაღის გამოსამშვიდობებელ ზეიმს დავესწრები და მშობლებსაც იქ შევხდები.

25 ივნისი, ხუთშაბათი
დილის 10 საათიდან ტრენინგს ვესწრებოდი. თემა სკოლის სისტემური განვითარებაა. 10-თვიანი ტრენინგია, დღეს ტრენინგის პირველი დღე იყო.
ტრენინგიდან ადრე გამოსვლა მომიწია. შეთანხმებისამებრ, ლოგოპედურ ბაღში წავედი. ინკლუზიური ჯგუფის ბავშვების გამოსამშვიდობებელ კონცერტს უნდა დავსწრებოდი. როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან ლამაზი ღონისძიება გამოვიდა. კონცერტის შემდეგ დაინტერესებულ მშობლებს გავაცანი სკოლა-პანსიონის სასწავლო და საცხოვრებელი პირობები, დავურიგე საინფორმაციო ბუკლეტები და მოვიწვიე სკოლის დასათვალიერებლად. შეხვედრის შემდეგ, ისევ სამსახურში დავბრუნდი, პანსიონის ანგარიში უნდა გამეკეთებინა.
დღის ბოლოს ლევანმა და სოფომ გამომიარეს. ჩემი და მათი დატვირთული რეჟიმის გამო, იშვიათად ვახერხებთ ერთად სადმე გასვლას. დღეს კი, როგორც იქნა, თავი მოვაბით - ჩემს ძმასთან გავიარეთ და პატარა დათუჩა და საბა მოვინახულეთ. საბამ დიდი მონდომებით მოყვა ყველა ზღაპარი, რაც იცოდა; დათუჩას კიდევ ღუღუნი უსწავლია და მეზურნესავით გაბერილი ლოყებით დამხვდა. სულ კარგ გუნებაზეა. მძიმე დღის შემდეგ ნამდვილი ანტიდეპრესანტია! საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ ამის შემდეგ ვეცდები, მეტი დრო გამოვძებნო ახლობლებისა და მეგობრებისთვის.

26 ივნისი, პარასკევი
სოფომ გამაღვიძა. შეუძლოდ გრძნობდა თავს, მარტო ვერ დავტოვებდი, ამიტომ დილას სახლში დავრჩი. ბოლო პერიოდში ეს ჩემი ოჯახისთვის ძალიან იშვიათი გამონაკლისია.
როგორც კი შევძელი, სამსახურში გავვარდი. მაგიდა, რა თქმა უნდა, სავსე დამხვდა ქაღალდებით. ყოველი სასწავლო წლის ბოლოს ასე ერთად იყრის ხოლმე თავს სამუშაო. დღეს ანგარიში უნდა დავასრულო. ყველა თანამშრომელი თავისი მთელი წლის მუშაობის შეფასების მოლოდინშია. დაძაბული ვარ, იმიტომ რომ არავინ და არაფერი არ უნდა გამომრჩეს - არც გაკეთებული და არც გასაკეთებელი. ერთი შეხედვით, შესაძლოა, ძალიან რუტინული და მოსაბეზრებელი საქმეა, თუმცა ამ ყველაფრის გვერდით ყოველდღიური ურთიერთობებია უამრავ განსხვავებულ და საინტერესო ბავშვთან. ამიტომ ყველანი ვთვლით, რომ ჩვენი საქმიანობა ძალიან ცოცხალი და მრავალფეროვანია. რაც მთავარია, აქ არავის ეპარება ეჭვი თავისი ყოველდღიური საქმიანობის საჭიროებაში. თუმცა, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც იმ საქმის სიყვარულია, რასაც ვაკეთებ.

27 ივნისი, შაბათი
დილით, სკოლის ეზოში რომ შევედი, გოჩა დავინახე. ორი დღის წინ შენიშვნა მივეცი, ჭუჭყიანი შარვლით რატომ დადიხარ-მეთქი. დღეს ვხედავ, გამოწკეპილა გაკრიალებულ ჯინსებში. დამინახა თუ არა, გამოქანდა - მარინა მას, აი ნახეთ, რა სუფთა ვარ, ეხლა შემიძლია ჩაგეხუტოთო.
ჩვენი ბავშვები განსაკუთრებულად თბილები არიან. თითქოს ამ სითბოთი და სიყვარულის უნარით ხდება ბევრი სხვა რამის კომპენსაცია. დღეში ხუთჯერ რომ შეგხვდნენ დერეფანში, ხუთჯერ უთბილესად გაგიღიმებენ და მეხუთედ გეტყვიან – "გამარჯობა მარინა მას!"
დღეს სამსახურში სტუმრებს ველოდები. “მარიოტი” პანსიონის მეგობარია და ბავშვებთან ინტენსიური ურთიერთობა აქვს. ძალიან ხშირად თვითონ სტუმრობენ პანსიონს, ბავშვებიც ხშირად არიან “მარიოტის” სტუმრები. დღესაც ერთ-ერთი მორიგი ვიზიტია. ბავშვები განსაკუთრებულად ელოდნენ ამ დღეს.
როგორც ყოველთვის, სტუმრები დღესაც საჩუქრებით დატვირთულები მოვიდნენ. პატარები გაოცებულები უყურებდნენ უზარმაზარ ტორტს, ორ კაცს ძლივს რომ მოჰქონდა. პანსიონმა კიდევ ერთი საჩუქარი მიიღო “მარიოტისგან” - ეზოში ახალი საქანელების დამონტაჟება დაიწყო. სამწუხაროდ, ბავშვების გაყვანა ქალაქგარეთ წელსაც ვერ ხერხდება. ამიტომ, ეზოს მოწყობა მათთვის ორმაგად სასიხარულოა. ადგილზე მაინც ექნებათ მეტი გასართობი. საბედნიეროდ, ამ ბავშვების გვერდით ყოველთვის არიან ყურადღებიანი ადამიანები. ამ ზაფხულსაც ნამდვილად გვაქვს პანსიონის მეგობრების იმედი.
ეს დღიურის ბოლო გვერდია. ძალიან ვღელავ. არ ვიცი, რამდენად საინტერესო გამოვიდა და რამდენად გავართვი თავი...
XS
SM
MD
LG