Accessibility links

ოპოზიცია კარვების შენარჩუნებას ივლისის ბოლომდე შეეცდება


ზაფხული არასაპარლამენტო ოპოზიციისათვის დროებითი პოლიტიკური ტაიმ აუტის დროა. საკნები თბილისში მხოლოდ რუსთაველის გამზირზე რჩება, როგორც თავად ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, ივლისის მეორე ნახევრამდე. რა იქნება შემდეგ, ამას საზოგადოება 9 აპრილის ორგანიზატორი პოლიტიკური პარტიებისგან თანდათან შეიტყობს. გრძელვადიან გეგმაზე საუბარს ოპოზიცია დღეს არ აპირებს, თუმცა აცხადებს, რომ შემოდგომა დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში ნამდვილი პიკი იქნება.

დღეს კი აქციების მუხტი მისუსტებულია. რუსთაველი რამდენიმე საათით გამოაცოცხლა პირველ ივლისს გამართულმა ტაქსისტების აქციამ, რომლებიც ქალაქის მთავარი გამზირის საკნებისგან გათავისუფლებას ითხოვდნენ, თუმცა ოპოზიციამ მაშინვე გააკეთა განცხადებები, რომ ეს ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილი პროვოკაცია იყო. რამდენ ხანს იქნება რუსთაველის საკნებიანი მონაკვეთი ჩაკეტილი და, საერთოდ, როგორია ოპოზიციის უახლოესი გეგმა? კონსერვატორების ლიდერი ზვიად ძიძიგური ფიქრობს, რომ პროტესტის კერის შენარჩუნებას რუსთაველის გამზირზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. რაც შეეხება საკნებს, მათ თავისი როლი პერმანენტული აქციების შესანარჩუნებლად უკვე შეასრულეს. საპროტესტო კერის შენარჩუნება ზაფხულის ცხელი პერიოდის მთავარი ამოცანაა. ჩვენ გვაქვს რამდენიმე დიდი ღონისძიება დაგეგმილი, თუმცა არ ვაპირებთ ხალხმრავალი აქციების გაგრძელებას მაშინ, როცა ქალაქი იცლება. შემოდგომიდან კი ეს აქციები უკვე ახალი ძალით გაგრძელდება.”

ზვიად ძიძიგური: საპროტესტო მუხტი ერთდღიანი არ ყოფილა
ოპოზიცია ახლა აქციების რეფორმირების ამოცანის წინაშე დგას. პოლიტიკური ლიდერები აცხადებენ, რომ სტრატეგია და მიზანი ერთი რჩება, მაგრამ ფორმები დროდადრო უნდა შეიცვალოს. საკნების ორთვიანმა აქციამ, ძიძიგურის შეფასებით, მთელ ქვეყანას დაანახვა, რომ საპროტესტო მუხტი ერთდღიანი არ ყოფილა: ”ეს ის მუხტია, რომელიც არ არის ერთდღიანი და დროშია განფენილი და ვიდრე ეს ხელისუფლება იქნება ქვეყანაში, ჩვენი აქციებიც უნდა გაგრძელდეს. ჩვენი თანამოაზრეების შეხედულებაც ასეთივეა.”

ივლისის მეორე ნახევარში თავისუფლების მოედანი ხალხით ისევ გაივსება, - აცხადებს სამომავლო გეგმებზე საუბრისას ”მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერი ეკა ბესელია. ოპოზიცია რეგიონებში გასვლასაც გეგმავს და ერთ-ერთი მიმართულება, სავარაუდოდ, რაჭა იქნება, სადაც 11 ივნისს აფეთქებული ხიდის რეაბილიტაცია თითქმის დასრულდა. ეკა ბესელია ამბობს, რომ ოპოზიცია არჩევს ყოველ კვირაში გამოაცხადოს საკუთარი გეგმები, რომ ხელისუფლებას კონტრღონისძიებების დრო არ დარჩეს. თუმცა ბესელია არ უარყოფს, რომ შემოდგომა პოლიტიკურად მეტად აქტიური იქნება. ოპოზიცია ბრძოლას სხვა მიმართულებითაც იწყებს: ”ახლა ჩვენ ფოკუსირებას ვახდენთ იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელსაც ხელისუფლება ამზადებს და, სავარაუდოდ, პარლამენტს მიაღებინებს კიდეც და რომლითაც არათუ საკნების დადგმა იქნება აკრძალული, არამედ პროტესტის გამომხატველი ყველა ამდაგვარი საშუალების გამოყენება.”

ლევან გაჩეჩილაძის თქმით, ორი ფართომასშტაბიანი აქცია ზაფხულში აუცილებლად გაიმართება
ოპოზიციის კიდევ ერთი ლიდერი, ლევან გაჩეჩილაძე, ამბობს, რომ ორი ფართომასშტაბიანი აქცია ზაფხულში აუცილებლად გაიმართება: ”პირველი - ჯო ბაიდენის ჩამოსვლასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ იქნება საპროტესტო აქცია, არამედ იმის დემონსტრირება, რომ ჩვენ ვართ ერთგულნი დასავლური ღირებულებებისა, და მეორე - 7 აგვისტოს, რომლის მთავარი გზავნილი იქნება: “STOP RUSSIA, STOP MISHA“.

ლევან გაჩეჩილაძე ამბობს, რომ საინფორმაციო მიტინგზე 2-3 ადამიანი ისევ დადის, რაც, მისი შეფასებით, ცოტა არ არის.
ოპოზიცია ფინანსური რესურსების ნაკლებობასაც უჩივის - შესაბამისად, მათი ყველა მომდევნო ნაბიჯის განხორციელება იმაზეა დამოკიდებული, მოახერხებენ თუ არა პოლიტიკური პარტიები ამ რესურსების მობილიზებას. ზვიად ძიძიგური ამბობს, რომ ხელისუფლებამ მათ ბოლო ორი თვეა სახელმწიფო დაფინანსებაც შეუწყვიტა, რაც, კონსერვატორების ლიდერის შეფასებით, მარტივ გათვლებს ეფუძნება, რომ ფინანსების გარეშე ოპოზიცია ვერ იმოქმედებს.

ლევან გაჩეჩილაძეც ადასტურებს ინფორმაციას, რომ ოპოზიციას სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს და ამას შემდეგი მიზეზებით ხსნის: ”მართლაც, სერიოზული პრობლემები გვაქვს ამ კუთხით, რადგან პრაქტიკულად ქართული ბიზნესი არის დატერორებული ოპოზიციის დახმარების გამო. ის საამქრო, სადაც საკნები დავამზადეთ, საერთოდ დახურეს, ადამიანებს მანქანებს და მართვის მოწმობებს ართმევენ, ციხეში სვამენ და ა.შ. თუმცა რას ვიზამთ, ეს არის ბრძოლა ავტოკრატიულ რეჟიმთან.”

ოპოზიცია ასევე აცხადებს, რომ ხელისუფლებისგან სხვადასხვა სახის პროვოკაციას უახლოეს ხანებშიც ელიან. ამის გამო კარვებში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მორიგეობაა დაწესებული.
XS
SM
MD
LG