Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოქცეული რუსი ჯარისკაცის საბოლოო სტატუსი ოთხ თვეში გაირკვევა


დიმიტრი არტემიევი
დიმიტრი არტემიევი
პერევში განლაგებული რუსული სამხედრო ნაწილიდან გამოქცეულ ჯარისკაცს,დმიტრი არტემიევს, ქართულმა მხარემ უკვე მიანიჭა თავშესაფრის მაძიებლის სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ, საერთაშორისო კანონმდებლობით, საქართველოს უფლება არა აქვს გადასცეს ის რუსულ მხარეს, სანამ მას ეს სტატუსი არ დაუდგინდება. რუსეთმა საქართველოს ხელისუფლებას არტემიევის გადაცემა უკვე მოსთხოვა. არტემიევი, ალექსანდრ გლუხოვის შემდეგ, უკვე მეორე გაქცეული რუსი ჯარისკაცია, რომელმაც საქართველოს თავშესაფარი სთხოვა.

რუსული სამხედრო ნაწილის დატოვების შემდეგ, რიგითმა დმიტრი არტემიევმა გაქცევის იგივე მიზეზები დაასახელა, რაც გასული წლის დეკემბერში მისმა წინამორბედმა ალექსანდრ გლუხოვმა - ე.წ. ”დედოვშჩინა”, ჯარში გაუსაძლისი პირობები, ცემა, შეურაცხყოფა - და საქართველოს ხელისუფლებას თავშესაფარი სთხოვა. რუსულმა მხარემ სოფელ პერევიდან ჯარისკაცის გაქცევის ფაქტი მალევე დაადასტურა და რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ქართული მხარისგან გაქცეული ჯარისკაცის სამხედრო ნაწილში დაბრუნება მოითხოვა, თუმცა, საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოს ამის უფლება არა აქვს. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მრჩეველი ვალერი კოპალეიშვილი, რომელიც თავადაც შეხვდა არტემიევს, იმ აუცილებელ პროცედურებს განგვიმარტავს, რასაც მსგავს შემთხვევაში ქვეყანა ახორციელებს: ”საქართველოს კანონმდებლობით, ადამიანს, რომელიც მას მიმართავს თავშესაფრის მოთხოვნით, მაძიებლის სტატუსი ენიჭება. ანუ ეს ადამიანი დაცულია საქართველოს კანონმდებლობით. ეს კანონმდებლობა კი, თავის მხრივ, შესაბამისობაშია 1951 წლის ჟენევის კონვენციასთან ადამიანის უფლებების შესახებ, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ხელისუფლებას უფლება არა აქვს გადასცეს ამ შემთხვევაში რუსეთის ფედერაციას ეს ადამიანი, სანამ მისი მდგომარეობა არ გაირკვევა - ანუ ის არის ლტოლვილი თუ არა.”

საქმის შესასწავლად საქართველოს ხელისუფლებას ოთხთვიანი ვადა აქვს. სწორედ ამ ხნის განმავლობაში უნდა მიანიჭოს არტემიევს ლტოლვილის სტატუსი ან უთხრას უარი. უარის შემთხვევაში, რუს ჯარისკავს სასამართლოში ჩივილი შეუძლია. სასამართლოს მიერ უარის თქმის შემთხვევაში კი მას უფლება აქვს უკვე საერთაშორისო სასამართლოს მიმართოს.

„ნაწილში ძალიან ცუდად მექცეოდნენ, მცემდნენ. პერევის სამხედრო ნაწილიდან გამოვიქეცი და სოფელში მოხუცებული კაცის ოჯახს შევაფარე თავი. შემდეგ მოვიდნენ დევნილთა საზოგადოებიდან და თბილისში გადმომიყვანეს. ვიცოდი, რომ ჯარიდან ერთი გამოქცეული საქართველოში ცხოვრობს და მინდა, მეც აქ ვიცხოვრო“, - განაცხადა არტემიევმა ქართველ ტელეჟურნალისტებთან საუბრისას.

2 ივლისს დმიტრი არტემიევი შვეიცარიის ელჩის მოადგილესაც შეხვდა. შეგახსენებთ, შვეიცარიას საქართველო- რუსეთს შორის შუამავალი ქვეყნის სტატუსი აქვს. ვალერი კოპალეიშვილის ინფორმაციით, არტემიევი ახლა ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, რომლის ქირის დაფარვაში ლტოლვილთა სამინისტროს გაეროს ლტოლვილთა კომისარიატი ეხმარება. ის ასევე იღებს გარკვეულ ფულად დახმარებას საკვების შესაძენად. სხვათა შორის, ანალოგიური დახმარება გადაეცემა ალექსანდრ გლუხოვსაც, რომელსაც ლტოლვილის სტატუსი უკვე მიენიჭა.

შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი ამბობს, რომ არაფერია ახალი იმაში, რომ რუსულ ჯარში არა მხოლოდ ბოლო პერიოდში, არამედ ბევრი წლის განმავლობაში გაუსაძლისი პირობებია შექმნილი და არც ისაა გასაკვირი, ამ პირობებს რომ ჯარისკაცი გაექცეს. ჩვენ მას ვკითხეთ, ექმნება თუ არა გარკვეული საფრთხე საქართველოს რუსი ჯარისკაცებისათვის თავშესაფრის მიცემით, თან მაშინ, როდესაც ისინი ქვეყნის ტერიტორიაზე ოკუპანტებად რჩებიან. უტიაშვილმა თქვა, რომ საქართველო კანონს ემორჩილება:” ადამიანი, რომელიც გთხოვს პოლიტიკურ თავშესაფარს, არა გაქვს უფლება დააბრუნო იმ ქვეყანაში, სადაც მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. სხვა გზა არ გაქვს, გარდა მიღებისა.”

მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი. მისი თქმით, არტემიევის ნაწილიდან გაქცევის შემდეგ რუსული ტანკი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდა, სადაც გაქცეულ ჯარისკაცს ეძებდნენ. რუსული ტანკის გამოჩენას ადგილობრივ მოსახლეობაში პანიკა მოჰყვა. შანსი იმისა, რომ ამ ინციდენტს მორიგი დაპირისპირება მოჰყოლოდა, სესიაშვილის შეფასებით, საკმაოდ დიდი იყო: ”ეს არის სერიოზული სახიფათო თამაში, რაც შეიძლება ამ ეტაპზე ბუნებრივად წარმოქმნილია, მაგრამ მომავალში რუსებმა ეს გამოიყენონ პროვოკაციად. შეიძლება ხელოვნურად შემოგზავნონ ჯარისკაცი, თითქოს ის კვლავაც გაექცა რუსულ ჯარში არსებულ ცუდ პირობებს, ამას მოჰყვეს სპეცოპერაცია რუსეთის მხრიდან და მოჰყვეს დაპირისპირება და შემდეგ ვინ პირველი გაისვრის, კაცმა არ იცის და ამას მოჰყვეს სერიოზული ინციდენტი.”

მიუხედავად საერთაშორისო ვალდებულებებისა, სესიაშვილი ფიქრობს, რომ საქართველომ ოკუპანტებს არ უნდა მისცეს თვშესაფარი. მისი თქმით, არსებობს სხვა გამოსავალიც - მესამე ქვეყანა: ”მომავალში კატეგორიულად უარი უნდა განვაცხადოთ ასეთი ადამიანების მიღებაზე და ის უნდა გადავცეთ მესამე მხარეს, ამ შემთხვევაში შვეიცარიას და კეთილი ინებოს დასავლეთმა და მიხედოს ამ ჯარისკაცებს.”

სესიაშვილი ამბობს, რომ საერთაშორისო საზოგადოების დასანახად საქართველოს ხელისუფლებას აწყობს კიდეც რუსული ჯარის შავი პიარი - გამოქცეული ჯარისკაცების გახმაურებული ამბები. თუმცა საინფორმაციო ომში არც რუსეთია ნაკლებად ჩართული. ცოტა ხნის წინ რუსეთის რადიოსადგურმა “ეხო მოსკვიმ” თავისი ეთერით გადასცა ინტერვიუ საქართველოს შეიარაღებული ძალების ლეიტენანტ ალიკ ბჟალიასთან, რომელმაც სამშობლო მაისში დატოვა, რათა რუსეთში პოლიტიკური თავშესაფარი ეთხოვა. 35 წლის ალიკ ბჟანიამ “ეხო მოსკვის” უთხრა, რომ ის მსახურობდა ფოთში, სანაპირო დაცვის სამსახურში, და ჯარი და, ზოგადად, ქვეყანა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკისადმი პროტესტის ნიშნად დატოვა. ბჟალიას, რომელსაც რუსმა ჟურნალისტებმა მაშინ ქართველი გლუხოვი შეარქვეს, უკვე აქვს რუსეთში ლტოლვილის სტატუსი. შოთა უტიაშვილი ჩვენთან საუბარში ადასტურებს, რომ გარკევული ხნის განმავლობაში ის, მართლაც, მსახურობდა ქართულ ჯარში, თუმცა მის განცხადებებს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს.

თუ დავუშვებთ, რომ რთული პოლიტიკური ურთიერთობების ფონზე რუსი ჯარისკაცებისათვის თავშესაფრის მიცემამ, შესაძლოა, რუსეთის მორიგი აგრესია გამოიწვიოს, მაშინ ჩნდება კითხვა, შეუძლია თუ არა, კანონით, საქართველომ ეს ადამიანი მართლაც გადასცეს მესამე ქვეყანას. ამ კითხვას უპასუხებს სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი ნინო ხაინდრავა: ”საერთაშორისო სამართლის კუთხით, მესამე ქვეყნისათვის ადამიანის გადაცემა მსგავს სიტუაციაში არ არის პრობლემატური, ოღონდ უნდა იყოს იმის გარანტია, რომ ეს პიროვნება არ გახდება მესამე სახელმწიფოში წამების მსხვერპლი; რაც მთავარია, იმის გარანტიაც, რომ ეს მესამე სახელმწიფო არ გადასცემს ამ პიროვნებას მეორე დღესვე რუსეთს.”

რადიო თავისუფლება შეეცადა დაკავშირებოდა არტემიევს თბილისში, თუმცა ლტოლვილთა სამინისტრო - ისევე როგორც გაეროს ლტოლვილთა კომისარიატი - ამ ეტაპზე მისი კოორდინატების გაცემისაგან თავს იკავებს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG