Accessibility links

logo-print

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ომზე ფილმის გადაღებამ პანიკა გამოიწვია


ცხინვალთან ახლოს, სოფელ ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიაზე, მძიმე საბრძოლო ტექნიკის გამოჩენამ ადგილობრივ მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია. ტანკები, ჯავშანმანქანები და „კობრას“ ტიპის საბრძოლო მანქანები ცხინვალიდან ნიქოზში გადავიდნენ, შემდეგ ტექნიკაზე საქართველოს დროშები აღმართეს და ცხინვალისკენ სროლით დაბრუნდნენ. ქართულ დროშებიანი სამხედრო ტექნიკის გამოჩენამ პანიკა ცხინვალშიც გამოიწვია. მოგვიანებით გაირკვა, რომ რუსული ტელეკომპანია „РТР“–ის ჯგუფი გასული წლის აგვისტოს ომის შესახებ ცხინვალში ფილმს იღებს. საბრძოლო სცენების დადგმაში მსახიობებს რუსი ჯარისკაცები ეხმარებიან. რუსულ სამხედრო სარდლობას კი ფილმის გადაღებისა და სროლის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის გაფრთხილება დაავიწყდა. ფილმის რეჟისორმა ირინა გუროვიჩმა მოგვიანებით, ცხინვალის ტელევიზიით გამოსვლისას, განაცხადა, რომ გადაღება რამდენიმე დღეში დასრულდება, მაყურებელი კი ფილმს აგვისტოში იხილავს. რუსი რეჟისორი ირწმუნება, რომ ფილმი დოკუმენტური მასალების მიხედვით მზადდება.

შეშფოთებული ნიქოზელები სიტუაციის გარკვევას ქართველი სამართალდამცავებისგან მოითხოვდნენ. თავის მხრივ, პოლიციელები ცხინვალში დისლოცირებული რუსული ჯარის ხელმძღვანელობასთან ორი საათის განმავლობაში არკვევდნენ საბრძოლო ტექნიკის გადაადგილების დეტალებს. შიდა ქართლის ვიცე-გუბერნატორ ზურაბ ჩინჩილაკაშვილის განცხადებით, ფილმის გადაღების დაწყებამდე რუსულ მხარეს როგორც ქართველი სამართალდამცავები, ასევე ევროკავშირის მეთვალყურეები უნდა გაეფრთხილებინა. ის ფაქტი, რომ რუსეთის გადამღებ ჯგუფს ქართული არმიის ტექნიკა და სამხედროთა ფორმები აქვს, ვიცე-გუბერნატორს არ უკვირს, რადგან, მისივე თქმით, რუსულმა არმიამ ქართული შეიარაღებული ძალების ქონება შარშან აგვისტოში მიითვისა. შიდა ქართლის ადგილობრივი ხელისუფლება ფიქრობს, რომ ომის წლისთავზე რუსეთი საკუთარ მაყურებელს შესთავაზებს კიდევ ერთ პროპაგანდისტულ ფილმს, რომელშიც საქართველო აგრესორ ქვეყნად წარმოჩნდება.
XS
SM
MD
LG