Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა შედეგით დასრულდა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომა


(მარცხნიდან) თენგიზ შარმანაშვილი, ავთანდილ დემეტრაშვილი და მიხეილ მაჭავარიანი
(მარცხნიდან) თენგიზ შარმანაშვილი, ავთანდილ დემეტრაშვილი და მიხეილ მაჭავარიანი
პირველ სხდომაზე, რომელიც 3 ივლისს ”შერატონ მეტეხი პალასში” გაიმართა, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ ერთხმად დაამტკიცა მდივნის კანდიდატურა და განსაზღვრა გზები, რომლებიც მას წლის ბოლოსთვის კონსტიტუციის ახალი რედაქციის შექმნამდე მიიყვანს. პროცესში ჩართვაზე უარს აცხადებენ არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, თუმცა მათი შემოერთების იმედი კომისიის წევრებს ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ. 4-საათიან სხდომაზე საკმაოდ დიდი დრო დაეთმო საბოლოო დოკუმენტის ლეგიტიმაციის საკითხს, რომელთან დაკავშირებითაც აზრი პრაქტიკულად ორად გაიყო.

იმის გამო, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციამ პროცესში ჩართვაზე უარი განაცხადა, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წინასწარ განსაზღვრული 69-კაციანი შემადგენლობა 55 კაცამდე შემცირდა. ასეთი სურათია ჯერჯერობითო, - ამბობს კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილი და გამოთქვამს იმედს, რომ შესაძლოა რაღაც ეტაპზე არასაპარლამენტო ოპოზიციამ თავის გადაწყვეტილებას გადახედოს. მანამდე კი თავმჯდომარე კმაყოფილებას იმ შემადგენლობის მისამართით გამოხატავს, როგორითაც კომისია პირველ სხდომაზე იყო წარმოდგენილი:

ავთანდილ დემეტრაშვილი
”კომისია ნამდვილად წარმომადგენლობითი ხასიათისაა, არა მხოლოდ მისი პროფესიული და სამსახურებრივი ნიშნით დაკომპლექტების პრინციპის საფუძველზე, არამედ აზრთა სხვადასხვაობის გამოც. ძალიან დიდი ყურადღება დაეთმო კონსტიტუციის პროექტის ლეგიტიმაციის საკითხს. უნდა მოგახსენოთ, რომ ეს არ ყოფილა ძალიან მარტივი საკითხი, როგორც მე მეგონა თავიდან - მას მოწინააღმდეგეებიც აღმოაჩნდა და მომხრეებიც. თანაბრად იყო განაწილებული, ჩემი აზრით, აი, ამ საკითხზე მსჯელობა.”

კონსტიტუციის ჯერ არარსებული პროექტის ლეგიტიმაციის საკითხზე მსჯელობამ კომისიის სხდომაზე მართლაც ძალიან დიდი დრო წაიღო, მიუხედავად იმისა, რომ კომისიის თავმჯდომარე ამ თემაზე დისკუსიას ჯერ საკმაოდ ნაადრევად მიიჩნევს. რაც შეეხება მის პირად მოსაზრებას, ავთანდილ დემეტრაშვილს ეს არაერთხელ აქვს გამეორებული და თვლის, რომ, თუკი არასაპარლამენტო ოპოზიცია კონსტიტუციის პროექტზე მუშაობისგან ბოლომდე შეიკავებს თავს, მაშინ კონსტიტუციის ახალი რედაქციის პროექტმა ლეგიტიმაციის სხვა მექანიზმებს უნდა მიმართოს. მაგალითად, როგორიც არის პლებისციტი - საყოველთაო სახალხო გამოკითხვა. თუმცა ავთანდილ დემეტრაშვილი არ გამორიცხავს, რომ დოკუმენტის პროექტზე მუშაობის დასრულებისას სიტუაცია აბსოლუტურად შეცვლილი იყოს და პლებისციტი თუ სხვა მექანიზმები საერთოდ აღარც გახდეს საჭირო.

”ჩვენ მიერ შექმნილ პროდუქტს ლეგიტიმაციის ხარისხი ხალხმა უნდა შესძინოს, რეფერენდუმის ან თუნდაც პლებისციტის გზით”, - ამბობს კომისიის მდივნად 3 ივლისს ერთხმად არჩეული თენგიზ შარმანაშვილიც, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი.

კომისიის წევრთა ერთი ნაწილი სწორედ პლებისციტის იდეას ემხრობა. თუმცა ამგვარ მიდგომას არ იზიარებს კომისიის წევრთა მეორე ნაწილი. მათ შორის არის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი. კონსტიტუციის შექმნის პროცესში საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობის შემთხვევაში, ის ლეგიტიმაციის პრობლემას პრაქტიკულად ვერ ხედავს:

”მე არ ვფიქრობ, რომ პლებისციტი შეიძლება იყოს გამოსავალი და ლეგიტიმურობას შეიძლება რაიმე კითხვის ნიშნები ჰქონდეს ამ კომისიის მიერ მომზადებული პროექტის განხილვის შემდეგ... არანაირი ლეგიტიმურობის პრობლემა, ჩემი აზრით, არ დადგება და, ასეც რომ შევხედოთ საკითხს, დარწმუნებული ვარ, რომ პლებისციტი ამ პრობლემებს ვერ მოაგვარებს და პირიქით, შეიძლება უფრო გაამწვავოს ეს საკითხი, შეიძლება წარმოშვას ძალიან ბევრი ახალი კითხვის ნიშანი.”

როგორც უკვე ვთქვით, ამ მოგვიანებით გადასაწყვეტ საკითხს კომისიის პირველ სხდომაზე იმდენად დიდი დრო დაეთმო, რომ დრო აღარ ეყო, მაგალითად, ორპალატიანი პარლამენტის იდეის გარშემო მსჯელობას. ცნობილია, რომ კომისიის წევრთა აზრები ამ საკითხთან მიმართებითაც იყოფა. სხდომაზე ვერ მოხერხდა 9 სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარეების არჩევა, მაგრამ გადაწყდა, რომ ჯგუფები სულ მალე დაკომპლექტდება და მომავალი კვირიდან უკვე ინტენსიური მუშაობა დაიწყება. თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ, მმართველობის მოდელების განხილვამდე, ჯგუფებმა მუშაობა დღეს მოქმედი კონსტიტუციის შეფასებით, ნაკლოვანებების დაზუსტებით უნდა დაიწყონ. კომისიის მომდევნო ერთობლივი სხდომა ივლისის ბოლოს გაიმართება. აგვისტო უცხოელ ექსპერტებთან მუშაობას დაეთმობა, ხოლო სექტემბრიდან, როგორც ავთანდილ დემეტრაშვილი ამბობს, კომისია უკვე ”კონკრეტული ნორმატიული ნაწარმოების” წერას უნდა შეუდგეს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG