Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონსტიტუციური არასტაბილურობის უკრაინული გაკვეთილი პოსტსაბჭოთა სივრცისათვის


ვიქტორ იუშჩენკო და იულია ტიმოშენკო ერთ დროს თანამოაზრეები იყვნენ
ვიქტორ იუშჩენკო და იულია ტიმოშენკო ერთ დროს თანამოაზრეები იყვნენ
საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ხშირად გაისმის მოწოდება, რომ ქვეყნის მართვის საპრეზიდენტო მოდელი, საპარლამენტოთი შეიცვალოს. საკონსტიტუციო პრობლემა აქვს მეზობელ უკრაინასაც, თუმცა იქ ნახევრად საპრეზიდენტო და ნახევრად საპარლამენტო მმართველობაა, რაც, მრავალი უკრაინელი ექსპერტის აზრით, ქვეყნის არასტაბილურობის მთავარი საფუძველია. იმისთვის, რომ ეს საკონსტიტუციო გაურკვევლობა უკრაინაში დასრულდეს, ქვეყანას სჭირდება მმართველობის ან საპრეზიდენტო, ან საპარლამენტო მოდელზე გადასვლა. თუმცა უკრაინული პოლიტელიტის 5 წლის წინანდელი გარიგება საკონსტიტუციო პროცესს კიდევ დიდი ხნით ამყოფებს ჩიხურ ვითარებაში..

28 ივნისი უკრაინის კონსტიტუციის დღეა. 9 წლის წინ სწორედ ამ დღეს მიიღეს კონსტიტუცია, რომელმაც ქვეყნის მართვის მოდელი დაადგინა როგორც ნახევრად საპრეზიდენტო და ნახევრად საპარლამენტო. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საზოგადოებრივი კომიტეტის დირექტორის ალექსეი ტოლკაჩევის თქმით, სწორედ ამ დღიდან იღებს სათავეს ის კონსტიტუციური გაურკვევლობა უკრაინაში, რომლის შედეგადაც ქვეყანას სრულფასოვნად ვერც პრეზიდენტი მართავს და ვერც საკანონმდებლო ორგანო.

“საკონსტიტუციო არასტაბილურობა უკრაინაში იმთავითვე განაპირობა კონსტიტუციის მიღების არალეგიტიმურმა პროცედურამ. 1996 წელს მიღებული კონსტიტუცია ლეგიტიმიზებული არ იყო მთელი ხალხის მიერ. იგი მიიღო ხელისუფლების საკანონმდებლო ორგანომ და, ფაქტობრივად, ეს არის კონსტიტუცია, რომელიც დეპუტატებმა საკუთარი თავისათვის დაწერეს.”

კონსტიტუციური არასტაბილურობის აღმოფხვრას უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა შეეცადა, რომელმაც წამოაყენა “სუპერ-პრეზიდენტის” ინსტიტუტის მოდელი და, 1999 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, შეეცადა კიდეც ეს ჩანაფიქრი ცხოვრებაში გაეტარებინა. თუმცა, როგორც რადიო თავისუფლების ექსპერტი სერგეი გრაბოვსკი ამბობს, ამის წინააღმდეგი წავიდა პარლამენტი, “უმაღლესი რადა”, რომელსაც საკმაოდ ძლიერი ბერკეტები ჰქონდა.

“და მაინც, ვთქვათ, ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტები, როგორიცაა სახელმწიფო ბიუჯეტი, როგორიცაა სტრატეგიული კანონები და სხვა დანარჩენი, - ამ ყველაფერს უნდა გაევლო პარლამენტში და უნდა მოეპოვებინა, პრეზიდენტის მთელი გავლენის მიუხედავად, კონსენსუსი პარლამენტის ძირითად ჯგუფებს შორის.”

თუმცა წარუმატებლობას არ შეუშინებია ძლიერი საპრეზიდენტო მმართველობის მომხრეები უკრაინაში, გაეგრძელებინათ ბრძოლა საკონსტიტუციო რეფორმისათვის. ამ მოძრაობას უკრაინაში ხელმძღვანელობდა ლეონიდ კუჩმას ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიქტორ მედვედჩუკი, გაერთიანებული სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საზოგადოებრივი კომიტეტის დირექტორის ალექსეი ტოლკაჩევის თქმით, სწორედ მედვედჩუკის თაოსნობით მომზადდა უკრაინის “საკონსტიტუციო რეფორმის” პროექტი, რაც ერთგვარი ხაფანგი აღმოჩნდა მომდევნო პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოსათვის.

“იმისათვის, რომ შეენარჩუნებინა კლანურ-ოლიგარქიული სისტემა უკრაინაში, [კუჩმამ] აიძულა იუშჩენკოს ჯგუფი, შეეტანათ საკონსტიტუციო ცვლილება, რამაც უკრაინის ხელისუფლებაში დისბალანსი შეიტანა. როდესაც 2004 წელს კუჩმამ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება და პარლამენტში მისი ძალით გატანა მოახერხა, მან წინასწარ იცოდა, რომ იგი ქვეყანას გრძელვადიან დაშლამდე მიიყვანდა. შესაბამისად, შეუძლებელი იქნებოდა წინა ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლისათვის პასუხი მოეთხოვათ, რადგან ახალი რეჟიმის - იუშჩენკოს რეჟიმის - დროს კიდევ უფრო უარესი იქნებოდა.”

ეს საფრთხე მაშინ ნათლად დაინახა იულია ტიმოშენკომ, რომელიც ამ სახით საკონსტიტუციო ცვლილებების მოწინააღმდეგე იყო და წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა პერსონალურ პასუხისმგებლობას მოითხოვდა. სწორედ ამიტომ, როდესაც პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს მომხრე “ჩვენმა უკრაინამ” საკანონმდებლო ორგანოს წინაშე კვლავ დააყენა საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი, იულია ტიმოშენკო და მისი “ბიუტი” პროექტის წინააღმდეგნი წავიდნენ. შესაბამისად, რადიო თავისუფლების პოლიტიკური მიმომხილველის სერგეი გრაბოვსკის თქმით, უკრაინაში შექმნილია აბსურდული ვითარება, რასაც მართვის არსებული მოდელი განაპირობებს:

“ შესაბამისად, შეიქმნა ხელისუფლების ისეთი კონფიგურაცია, რომელიც სინამდვილეში არ არის ქმედობაუნარიანი, რომელიც არის აბსურდული, რომელიც არც საპრეზიდენტოა, არც საპარლამენტო და არც ევროპაში ცნობილი შუალედური, ანუ შერეული, როგორც ესაა, ვთქვათ, საფრანგეთში, პოლონეთში, პორტუგალიაში, ლიტვაში და რიგ სხვა ქვეყნებში. უბრალოდ, ხელისუფლების ეს კონფიგურაცია უკრაინაში ქმედობაუუნარო აღმოჩნდა.”

ასეთი “საკონსტიტუციო არასტაბილურობისა” და ქმედობაუუნარო მმართველობითი მოდელის არსებობის ვითარებაში უკრაინა უახლოვდება მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც 2010 წლის იანვარში უნდა გაიმართოს. შესაბამისად, აქტუალურია შეკითხვა, თუ რა იქნება მომავალი არჩევნების შემდეგ და რამდენ ხანს გასტანს კონსტიტუციური გაურკვევლობა უკრაინაში. რადიო თავისუფლების უკრაინელი მიმომხილველის სერგეი გრაბოვსკის თქმით, არსებობს სიტუაციის შეცვლის აპრობირებული მოდელი, რომელიც სპეციალური ორგანოს შექმნას ითვალისწინებს:

“ ახალი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, თუკი ახლად არჩეული პრეზიდენტი გამოიჩენს ნებისყოფას და შეძლებს საპარლამენტო უმრავლესობასთან მოლაპარაკებას, უნდა შეიქმნას სპეციალური საკონსტიტუციო ასამბლეა, რომელიც მშვიდად შეიმუშავებს ქმედობაუნარიან კონსტიტუციას და დაადგენს, რომელი მოდელია უკრაინისათვის მისაღები.”

უკრაინელი ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ ქვეყნის განვითარების ამ ეტაპზე შესაძლოა უფრო მისაღები იყოს ხელისუფლების მართვის საპრეზიდენტო მოდელი, მეორე ნაწილი კი ემხრობა საპარლამენტო მოდელს. თუმცა, ნებისმიერი მოდელის არსებობის შემთხვევაში, უკრაინის მოსახლეობის სურვილი ერთია, - ამბობს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საზოგადოებრივი კომიტეტის დირექტორი ალექსეი ტოლკაჩევი. მისი თქმით, ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვები უკრაინაში ცხადყოფს, რომ “მოსახლეობის 70-80 პროცენტი პრეზიდენტის პირდაპირი გზით არჩევნების მომხრეა”.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG