Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეთნიკურად მრავალფეროვან სტუდენტებს საქართველო აერთიანებს


გმირთა მოედანზე სტუდენტებმა მოძრაობა „საქართველო გვაერთიანებს“ დააფუძნეს
გმირთა მოედანზე სტუდენტებმა მოძრაობა „საქართველო გვაერთიანებს“ დააფუძნეს
3 ივლისს სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტებმა გმირთა მოედანზე დააფუძნეს მოძრაობა „საქართველო გვაერთიანებს“, რომელშიც გაწევრიანება შეუძლია საქართველოს ნებისმიერი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს. მოძრაობის მიზანია აჩვენოს ყველას, რომ ეთნიკურად ჭრელ სტუდენტობას - ქართველებს, ოსებს, რუსებსა და აფხაზებს - საქართველო აერთიანებთ. გმირთა მოედანზე შეკრებილმა სტუდენტებმა გაერთიანებისკენ ცხინვალსა და სოხუმში მცხოვრებ სტუდენტებსაც მოუწოდეს.

„საქართველო გვაერთიანებს“ - ამ სახელწოდების მოძრაობის დაფუძნების იდეა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობას ეკუთვნის.

გიგა სორდია, თვითმმართველობის პრეზიდენტი, მიიჩნევს, რომ მოძრაობამ უნდა გაფანტოს რუსეთის მიერ შექმნილი მითი, თითქოს ქართველებს არ შეეძლოთ მშვიდობიანი თანაცხოვრება ეთნიკურ უმცირესობებთან:

„ჩვენ ვამბობთ, რომ რუსეთის გარეშე თავისუფლად შეგვიძლია ერთმანეთთან ურთიერთობა. რუსეთი ჩვენ შორის ბარიერის ფუნქციას ასრულებს“, განაცხადა გიგა სორდიამ.

ახალგაზრდული მოძრაობის წევრები
რუსეთის ფაქტორთან დაკავშირებით ორგანიზაციის წევრებმა დღის განმავლობაში რამდენიმე აქცია გამართეს. კინოთეატრ ”ამირანში” უჩვენეს დოკუმენტური ფილმი „საქართველოს უახლოესი ისტორია - რუსეთის როლი საქართველოში კონფლიქტის ზონების შექმნაში“. მოგვიანებით სტუდენტებმა გმირთა მოედნიდან აფხაზ და ოს სტუდენტებს მიმართეს:
„ჩვენ გვინდა ერთიან, მთლიან საქართველოში მშვიდობიანი თანაცხოვრება. ჩვენ ყველას, რომელი ეთნიკური ჯგუფიდანაც უნდა ვიყოთ, გვაერთიანებს ჩვენი ლამაზი სამშობლო, საქართველო. ჩვენს საქართველოს გაუმარჯოს! ახლა კი სანთლები დავანთოთ...“

ვიდრე სანთლებს დაანთებდნენ, რადიო თავისუფლება მეორე კურსის სდუდენტ მარი ხანიკაევს გამოელაპარაკა:
„ყველა უნდა მოვეგოთ გონს და გავაგრძელოთ ცხოვრება ერთიან საქართველოში. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა მოუწოდოს თანატოლებს აფხაზეთსა და ცხინვალში, რათა მათ გაიგონ ჩვენი ხმა. ჩვენ შორის არანაირი განხეთქილება არ ყოფილა... მე თვითონ ოსი ვარ და კარგად ვიცი ყველაფერი... რომ არ ჩარეულიყვნენ სხვები, ყველაფერი კარგად იქნებოდა. და ეს ურთიერთობები შეიძლება აღდგეს“, უთხრა რადიო თავისუფლებას მარი ხანიკაევმა.

ურთიერთობების აღდგენას არც პოლიტიკის ექსპერტები და ისტორიკოსები გამორიცხავენ, თუმცა, როგორც ამას წინათ გიორგი ანჩაბაძემ, სოხუმის უნივერსიტეტის პედაგოგმა, რადიო თავისუფლებას განუცხადა, ამისათვის საჭიროა დრო, მოთმინება და სწორად წარმოებული პოლიტიკა, რადგანაც, თუ კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს დავესესხებით, არც ოსებს და არც აფხაზებს თავი რუსეთის მიერ დაპყრობილად არ მიაჩნიათ.

ახალი მოძრაობის წევრებს კი უჭირთ ვრცლად იმაზე საუბარი, თუ რატომ და როგორ უნდა აღდგეს მხარეებს შორის ჩატეხილი ხიდი, თუმცა სტუდენტებმა ზუსტად იციან, რომ მთავარი ნდობის აღდგენაა.

შიტიჟ კუმარი
„საქართველო გვაერთიანებს” - ამ სახელწოდებით დაფუძნებულ მოძრაობაში ოს, აფხაზ, აზერბაიჯანელ, სომეხ და ქართველ სტუდენტებთან ერთად გაერთიანებულია ინდოელი შიტიჟ კუმარი, რომელიც ცხინვალსა და სოხუმში მცხოვრები სტუდენტების გასაგონად ამბობს: „ქართველები ძალიან კარგი ადამიანები არიან. ძალიან მომწონს საქართველო.“
სტუნდენტების მიერ დაფუძნებულმა მოძრაობამ „საქართველო გვაერთიანებს“ დღის ბოლოს ფოლკლორული კონცერტი გამართა, ასევე სიმბოლური სახელწოდებით: „მივაწვდინოთ ჩვენი ხმა აფხაზ და ოს ახალგაზრდებს“.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG