Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მართლაც დაიწყება თუ არა ახალი ეტაპი რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობაში?


ბარაკ ობამა
ბარაკ ობამა
ბარაკ ობამა იმედოვნებს, რომ რუსეთში ჩასვლითა და 6 ივლისს პრეზიდენტ დმიტრი მედვედევთან დაგეგმილი უმაღლესი დონის შეხვედრით ახალ სტიმულს მისცემს ვაშინგტონისა და მოსკოვის მომაკვდავ ურთიერთობას. მაგრამ ორ ქვეყანას შორის არსებული ბევრი სერიოზული უთანხმოების გამო, რომელთა შორის ერთ-ერთი უმთავრესია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ანექსია, რაიმე წარმატებას მომავალი შეხვედრისაგან ცოტა ვინმე თუ ელოდება.

შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამა წლის თებერვალში გამართულ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ფარდა ახადა ვაშინგტონის ახალი რუსული პოლიტიკის სიღრმისეულ მნიშვნელობას:

“პრეზიდენტ ობამას სიტყვების პერიფრაზირებას მოვახდენთ: დადგა დრო, რათა თითი დავაჭიროთ დატვირთვის ღილაკს.”

ცოტა მოგვიანებით სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს დატვირთვის ღილაკის სუროგატი აჩუქა:

“ჩვენ გვსურს ხელახლა დავტვირთოთ ჩვენი ურთიერთობა.“ 6-7 ივლისს ბარაკ ობამას სადებიუტო შეხვედრა მოსკოვში შეერთებული შტატების პოლიტიკის პირველი ტესტი იქნება იმის საჩვენებლად, ამოქმედდება თუ არა დატვირთვის ღილაკი. მოსკოვთან ურთიერთობის გრძელვადიანი სტრატეგიის ძირითად საკითხად ვაშინგტონმა შეიარაღების კონტროლი აირჩია. დეკემბრიდან მოყოლებული, ორივე მხარე ადასტურებს, რომ სურთ მიუბრუნდნენ ბირთვული იარაღის შესახებ 1991 წლის შეთანხმებას, რომელსაც წელს გასდის ვადა. რობერტ ვექსლერი კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის საქმეთა ქვეკომიტეტის თავმჯდომარეა. კონგრესმენი ამბობს, რომ შეიარაღების კონტროლზე პოზიტიური სტარტი სხვა რთული საკითხების მოგვარებასაც შეუწყობს ხელს:

“იქნება ეს ანტისარაკეტო თავდაცვის ვრცელი თემა, იქნება ეს ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერება თუ იქნება ეს ენერგეტიკული უსაფრთხოება, იქნება ეს საქართველო, იქნება ეს მომავალში ნატოს გაფართოება თუ ნატოს როლი გარკვეულ სივრცეზე - ყველა ამ საკითხს, მაღალი ნდობის შემთხვევაში, ვიმედოვნებ, უკეთ მოევლება, ვიდრე ეს ხერხდებოდა ბოლო რამდენიმე წლის მანიძლზე.”

მაგრამ, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობის გამო, მომავალ ვიზიტთან დაკავშირებით ობამას არავითარი ილუზიები არა აქვს, - განუცხადა ჟურნალისტებს მაიკლ მაკფოლმა, ეროვნული უშიშროების საბჭოს რუსეთისა და ევრაზიის საქმეთა დირექტორმა.

“ისინი, რუსეთის ოფიციალური პირები, მსოფლიოს უყურებენ როგორც თამაშს, სადაც ერთის გამარჯვება სხვებისთვის მარცხს უნდა ნიშნავდეს. მე დარწმუნებული ვარ, შეერთებული შტატები მტრად მიიჩნევა – როდესაც ჩვენზე ლაპარაკობენ, ბევრ სალანძღავ სიტყვასაც არ იშურებენ. ისინი ფიქრობენ, რომ ჩვენი ნომერი პირველი ამოცანა მსოფლიოში რუსეთის დასუსტება, რუსეთის ალყაში მოქცევა და ისეთი მოქმედებაა, რაც ჩვენ გაგვაძლერებს და რუსეთს კი დაასუსტებს. “

მაკფოლის თქმით, ობამა მოსკოვში მკაფიოდ გაუსვამს ხაზს იმას, რომ რუსეთის დასუსტებას არ ემსახურება არც ნატოს გაფართოება, რაც ამერიკის “ძალიან არაორაზროვან” ეროვნულ ინტერესს წარმოადგენს:

ჰილარი კლინტონი და სერგეი ლავროვი თითს აჭერენ "ხელახლა დატვირთვის" ღილაკს
“ვაპირებთ ამის თაობაზე ძალიან გულწრფელად ვილაპარაკოთ მათთან, როგორც ეს პრეზიდენტ მედვედევთან პირველი შეხვედრისას, აპრილში, მოვიმოქმედეთ. და შემდეგ ვეცდებით, გამოვნახოთ გზები რუსეთთან მჭიდროდ სათანამშრომლოდ ისეთ საკითხებში, რომელთაც ჩვენ განვიხილავთ როგორც ჩვენს ეროვნულ ინტერესს.”

მოსკოვიც აცხადებს, რომ ასევე სურს ამერიკასთან ურთიერთობის გაუმჯობესება, მაგრამ ცხადად მიანიშნებს, რომ ვაშინგტონმა პოლიტიკა უნდა შეცვალოს. რუსეთ-აშშ-ის სამიტის ყველაზე რთული საკითხები იქნება ამერიკის მოკავშირეების, საქართველოსა და უკრაინის, ნატოში გაწევრიანება; რუსეთის შეჭრა საქართველოში, რამაც დასავლეთთან ურთიერთობა ცივი ომის მდგომარეობამდე მიიყვანა.

თანაც მოსკოვი განაგრძობს საფრანგეთის შუამავლობით მიღებული შეთანხმების უგულებელყოფას, უარს არ ამბობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე. უფრო მეტიც, რუსი სამხედროები საქართველოს ჩრდილოეთ საზღვართან ატარებენ სამხედრო მანევრებს, რომელიც მოსკოვში ობამას ვიზიტის დროს დასრულდება. ეს ქმედებები მოწმობს, რომ რუსეთს არ სურს ურთიერთობის გაუმჯობესება, - ამბობს საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტი გიორგი მირსკი.

“სამყაროს ხედვა განსხვავებულია. არ ვარ დარწმუნებული, რომ ისეთ ადამიანებს, როგორიც პუტინი, მედვედევი და მისი გარემოცვაა, ცხადად ჰქონდეთ წარმოდგენილი, თუ როგორ მუშაობს ამერიკის პოლიტიკური სისტემა ან გულწრფელად სჯეროდეთ ბატონ ობამს კეთილი განზრახვისა.”

აშკარად ანტიამერიკული რიტორიკის მიუხედავად, მოსკოვს არ სურს ვაშინგტონთან კონფრონტაცია, - ამბობს მირსკი და დასძენს: სხვა თუ არაფერი, რუსეთ-ამერიკის სამიტს ის მაინც შეუძლია, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობაში სრული კოლაფსი თავიდან აიცილოს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG