Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საარჩევნო კოდექსზე მუშაობა განახლდა


თბილისში იმყოფება ევროსაბჭოს ვენეციის კომისია, რომელიც საპარლამენტო პოლიტიკურ ძალებთან ერთად საარჩევნო კოდექსის ცვლილებებზე მუშაობს. კომისიამ საქართველოს საარჩევნო სისტემის დასახვეწად სხვადასხვა რეკომენდაცია მოამზადა, რომელთა ნაწილი პოლიტიკურ პარტიათა შორის აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ევროსაბჭოს რა რეკომენდაციებს ეთანხმებიან საპარლამენტო პოლიტიკური ძალები და რა რეკომენდაციებია მათთვის მიუღებელი?

4 ივლისს თითქმის მთელი დღის მანძილზე მიმდინარეობდა ვენეციის კომისიის, ეუთოს წარმომადგენლებისა და საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფის კონსულტაციები. ვენეციის კომისიამ თბილისში ის რეკომენდაციები ჩამოიტანა, რომელიც, ევროსაბჭოს აზრით, საქართველოს საარჩევნო სისტემის სრულყოფისთვისაა საჭირო. რეკომენდაციების ნაწილი ჟურნალისტებს კომისიის წევრმა პიერ გარონემ გააცნო. მან განაცხადა, რომ ხმის მიცემის პროცედურების დახვეწა, კენჭისყრის პროცესის გაშუქება და მედიის თავისუფლება, ასევე დაფინანსებისა და კენჭისყრაში პატიმრების მონაწილეობის საკითხები საარჩევნო კოდექსში ასახვას საჭიროებს.

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების საკუთარი ვერსიები აქვთ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს. ქრისტიან–დემოკრატთა აზრით, შესაცვლელია საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი. თუ როგორ წარმოუდგენიათ ქრისტიან–დემოკრატებს საარჩევნო კომისიის დაკომპლექტება, მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ლევან ვეფხვაძის კომენტარიდან შეიტყობთ:

„ჩვენი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ კვალიფიციურმა სუბიექტებმა შეარჩიონ არაპარტიული წევრები, რომლებიც, თავის მხრივ, აირჩევენ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს. ანუ ეს იქნება კონსენსუსზე დაფუძნებული შერჩევა.“

საკუთარი პროექტი აქვს საპარლამენტო ოპოზიციის კიდევ ერთ წარმომადგენელს, ქართული დასის ლიდერს, ჯონდი ბაღათურიას, რომლის განცხადებითაც, ვენეციის კომისიამ მისი ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინა.

ოპოზიციის გარდა, საკუთარი იდეები აქვს მმართველ პოლიტიკურ ძალასაც, მაგრამ მისი წარმომადგენელი, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილი, კონკრეტულ ინიციატივებზე ჯერჯერობით არ საუბრობს.

ვენეციის კომისიის საქმიანობის მნიშვნელობას აღნიშნავს საარჩევნო პროცესის სადამკვირვებლო ორგანიზაციის „ახალი თაობა - ახალი ინიციატივის“ ლიდერი კოკი იონათამიშვილი. მისი აზრით, საარჩევნო კანონმდებლობაში უამრავი საკითხია შესაცვლელი. მისი განცხადებით, საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ჯგუფი უფრო პროდუქტიული იქნებოდა, მასში რომ არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

არასაპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი ჯერჯერობით უარს აცხადებს ჩაერთოს საარჩევნო კოდექსის დახვეწის პროცესში, თუმცა ამის თაობაზე არასაპარლამენტო ოპოზიციის რიგებშიც აზრთა სხვადასხვაობაა. ორგანიზაციის „ალიანსი საქართველოსთვის“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის თოკშოუში განაცხადა, რომ მზად არის მონაწილეობა მიიღოს საარჩევნო პროცესებში, მათ შორის, საარჩევნო კანონმდებლობის შემუშავებაში.
XS
SM
MD
LG