Accessibility links

პრესაში მთელი კვირა გრძელდებოდა საუბარი პოლიტიკურ დაპირისპირებაზე, ოპოზიციის დაფინანსების პრობლემებსა და ლიდერების შეხვედრებზე ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ორშაბათიც ასე დაიწყო. რამდენიმე პუბლიკაცია კახა თარგამაძესთან შეხვედრაზე, კვლავ ინტერვიუები მასთან და ოპოზიციის ლიდერებთან და ასე შემდეგ... „კვირის პალიტრის“ შეკითხვებზე ორშაბათს პოლიტოლოგი ანდრო ბარნოვი პასუხობდა:

” ხელისუფლებამ კარგად გამოიყენა ეს ფაქტი და მართლაც გადაჭარბებული ხმაური ატყდა, - თქვა მან, - მაგრამ ისიც წარმოუდგენელია, რომ თარგამაძესთან შეხვედრის გამო კითხვა არ დაისვას. ჩემთვის არც ერთი არგუმენტი, რომელიც მოვისმინე, ამ კითხვებზე პასუხს არ წარმოადგენს. მაგალითად, გაუგებარია, რა ისეთი ინფორმაცია უნდა მიეცა თარგამაძეს გადამწყვეტი, რომელიც ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა. არც ის არგუმენტი ვარგა, კრიმინალი არ ჩაგვიდენია და მოსადავებელიც არაფერი გვაქვსო. ნუთუ პოლიტიკოსს კრიმინალის ჩადენის მეტი არაფერი ევალება? ჩემი აზრით, ეს იყო უპრინციპობის გამოვლინება, რაც ამ პოლიტიკოსებს დადებითად ვერ ახასიათებს”, - უთხრა „პალიტრას“ ანდრო ბარნოვმა.
კახა თარგამაძესთან შეხვედრის თემას ნინო ბურჯანაძის უკრაინაში ვიზიტი დაემატა.

”რამდენიმე თვის წინ სააკაშვილი თავად იყო პინჩუკის სახლში სტუმრად”, - უთხრა ნინო ბურჯანაძემ გაზეთ „რეზონანსს“.. - გაკეთდა განცხადება, რომ პინჩუკი არის რუსეთის პრემიერ-მინისტრის უახლოესი მეგობარი. მართლა ასეა? - ჰკითხა ნინო ბურჯანაძეს „რეზონანსმა“. – „ძალიან კარგი, თუ პუტინის უახლოესი მეგობარია ვინმე. ვისი საქმეა, ვინ ვისი მეგობარია, ვის შევხვდები და ვის არა?“ - უპასუხა ნინო ბურჯანაძემ და განაგრძო:“ სხვათა შორის, მინდა გითხრათ, რომ ამ ადამიანთან სტუმრობას დიდ პატივად თვლიდა მიხეილ სააკაშვილი და რამდენიმე თვის წინ მისი პირადი სტუმარი იყო. და თუ რაიმე მიუღებელია ამ ადამიანში, რას გარბოდა მისი დაპატიჟებით პოლ მაკარტნის კონცერტზე კიევში? ” - უთხრა გაზეთს ნინო ბურჯანაძემ.
ექსპერტ მამუკა არეშიძესთან ინტერვიუს კი ამგვარი სათაური აქვს „ახალ თაობაში“:

”ოპოზიციაში ორი ძალიან მდიდარი ადამიანია - ბურჯანაძე და ნოღაიდელი“.

პარასკევს „საქართველოს რესპუბლიკამ“ „ინტერპრესნიუსის“ ჩაწერილი ინტერვიუ გამოაქვეყნა ექსპერტ ლადო პაპავასთან: ”თუ ოპოზიციურ პარტიებში არ გამოიკვეთა საქართველოს მომავალზე რეალური პოლიტიკური ხედვა და მათ საზოგადოებას არ შესთავაზეს ახალი ინიციატივები და წინადადებები, ოპოზიციის სიძლიერეზე საუბარი, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნება. მაგალითად, როდესაც ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მზად იყო, გამხდარიყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ოპოზიციის მხრიდან ყველაზე ძლიერი ნაბიჯი იქნებოდა, ყველა პოლიტიკურ პარტიას დაესახელებინა თავისი წარმომადგენელი - ყველა მინისტრის მოადგილედ. ეს, პრაქტიკულად, ნიშნავდა მართვასა და მართვის პროცესის გაკონტროლებაში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობას. ... სამწუხაროდ, გამბედავ ნაბიჯებზე ოპოზიციური პარტიები ვერ მიდიან. ოპოზიცია თან უმწიკვლობის შენარჩუნებას ცდილობს და თან გარკვეული შედეგის მიღწევას.ასე არ გამოვა“, - ამბობს ექსპერტი ლადო პაპავა ინტერვიუში, რომელსაც „საქართველოს რესპუბლიკა“ ბეჭდავს.

”ოპოზიციამ უთარიღო მობილიზაცია დაიწყო” - ეს კი შაბათის „რეზონანსის“ სათაურია. პუბლიკაციაში საუბარია მობილიზაციაზე, რომელიც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე- პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, ჩამოსვლას უკავშირდება. “ ლიდერებმა მოსახლეობის მობილიზაცია უკვე დაიწყეს. როგორც ოპოზიცია აცხადებს, ისინი გრანდიოზულ აქციას მოაწყობენ და ბაიდენს დაუმტკიცებენ, თუ როგორია რეალურად ოპოზიციის განწყობა და რა ფასეულობების მომხრეები არიან. ლიდერები იმედოვნებენ, რომ ამ დღისთვის მოსახლეობა სათანადოდ მობილიზებული იქნება”, - წერს გაზეთი.
„რეზონანსის“ მთავარი თემა კი შაბათს ასეთი იყო: ” ვისთან აწარმოებენ რკინიგზის გაყიდვაზე მოლაპარაკებებს”. ეს სათაური გახლავთ, სტატიაში კი ვკითხულობთ: “ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ “საქართველოს რკინიგზის” გასხვისებასთან დაკავშირებით ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებასთან სააკაშვილის უახლოესი მეგობარი, ვინმე შარანგია, აწარმოებს.“

“რეზონანსი” განმარტავს, რომ საუბარია ძმებ მერაბ და გია შარანგიებზე და მათ მამაზე, ლორენცო შარანგიაზე, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი პარტიული ფუნქციონერი იყო და ამჟამად რუსეთში მსხვილი ბიზნესმენია. საქართველოში საქმიანობს ერთ-ერთი ძმა - მერაბ შარანგია. ის საქართველოს “ბილაინის” მეპატრონეაო, - წერს გაზეთი და შარანგიების ოჯახის სხვა ქონებასაც ჩამოთვლის. გაზეთის ინფორმაციით, ”შარანგიებს ახლობლობა აკავშირებთ რუსეთის ქართულ “ელიტარულ” კრიმინალიტეტთან, ასევე საქართველოს ერთ-ერთ ყოფილ კომუნისტურ ფუნქციონერ გურამ მგელაძესთან, რომელიც ამჟამად რუსეთში ასევე მსხვილი ბიზნესმენია. ბურჯანაძის თქმით, უკანასკნელ პერიოდში, საქართველოს ბიუჯეტში შემოსავლების მობილიზებაში გაჩენილი პრობლემების გამო, სულ უფრო აქტიურად დაიწყო ბიუჯეტის გარღვევის დაფინანსებისთვის რკინიგზის გასხვისების შესაძლებლობის განხილვა”, - წერს „რეზონანსი“.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა გაზეთს უთხრა, რომ მისთვის უცნობია, ვინ არის ვინმე შარანგია და დასძინა:”ერთადერთი, რაც რკინიგზის გასხვისებასთან დაკავშირებით მახსენდება, არის ის, რომ ამ საკითხით თავის დროზე ბადრი პატარკაციშვილი იყო დაინტერესებული.”

ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა კი განაცხადა, რომ ხელისუფლებამ გასცა პასუხი კითხვაზე, რატომ ცდილობდა ” საქართველოს რკინიგზა მიეყიდა ბადრი პატარკაციშვილისთვის. ” რასაკვირველია, ასეთი მცდელობა არის და ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის ფაქტი, რომ, არაერთი მიმართულებით, ქვეყანაში მოსულია რუსული ფული, რომელსაც, როგორც წესი, მოუძღვის ხოლმე კახა ბენდუქიძე. არც ერთ ასეთ ფულზე ხლისუფლებას უარი არ უთქვამს. ხელისუფლება თუკი რაიმე ფულს იყენებს ქვეყანაში, ეს, უპირველესად, რუსული წარმოშობისაა”, - აცხადებს „რეზონანსთან“ საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.
XS
SM
MD
LG