Accessibility links

logo-print

უცხოეთის პრესა საქართველოზე


“აირიშ ტაიმსში” 30 ივნისს გამოქვეყნებული სტატია, რომლის ავტორი ლარა მერლოუა, ასეა დასათაურებული: „საქართველოს მახლობლად რუსეთის არმიიის მანევრები საბჭოთა დროს გვახსენებს“. ის “კავკასია 2009-ის” დაწყებას ამცნობს ირლანდიელ მკითხველს და მოჰყავს რუსეთის არმიის ერთ-ერთი მეთაურის ნათქვამი, ამ წვრთნის ერთ-ერთი მიზანი “საქართველოს დედაქალაქში ზოგიერთი „ქორის“ ფანტაზიის გაგრილებააო“. ოდნავ ქვემოთ სტატიის ავტორი იხსენებს თბილისში ადრე ნამუშევარი სამი დასავლელი ყოფილი ელჩის წერილს, რომელშიც ისინი გვაფრთხილებენ, რომ არსებობს გასული ზაფხულის განმეორების საშიშროება. ავტორი მკითხველს აუწყებს, რომ ერთ-ერთი მათგანი, ევროკომისიის ყოფილი წარმომადგენელი საქართველოში, დენის კორბოი, ირლანდიელია. რუსეთის მიერ ახალი ომის დაწყების მოტივები, რომელთაც ყოფილი ელჩები ასახელებენ, შემდეგია: კასპიის ზღვის გაზის და ნავთობის საქართველოს გავლით ტრანსპორტირების კონტროლი, საქართველოს სურვილი, შევიდეს ნატოში და საქართველოს ანტირუსულად განწყობილი დაუდგრომელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ფაქტორი. სტატიაში მოყვანილია სამი ყოფილი ელჩის მოწოდება პრეზიდენტ ობამასადმი, მიანიშნოს მოსკოვს, რომ საქართველოს საწინააღმდეგო ნაბიჯები - მათ შორის, სააკაშვილის ჩამოგდების მცდელობა - მათი ურთიერთობის განახლებას დაასამარებდა. მაგრამ „აირიშ ტაიმსის“ ამ წერილის ავტორივე წერს, ეს გაფრთხილება, ჩანს, ყურად ღებული არ იქნაო. იქვე ჩამოთვლილია ობამასა და მედვედევის შეხვედრის თემები, სტატიის ბოლოში კი წერია: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ეტყობა, აშშ-ის პრიორიტეტების სიაში არ მოხვდაო.

რუსეთის სამხედრო მანევრების შესახებ კიდევ იწერებოდა დასავლეთის პრესაში, მათ შორის, “ნიუ იორკ ტაიმსში”, რომელიც უკვე ცნობილი ფაქტებისა და რეაქციების შესახებ აუწყებდა მკითხველს და ამცნობდა, მანევრებში საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში განთავსებული რუსეთის ჯარები მონაწილეობენ, მაგრამ თვით ამ რეგიონების ტერიტორიებზე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მთავრობების თანახმად, სამხედრო მანევრები არ ჩატარდებაო.

“ჯეინს ინტელიჯენტ უიკლი” ამავე თემაზე გამოქვეყნებული მოკლე სტატიის ბოლოს წერდა, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საზღვრებთან ვითარება უკიდურესად არამდგრადია, საქართველოს და სეპარატისტულ ძალებს შორის ცეცხლის მუდმივი გაცვლის თანხლებით. რისკი არსებობს, წერს გამოცემა, რომ მცირე ინციდენტიც კი სწრაფად გამწვავდეს, თუკი რუსეთი ჩათვლის, რომ მას ძალით უნდა უპასუხოს. ეს ხიფათი იზრდება ორივეგან, საქართველოშიც და რუსეთშიც, მანევრებით და საერთაშორისო მეთვალყურეთა განდევნით მომავალ სამ თვეში.

რუსეთში აშშ-ის პრეზიდენტის მომავალ ვიზიტს და მასში საქართველოს ფაქტორს ეხება არაერთი სტატია.

“ფაინენშელ ტაიმსმა” დაბეჭდა უშიშროების საკითხებში აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მრჩევლის ზბიგნევ ბჟეზინსკის სტატია, სათაურით „რუსეთმა თავისი პოსტიმპერიული ხედვა უნდა შეცვალოს“. ბჟეზინსკის აზრით, ობამას მოსკოვში სამი მთავარი ამოცანა აქვს: პირველი, განავითაროს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა იმ სფეროებში, რომლებიც ორივეს ინტერესებშია; მეორე, ხაზი გაუსვას, რომ ორივე მხარე მოიგებს, თუკი დაძლევენ უთანხმოებას საერთაშორისოდ აღიარებული თამაშის წესების დაცვით; მესამე,ხელი შეუწყოს ისეთი გეოპოლიტიკური კონტექსტის შექმნას, რომელშიც რუსეთი სულ უფრო მეტად გააცნობიერებს თავის ინტერესს, გახდეს ევროატლანტიკური საზოგადოების პოსტიმპერიული პარტნიორი. ამ სამიდან პირველი ყველაზე იოლია, წერს ბჟეზინსკი, მეორე მგრძნობიარეა, მაგრამ გასაკეთებელი, რათა აღარ განმეორდეს, რაც ავგისტოში მოხდა რუსეთის ჯარის საქართველოში შეჭრის სახით. გაგაცნობთ ამ წერილიდან კიდევ ორ პასაჟს, სადაც საქართველოა ნახსენები: “სამიტის შეხვედრებზე პუტინი და მედვედევი იმის ნიშნის ძებნას დაიწყებენ, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია უარს ამბობს პარტნიორობის შესახებ იმ გარიგებებზე უკრაინასა და საქართველოსთან, რომელსაც ჯორჯ ბუშმა მოაწერა ხელი. ამ მხრივ უკვე უნებლიე სიგნალსაც კი რუსეთი იმის მწვანე შუქად მიიღებს, რომ ამ ორ ქვეყანას ძალა აჩვენოს”. ამიტომაა საჭირო გულღია ლაპარაკი, რათა ორმხრივ მისაღებ თამაშის წესებზე შეთანხმება მოხდეს. აშშ-ს შეუძლია აჩვენოს, რომ ნატოს წევრობა არ არის გარდაუვალი ყველა ქვეყნისთვის, მაგრამ რომ აშშ-მა და რუსეთმა პატივი უნდა სცენ ორივე ამ ქვეყნის უფლებას, არჩევანი თვითონ გააკეთონ. ამავე დროს, რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ ჯარის გამოყენება და ეთნიკური კონფლიქტების მხარდაჭერა, უკრაინისა და საქართველოს დესტაბილიზაციის მიზნით, ავნებდა ამერიკისა და რუსეთის ურთიერთობას.

“ფაინენშელ ტაიმსი” ობამას მოსკოვში ვიზიტს უძღვნის ასევე სტატიას, რომელიც საქართველოს შეეხება. ავტორის თქმით, რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობის ახლიდან დაწყების გამოცდა იქნება ამ სამიტზე ის, თუ ვინ წარმოთქვამს სიტყვას “საქართველო” და რა ეფექტი ექნება ამას. რა შეფასებაც უნდა მივცეთ იმას, რაც მოხდა მოსკოვსა და თბილისს შორის - რუსეთის შეჭრა ქვეყანაში, ჰუმანიტარულ აქციად მონათლული, სეპარატისტული რეგიონების მოსახლეობის დაცვა თუ მოსკოვის ცინიკური ოპერაცია, იმისათვის რომ დაშალოს საქართველო და ჩამოაგდოს პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც სათანადოდ არ სცემს პატივს პუტინს, ან თუნდაც რუსეთის მიერ თბილისის დასჯა, რაკი მას ნატოში შესვლა სურს, ეს, წერს გაზეთი, ყველა შემთხვევაში იყო რუსეთის მხრივ სამხედრო ძლიერების წარმატებული ჩვენება “ახლო საზღვარგარეთში” და აშკარა დემონსტრაცია იმისა, რომ რუსეთს კვლავაც შეუძლია თავისი გავლენა ძალით დაამყაროს. აშშ და ევროკავშირი უუნარონი აღმოჩნდნენ ასეთი ქმედება თავიდან აეცილებინათ და მას მერეც ვერ მოახერხეს რუსეთი კონფლიქტისწინა პოზიციებზე დაებრუნებინათ. გაზეთი წერს კრიზისის საერთაშორისო ჯგუფის - ასევე ევროსაბჭოს საპარლამეტნო ასამბლეის - კრიტიკაზე სეპარატისტული ცხინვალის რეგიონში რუსეთის ქმედების მიმართ, ასევე იმაზე, რომ სამხრეთ ოსეთის რაზმებმა ქართული სოფლები გაძარცვეს და გადაწვეს, რასაც “ეთნიკური წმენდა” ეწოდა. სტატია ასე სრულდება: რას ეტყვის ობამა მედვედევს ამ ბრალდებების შესახებ? საჯაროდ - ამის შანსი ძალიან მცირეა. მას სურს ღილაკი ახლიდან ჩართოს, საქართველო კი მცირე ქვეყანაა და ცოტათი დაშორებულია ამ საქმისგან.

“რუსეთი ომის გზას უბრუნდება”, ასე ჰქვია“უოლ სტრიტ ჯორნალში” გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორი რუსეთის საქართველოსთან შესაძლებელ ომზე წერს; წერს, აგრეთვე, საქართველოს მიმართ რუსეთის ბრალდებაზე, რომ ის აგრესიისთვის ემზადება და მოჰყავს დამოუკიდებელი პოლიტოლოგის ანდრეი პიანტკოვსკის ნათქვამი, რომ რუსეთის მედია პროპაგანდას მიმართავს საზოგადების თითქოსდა მეორე ომისთვის მოსამზადებლად. თვითონ მოსკოვმა დაიწყო სამხედრო მანევრები, მანვე უთხრა უარი საერთაშორისო მეთვალყურეთა იქ დარჩენას. სტატიაში ვკითხულობთ, რომ ნეიტრალური მეთვალყურეების განდევნა უცნაურია, თუკი რუსეთი საქართველოსგან აგრესიას ელის. ამას აზრი მაშინ ექნებოდა, რუსეთი რომ თავად გეგმავდეს ომს.გაზეთის თანახმად, ომში გამარჯვებით, რუსეთი თავიდან მოიშორებდა სააკაშვილს, გააკონტროლებდა ენერგეტიკის სატრანზიტო გზებს და დაასუსტებდა მის ყოფნას ევროპის ენერგეტიკის ბაზრებზე, გაანაწყენებდა აშშ-ს და რუსებს დაავიწყებდა თავიანთ ეკონომიკურ გასაჭირს. პიანტკოვსკი ასევე ფიქრობს, რომ ომისკენ ისწრაფის პუტინი, რომელსაც კვლავ პირველობა სურს, მაგრამ, “უოლ სტრიტ ჯორნალის” სტატიის ავტორის აზრით, ეს ძალიან ძვირად დაუჯდება. ამიტომ, გაზეთის ვარაუდით, უფრო საფიქრებელია, რომ მოსკოვი საქართველოს სხვაგვარად დასუსტებას შეეცდება - არასამხედრო გზით. მაგრამ რუსეთის ქმედება ყოველთვის რაციონალური არ არის. ამიტომ ახლა არსებითია აშშ-ისა და ევროკავშირის რეაქცია, რაც მათ უნდა გამოხატონ საქართველოში თავიანთი “არასამხედრო ყოფნით”, საქართველოს სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერით და რუსეთისთვის შეხსენებით, რა შეიძლება მოჰყვეს აგრესიას. პრეზიდენტ ობამას ასეთი პოზიცია მოსკოვში მომავალი ტრაგედიის თავიდან აცილებას შესაძლებელს გახდიდა.

“ქრისჩენ საიენს მონიტორიც” რუსეთისა და აშშ-ის ლიდერების შეხვედრაზე საქართველოს ფაქტორის შესახებ“ წერს. „საქართველო ობამას ფიქრებში?“- ასეთი შეკითხვითაა დასათაურებული სტატია, რომელზე პასუხიც იქვეა:“უნდა იყოს”. კონფლიქტი, რომელმაც აშშ-ის და რუსეთის ურთიერთობა ძლიერ დაძაბა, აჩვენებს, თუ რამდენად ძნელია ამ ურთიერთობის გამოსწორება. საქართველოსადმი რუსეთის უხეში დამოკიდებულება ცხადყოფს, რომ მოსკოვი არ იზიარებს დასავლეთის ფასეულობებს. ის გამჭვირვალობას დაფარვას და დისკუსიას მუქარას ამჯობინებს. რუსეთს მიაჩნია, რომ დემოკრატია ხიფათის და არასტაბილურობის მომტანია. ბოლოს სტატიაში წაიკითხავთ, რომ ვაშინგტონმა და რუსეთმა უნდა ილაპარაკონ და არ უნდა დაუშინონ ერთმანეთს კვერცხები. ვაშინგტონის მცდელობა ამ მხრივ უნდა წახალისდეს, მაგრამ საჭიროა განსაკუთრებული ყურადღება ურთიერთობათა განახლებისას, როცა ერთი მხარე ცვლილებას ესწრაფვის, მეორე კი კვლავ აგრესიულ, ძალისმიერ გზას ადგას. საქართველოს ფუნქციაა შეგვახსენოს, რომ ამ “ხელახლა დატვირთვის” სტრატეგია შეზღუდულია.
XS
SM
MD
LG