Accessibility links

"119 პოლიტპატიმრის გათავისუფლებას" ჯოზეფ ბაიდენის ვიზიტამდე მოითხოვენ


6 ივლისს სახალხო დამცველის ოფისში პოლიტპატიმართა ოჯახის წევრები შეიკრიბნენ და სპეციალური მიმართვა გაავრცელეს. ისინი საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უცხოეთის მთავრობებს, განსაკუთრებით კი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, თავიანთი ოჯახის წევრების საპყრობილეებიდან დახსნას სთხოვენ და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის, საქართველოში ვიზიტამდე ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს. 9 აპრილის შემდეგ მათი რაოდენობა, როგორც მედიას აუწყა ზაქარია ქუცნაშვილმა, თავმჯდომარემ ასოციაციისა ”კანონი ხალხისათვის”, 119-ია.

პოლიტპატიმრების ერთიან სიაში, რომელიც 6 ივლისს წარუდგინა ჟურნალისტებს ზაქარია ქუცნაშვილმა, თავმჯდომარემ ასოციაციისა ”კანონი ხალხისათვის”, 8 პოლიტიკური პარტიის აქტივისტები ან მათი ოჯახის წევრები და მეგობრები არიან მოხვედრილი. მათი ნაწილი უკვე წლებია სასჯელს იხდის, უმრავლესობა კი 9 აპრილის აქციების შემდეგ დააკავეს.

ქუცნაშვილის ინფორმაციით, თუ, მანამდე არსებული ინფორმაციით, პოლიტპატიმართა რიცხვი დაახლოებით 30 იყო, ახლა ეს რიცხვი 119-მდეა გაზრდილი. ქუცნაშვილი აცხადებს, რომ ეს არ არის შემთხვევითი ციფრი: ”ამ ციფრის მისაღებად ჩვენ სამი წყაროს ინფორმაცია შევაჯერეთ - ოჯახების, პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადვოკატების მიერ მოწოდებული ინფორმაცია. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური პატიმრების რაოდენობა გაოთხმაგდა 9 აპრილის აქციების დაწყების შემდეგ, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ქვეყანაში შეიქმნა სიტუაცია, როგორიც არ ყოფილა არასდროს - საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე.”

სიაში შესული ადამიანების ნაწილი საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამოა დაკავებული, ნაწილი ოჯახის წევრის პოლიტიკური კარიერის მიზეზით, ნაწილიც იმიტომ, რომ, უბრალოდ, რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი იყო. სიაში რიგითობა პატიმრობის ხანგრძლივობის მიხედვით გაკეთდა. პირველი შალვა რამიშვილია, შემდეგ - ნორა კვიციანი, მას მოჰყვება მერაბ რატიშვილი და ა.შ.

დაპატიმრებულ ადამიანებს, ძირითადად, სამი სახის ბრალდება აქვთ წაყენებული: იარაღის უკანონოდ ტარება, ნარკოტიკის მოხმარება და ფინანსური დანაშაული. და არის კიდევ საკმაოდ დიდი რაოდენობა ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებულებისა, რომელთაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში ედებათ ბრალი. თუმცა ქუცნაშვილი ამბობს, რომ არსად განმარტებული არ არის, რაში გამოიხატებოდა პოლიციელის მოთხოვნის კანონიერება.
ძმის პოლიტიკური კარიერის მსხვერპლი გახდა ანანიძე, რომელსაც ახლა ცხრა წელი აქვს მისჯილი. მას შემდეგ, რაც დავით ანანიძემ ღიად გამოხატა პოლიტიკური გაერთიანება ”ეროვნული ფორუმის” მიმართ სიმპათიები და დეპუტატადაც იყარა კენჭი აჭარაში, მისი თქმით, ხელისუფლებიდან გაფრთხილება მიიღო: ”აჭარის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები მოვიდნენ ჩემთან და მითხრეს, რომ დეპუტატის კანდიდატურა მომეხსნა, თორემ პრობლემები შეგექმნებაო და შემექმნა კიდეც. ცოტა ხანში ჩემი ძმა დააპატიმრეს უსაფუძვლო ბრალდებით, თითქოს სახელმწიფო ქონება დაიტაცა. არად, ჩემი ძმა არის ერთ-ერთი ფირმის დამფუძნებელი და თუ დანაშაული ჩაიდინა, გადასახადები უნდა დაემალა, მაგრამ რეალურად არსად წერია, არც მოსამართლის დასკვნაში, რა დაიტაცა, რა რაოდენობით თანხა. ცხრა წელი მიუსაჯეს.”
ამბავი მეორე.

ლელა ქიქავას მეუღლე გიორგი აბულაძე 20 მაისს რუსთაველის გამზირზე დააკავეს. მას ჯერჯერობით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი. ბრალდება იარაღის უკანონოდ ტარება: ”ჩასვეს შუა რუსთაველზე მანქანაში და ჩაუდეს იარაღი. როცა გააპროტესტა, ეს ჩემი იარაღი არ არისო, არავინ ყურადღება არ მიაქცია. ჩემი მეუღლე ვეტერანია, თავად ნაბრძოლი, და ყველა იარაღი ჩაბარებული ჰქონდა. არაფერმა გაჭრა. ”ეროვნული ფორუმის” წევრი იყო და ამიტომაც გაუსწორდნენ”, - მოგვითხრობს ლელა ქიქავა.

სახალხო დამცველის ოფისში შეკრებილმა პოლიტიკური პატიმრების ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა 6 ივლისს გამოაცხადეს, რომ იწყებენ კოორდინირებულ ბრძოლას. მათი სახელით ზაქარია ქუცნაშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციებს, უცხოეთის მთავრობებსა და განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას პოლიტიკური პატიმრების გათავსუფლება სთხოვა და ჯოზეფ ბაიდენის საქართველოში ვიზიტამდე მათი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

რადიო თავისუფლებამ კომენტარი სთხოვა სახალხო დამცველ სოზარ სუბარსაც, რომელმაც გვითხრა, რომ მხოლოდ მათ სამსახურს ბოლო სამი თვის განმავლობაში 30 მსგავსი საქმე აქვს შესწავლილი.

ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების არსებობა, მიუხედავად იმისა, მათი საერთო ოდენობა 30-ია თუ 119, ავტოკრატიულ რეჟიმზე მიუთითებს, - ამბობს სახალხო დამცველი: ”ეს არის ავტოკრატია, ოღონდ სუსტი ავტოკრატია, რომელიც ყველა თავის სურვილს ვერ ისრულებს, რადგან ხანდახან იძულებულია დათმობებზე წავიდეს, რადგან დასავლეთის მიმართ ვალდებულებები აქვს.”

პოლიტიკური პატიმრების ოჯახის წევრები 6 ივლისს იმაზეც შეთანხმდნენ, რომ მათი პროტესტი იქნება მძაფრი იმ შემთხვევაშიც, თუ ერთი პოლიტპატიმარი მაინც დარჩა ციხეში.
XS
SM
MD
LG