Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციის ნაწილი კანონებზე, ნაწილი კი კონსოლიდაციაზე მუშაობს


ოპოზიციის ლიდერები: სალომე ზურაბიშვილი, ლევან გაჩეჩილაძე, ირაკლი ალასანია
ოპოზიციის ლიდერები: სალომე ზურაბიშვილი, ლევან გაჩეჩილაძე, ირაკლი ალასანია
არასაპარლამენტო ოპოზიცია, როგორც ჩანს, არ აპირებს ზაფხულის არდადეგების მხოლოდ დასვენებისთვის გამოყენებას. „ალიანსი საქართველოსათვის“ ლიდერები აცხადებენ, რომ პოლიტიკური აქტიურობისათვის პასიურ პერიოდს კონსტიტუციასა და საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მომზადებისთვის გამოიყენებენ. ცხელი ზაფხულის აქტიურად გატარებას გეგმავს ოპოზიციის კიდევ ერთი ლიდერი, ლევან გაჩეჩილაძე, რომელიც 10 ავლისს ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის, „დაიცავი საქართველოს“, დაფუძნებას აპირებს.

არასაპარლამენტო ოპოზიცია, რომელიც ორიოდე თვის წინ რამდენიმე ცენტრალურ ქუჩას კეტავდა და პიკეტირების აქციებსაც მაღალი ინტენსივობით მართავდა, საპროტესტო მუხტს ერთადერთ ქუჩაზე, რუსთაველის გამზირზე, ინარჩუნებს.

დედაქალაქის მთავარი ქუჩა კვლავ გადაკეტილია ლითონის მსუბუქი კონსტრუქციებით, ხოლო ყოველი დღის ბოლოს, როგორც წესი, საინფორმაციო მიტინგი იმართება.

„ნუ ექნება ნურავის იმედი, რომ ეს ბრძოლა ან შეწყდება, ან სიმწვავე მოიკლებს. არავითარ შემთხვევაში!“ - მიტინგზე გამომსვლელთა ამგვარი ქადილის მიუხედავად, უნდა ითქვას, რომ ოპოზიცია მომიტინგეთა მრავალრიცხოვნებით სულ უფრო იშვიათად იწონებს თავს, თუმცა, როგორც ლევან გაჩეჩილაძე ამბობს, მომიტინგეთა რაოდენობის შემცირება არ ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებაში საპროტესტო მუხტი გაქრა. ლევან გაჩეჩილაძე ორიოდე დღეში, საზოგადოების კონსოლიდაციის მიზნით, ახალი მოძრაობის დაფუძნებას აპირებს.

როგორც უკვე ითქვა, ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის სახელწოდება იქნება „დაიცავი საქართველო“. ლევან გაჩეჩილაძის თქმით, ჭაბუა ამირეჯიბის ეს მოწოდება მოძრაობაში გააერთიანებს იმ ადამიანებს, ვინც რადიკალური ცვლილებების აუცილებლობაშია დარწმუნებული და საქართველოს დაცვაში შემდეგს გულისხმობს:

„იგულისხმება ტერიტორიული მთლიანობა, სწორი ეკონომიკური გარემოს ლობირება... იგულისხმება სამოქალაქო სექტორის გაძლიერება...“

ლევან გაჩეჩილაძის მსგავსად, ზაფხულის განმავლობაში ახალი მოძრაობის ჩამოყალიბებაზე ზრუნავს პარტია „თავისუფლებაც“, რომლის გენერალური მდივნის, სანდრო ბრეგაძის, თქმით, პარტია ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ჩამოსაყალიბებლად კონსულტაციებს მთელი ზაფხულის განმავლობაში გამართავს:

საქართველოში უნდა მოვიდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც წინა პლანზე საკუთარი ქვეყნის ინტერესებს დააყენებს. ასეთ შემთხვევაში საქართველო სწორი მიმართულებით განვითარდება და გახდება ნორმალური ქვეყანა. მიმაჩნია, რომ ამჟამად საქართველო არ არის დამოუკიდებელი ქვეყანა, იმიტომ რომ საქართველოში რეალურად სიტუაციას დღესაც უცხო ქვეყნის მაღალჩინოსნები მართავენ.“

სანდრო ბრეგაძის თქმით, ახალ მოძრაობაში გაერთიანდებიან ეროვნულ ნიდაგზე დამყარებული პარტიები, რომელთა მიზანი შევარდნაძის ხელისუფლების მიერ შექმნილი და სააკაშვილის მიერ გაძლიერებული სისტემის დემონტაჟია. ასევე სააკაშვილის სისტემის დემონტაჟს, თუმცა სულ სხვა გზით, აპირებს კიდევ ერთი ოპოზიციური გარეთიანება. „ალიანსი საქართველოსათვის“ ლიდერები აცხადებენ, რომ ზაფხულის ცხელს დღეებს კონსტიტუციისა და საარჩევნო კოდექსის დახვეწაში გაატარებენ. ირაკლი ალასანია განმარტავს:

ჩვენი მოსაზრებები და წინადადებები იქნება ხელმისაწვდომი მთელი საზოგადოებისთვის. საკონსტიტუციო ცვლილებებზე უნდა არსებობდეს ზოგადი კონსენსუსი პოლიტიკურ ძალებს შორის. ამიტომ ჩვენ მზად ვართ და ვაპირებთ როგორც პარტნიორ პოლიტიკურ ძალებთან ამ ცვლილებებზე მუშაობის გაგრძელებას, ასევე მჭიდროდ ვითანამშრომლებთ საზოგადოებრივ საკონსტიტუციო კომისიასთან.“

უნდა ითქვას, რომ საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისია, რომელშიც 18 წევრია გაერთიანებული, დაახლოებით ერთი თვის წინ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის კვალად შეიქმნა. „ალიანსის“ ლიდერები აცხადებენ, რომ თავად ემხრობიან სახელმწიფო მოწყობის საპრეზიდენტო მოდელს, დამოუკიდებელი პარლამენტითა და სასამართლო სისტემით. რაც შეეხება საარჩევნო კოდექსსა და მისი შეცვლის აუცილებლობას, ამასთან დაკავშირებით დავით გამყრელიძე ამბობს:

„ხელისუფლება, დღეს იქნება თუ ხვალ, მაინც ჩაატარებს არჩევნებს და, რა თქმა უნდა, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გვინდა, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს იმავე პირინციპით, ადმინისტრაციითა და მექანიზმით, რომლითაც გაყალბდა არაერთი არჩევნები. უახლოეს პერიოდში საზოგადოებასა და კოლეგებს წარვუდგენთ საარჩევნო კოდექსის არგუმენტირებულ ცვლილებებს ყველა მტკივნეულ საკითხზე.“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG