Accessibility links

logo-print

დეპოლიტიზებული შსს - პროექტი განსჯისათვის


შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრო

უახლოეს დღეებში საკონსტიტუციო კომისიას წარედგინება ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტროს ორ ნაწილად - შინაგან საქმეთა სამინისტროდ და უშიშროების სამსახურად - დაყოფის შესახებ. ცვლილება აუცილებელია შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პოლიტიკური კომპონენტის ჩამოსაშორებლად, აცხადებს საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ნიკა ლალიაშვილი. მისივე თქმით, საკონსტიტუციო კომისიის გარდა, ინიციატივა განსახილველად საქართველოს პარლამენტსაც გადაეცემა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს რეორგანიზაცია დაჩქარებული წესით უნდა მოხდეს, მიიჩნევენ ქრისტიან-დემოკრატები და, შესაბამისად, მოითხოვენ, რომ ცვლილება მოქმედ კონსტიტუციაშივე შევიდეს. შესაბამისად, მზადების პროცესშია ორი პროექტი. ერთია საკონსტიტუციო წინადადება შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის პოლიტიკური ფუნქციის ჩამოშორებისა და უშიშროების სამსახურის შექმნის შესახებ, მეორე კი - კანონპროექტი უშუალოდ უშიშროების სამსახურის შესახებ. ამ პროექტით დარეგულირდება უშიშროების სამსახურის სამოქმედო არეალი, მიზნები, მოვალეობები, ფუნქციები და ა. შ.. როგორც ქრისტიან-დემოკრატი ნიკა ლალიაშვილი ამბობს, ამ კანონპროექტზე მუშაობა სექტემბრისთვის დასრულდება, განხილვით კი, პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე განიხილება. კანონპროექტზე ექსპერტები მუშაობენ. ქრისტიან-დემოკრატების ინიციატივა, თავის მხრივ, გულისხმობს იმას, რომ, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოყოფის შემდეგ, უშიშროების სამსახური პარლამენტის წინაშე უნდა იყოს ანგარიშვალდებული, მას უნდა დაექვემდებაროს, ხელმძღვანელი კი ხუთი წლის ვადით ასევე პარლამენტმა უნდა აირჩიოს.

მთავრობაში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროები ერთ უწყებად 2004 წლის დეკემბერში გაერთიანდნენ. ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მაშინ საბჭოური გადმონაშთის უარყოფად და დასავლურ მოდელზე გადასვლად შეაფასა, ოპოზიციამ კი - „პოლიციური სახელმწიფოს“ შექმნის წინაპირობად.

რას მოგვცემს ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ორ სტრუქტურად გაყოფა? - ამ შეკითხვით ქრისტიან-დემოკრატ ნიკა ლალიაშვილს მივმართეთ.

„ პირველ რიგში, ქვეყანაში შეიქმნა უდიდესი პრობლემა იმის გამო, რომ მოხდა გადაჭარბებული პოლიტიზაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსი. შესაბამისად, როგორც კი ამ უწყებას ჩამოსცილდება პოლიტიკური კომპონენტი და ის დარჩება მხოლოდ სამართალდამცავ უწყებად, ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებას.“

ნიკა ლალიაშვილის განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპოლიტიზაციის მიზნით კონსტიტუციაში უნდა აღდგეს ჩანაწერი, რომლითაც ძალოვანი სტრუქტურების შერწყმა იკრძალებოდა. ქრისტიან-დემოკრატების ინიციატივას სიტყვიერად უკვე იცნობენ საკონსტიტუციო კომისიაში. მისი თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილი ამბობს, რომ ქრისტიან-დემოკრატების წინადადებას კომისიის სასამართლო ხელისუფლებისა და ძირითადი უფლებების სამუშაო ჯგუფში განიხილავენ.

საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე აღნიშნავს იმასაც, რომ კომისიაში ჯერჯერობით არ შესულა სხვა ინიციატივა, რომელიც რაიმე სახით ითვალისწინებდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეორგანიზაციას. შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპოლიტიზება ჯერჯერობით არც საზოგადოებრივ-საკონსტიტუციო კომისიის მსჯელობის საგანი გამხდარა.

„ჩვენ ჯერჯერობით კონსტიტუციის ჩონჩხზე ვმუშაობთ. და მერე ვნახოთ. მთავრობასა და მთავრობის დაკომპლექტების საკითხებზე რომ გადავალთ, მერე გამოჩნდება.“

გვითხრა საზოგადოებრივ-საკონსტიტუციო კომისიის წევრმა ლია მუხაშავრიამ. თავის მხრივ, საკონსტიტუციო კომისიაში ქრისტიან-დემოკრატების მიერ ინიცირებული პროექტის სწრაფად განხილვის იმედი არა აქვს არც ნიკა ლალიაშვილს. მისი განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ორ სტრუქტურად გაყოფის შესახებ კომისია საგნობრივად მხოლოდ მაშინ იმსჯელებს, როდესაც კონსტიტუციის პროექტში თავდაცვისა და უშიშროების თავზე მუშაობა დაიწყება. ეს კი, ნიკა ლალიაშვილის აზრით, შემოდგომამდე არ მოხდება.
XS
SM
MD
LG