Accessibility links

logo-print

შავკანიან რუსებში ობამას ვიზიტი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს


პრეზიდენტ ბარაკ ობამას პირველი ვიზიტი მოსკოვში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ერთ მცირერიცხოვან ჯგუფში - შავკანიან რუსებში. მაინც რას ნიშნავს ობამას ვიზიტი აფრიკული წარმოშობის რუსებისთვის?

ამერიკის პრეზიდენტად არჩეული პირველი შავკანიანი კაცის, ბარაკ ობამას, მოსკოვში ვიზიტი ბევრი რუსისთვის არის ნიშანდობლივი. განსაკუთრებული მნიშვნელობა კი ამ ვიზიტს რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის აქვს, ვინც აფრიკული წარმოშობისაა.

ბევრი შავკანიანი რუსისთვის შეერთებული შტატების ახალი ლიდერი იმ პრობლემების გადალახვის სიმბოლოს წარმოადგენს, რომლებსაც ისინი ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან. მუქკანიანი ადამიანები რუსეთში ჯერაც იშვიათია და ისინი ხშირად ხდებიან აგრესიის მსხვერპლი.

ელენა ხანგა რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შავკანიანი მოქალაქეა. მას 1990-იან წლებში სექსის შესახებ პოპულარული სატელევიზიო პროგრამა - ”პრო ეტო” - მიჰყავდა და ის დღემდე რჩება წარმატებულ ტელეწამყვანად.

ხანგას ბებია და პაპა საბჭოთა კავშირში 1920-იან წლებში ჩავიდნენ შეერთებული შტატებიდან, საიდანაც ისინი შერეული წყვილების მიმართ არსებულ დისკრიმინაციას გაექცნენ. დღეს, ხანგას თქმით, ობამას შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩევას და მოსკოვში ვიზიტს მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს:

”მან მიაღწია იმას, რაზეც ჩემი პაპა და ბებია ოცნებობდნენ. თავის დროზე, 20-იანი წლების ბოლოს, რასიზმის გამო ისინი იძულებულნი გახდნენ შეერთებული შტატები დაეტოვებინათ და საბჭოთა კავშირში ჩასულიყვნენ. ისინი რასიზმს გაექცნენ და იმ დროს ოცნებაც კი არ შეეძლოთ, რომ ოდესმე ამერიკას შავკანიანი პრეზიდენტი ეყოლებოდა. მხოლოდ ერთ რამეზე ოცნებობდნენ - ბებია თეთრკანიანი იყო, პაპა შავკანიანი და მათ სურდათ შერეულ წყვილებს ამერიკაში ოდესმე მშვიდი ცხოვრების, შვილების ყოლის უფლება ჰქონოდათ და შემდეგ შვილებისთვის ღირსეული მომავლის მიცემა შეძლებოდათ. აი ამაზე ოცნებობდნენ ისინი.”

ხანგას პაპა, ოლივერ გოლდენი, ჯერ კიდევ შეერთებულ შტატებში ცხოვრებისას გაწევრიანდა კომუნისტურ პარტიაში - მას შემდეგ, რაც, უნივერსიტეტში მოპოვებული ხარისხის მიუხედავად, ოფიციანტის გარდა, ვერანაირი სამუშაო ვერ იშოვა.
მალე მან შეერთებული შტატები დატოვა და პოლონური წარმოშობის ამერიკელ ცოლთან ბერტა ბიალეკთან ერთად საბჭოთა კავშირს მიაშურა. საბჭოთა ბოლშევიკების შთაგონებით, იმ დროს ამერიკიდან საბჭოთა კავშირში შავკანიანთა რამდენიმე ჯგუფი ჩავიდა, ”ახალი საზოგადოების” აშენების მიზნით.

ამერიკელი შავკანიანების გარდა, საბჭოთა პერიოდში აფრიკელ სტუდენტებსაც აქტიურად მოუწოდებდნენ განათლების მისაღებად

საბჭოთა კავშირში ჩასულიყვნენ, რასაც შერეული ქორწინებები და რასობრივად შერეული ბავშვები მოჰყვა.

ზოგადად კი, აფრიკული წარმოშობის რუსებს შორის, ალბათ, ყველაზე ცნობილი ლეგენდარული პოეტი ალექსანდრ პუშკინია. მისი დიდი პაპა სანკტ-პეტერბურგში მე-18 საუკუნის დასაწყისში, პეტრე პირველის დროს, ჩაიყვანეს.

მაგრამ მუქი კანი რუსეთში მაინც იშვიათობას წარმოადგენს. ერთ-ერთი შეფასების თანახმად, რუსეთში აფრიკული წარმოშობის მოქალაქეების რიცხვი 40,000-დან 70,000-მდე მერყეობს.

ამის გამო შავკანიანი რუსების ყოფა ბევრ სირთულეს უკავშირდება. საუკეთესო შემთხვევაში, მათ მიმართ ზედმეტ ცნობისმოყვარეობას იჩენენ ხოლმე; უფრო უარეს შემთხვევებში კი, ისინი ღია აგრესიის მსხვერპლი ხდებიან.
მოსკოვში მოქმედი თეატრის, ”სოვრემენნიკის”, მსახიობი გრიგორი სიატუნდა, 1970-იან წლებში ტიუმენში გაიზარდა, სადაც ის ერთადერთი შავკანიანი იყო. გრიგორი იხსენებს, რომ წლების განმავლობაში სტერეოტიპებისა და ეგზოტიზაციის მსხვერპლი იყო:

”როგორ გითხრათ - ის, რაც მე ბავშვობაში ტიუმენში განვიცადე, რასიზმი არ ყოფილა. მე ერთადერთი შავკანიანი ვიყავი - ტიუმენი ციმბირის ქალაქია და იქ საერთოდ არ არიან შავკანიანები; ცოცხალი შავკანიანი არავის უნახავს. ამიტომაც მე გაძლიერებული ცნობისმოყვარეობით მეკიდებოდნენ - იმდენად, რომ ეს ცნობისმოყვარეობა ხანდახან უტაქტობაში გადადიოდა ხოლმე.”

კომუნისტური რეჟიმი წლების განმავლობაში ოფიციალურად უარყოფდა საბჭოთა კავშირში რასიზმის არსებობას. თანამედროვე რუსეთში კი ის ყოველდღიურ რეალობას წარმოადგენს - ქვეყანაში გაძლიერდა ნაციონალისტური ჯგუფები და ქსენოფობიური სენტიმენტები.

რუსული უფლებადამცველი ორგანიზაცია ”სოვას” თანახმად, 2008 წელს რასისტულ თავდასხმებს 97 ადამიანი ემსხვერპლა. სტატისტიკის თანახმად, ამგვარ თავდასხმებს ყველაზე ხშირად შუა აზიიდან ჩასული მიგრანტები ეწირებიან, მაგრამ ექსტრემისტების ერთ-ერთ ძირითად სამიზნედ შავკანიანებიც რჩებიან.

და მაინც, ელენა ხანგა, რომლის დიდი ბებიაც მონა იყო ამერიკაში, მისისიპის შტატში, ამბობს, რომ რუსეთთან შედარებით რასიზმს ბევრად მასშტაბური ისტორია აქვს შეერთებულ შტატებში, სადაც 1865 წელს, მონობის გაუქმების დროს, 4 მილიონი აფრიკელი მონა იყო და სადაც კიდევ ერთი საუკუნე დასჭირდა სკოლებში სეგრეგაციის და სხვა დისკრიმინაციული მექანიზმების ოფიციალურ აღკვეთას:

”რუსეთში, საბჭოთა კავშირში, შავკანიანი თუ რასობრივად შერეული ადამიანების რიცხვი ძალიან მცირე იყო. მე პირველი თაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი ვარ. ახლა, რასაკვირველია, რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. მაგრამ აქ ჩვენ არ გამოგვივლია ისეთი ისტორია, როგორიც ამერიკაში - რასიზმის ისტორია. ცხოვრება ადვილი არ ყოფილა და მე პირველი ვიქნები, ვინც მოყვება, როგორი პრობლემები გვქონდა აქ. მაგრამ, ცხადია, ეს ყველაფერი არც კი შეედრება იმ პროცესებს, რაც ამერიკაში ხდებოდა.”

თუმცა ის ფაქტორიც ნიშანდობლივია, რომ ის რამდენიმე შავკანიანი რუსი, რომელმაც წარმატება მოიპოვა, ძირითადად, სპორტის ან შოუ-ბიზნესის სფეროებში მუშაობს. ხანგა იმედოვნებს, რომ ობამას ისტორიული გამარჯვება რუს შავკანიანებს სხვა გზებსაც გაუხსნის და ისინი წარმატების მიღწევას პოლიტიკის თუ მეცნიერების სფეროებშიც შეძლებენ.
XS
SM
MD
LG