Accessibility links

logo-print

ჩინეთში, სინიანის რეგიონში, საპროტესტო გამოსვლებს 140 ადამიანი შეეწირა


საპროტესტო აქცია ჩინეთში

საპროტესტო აქცია ჩინეთში

გავრცელებული ცნობებით, ჩინეთში, სინიანის ავტონომიურ რეგიონში, გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები მას შემდეგ, რაც საპროტესტო გამოსვლებს იქ, დაახლოებით, 140 ადამიანი შეეწირა და ასობით დაიჭრა. ჩინეთის ოფიციალური პირები არეულობის მოწყობაში უიღურ სეპარატისტებს ადანაშაულებენ, უიღურთა წარმომადგენლები კი ბრალდებას უარყოფენ.
ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, 140 ადამიანი დაიღუპა და 800-ზე მეტი დაიჭრა მას შემდეგ, რაც რეგიონის ძირითადად მუსულმანური მოსახლეობის წარმომადგენლები თავს დაესხნენ გამვლელებს, ცეცხლი წაუკიდეს მანქანებს და პოლიციასთან მოუხდათ შეტაკება.

ახალი ამბების სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიარაღებული იყვნენ დანებით, აგურებით და რკინის ჯოხებით.

მთავრობა არეულობის მოწყობაში უცხოეთში მოქმედ უიღურებს ადანაშაულებს. ისინი კი ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ არეულობა პოლიციის მხრიდან მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნამ გამოიწვია. უიღურების განცხადებით, დემონსტრანტები მათი უფლებების შემზღუდველ სამთავრობო პოლიტიკას აპროტესტებდნენ.
ჩინეთის ოფიციალური წყაროები აცხადებენ, რომ აქციაში 500-მდე ადამიანი მონაწილეობდა; უცხოეთში მოქმედი უიღურთა ამერიკული ასოციაცია კი იუწყება, რომ აქციის მონაწილეთა რიცხვი 3,000 იყო.

ვრცელდება ცნობები, რომ დაპატიმრებულია ასობით ადამიანი და გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. ახალი ამბების სააგენტოები იუწყებიან, რომ რეგიონის დედაქალაქ ურუმჩის ქუჩებში 2,000-მდე პოლიციელი პატრულირებს. ურუმჩის მოსახლეობას დღეიდან აღარ აქვს ინტერნეტით სარგებლობის შესაძლებლობა. პოლიციელები რეგიონის სხვა ქალაქების ქუჩებშიც დგანან.

ორშაბათის სატელევიზიო გამოსვლაში სინიანის გუბერნატორმა, ნურ ბეკრიმ განაცხადა, რომ ძალადობა საზღვარგარეთიდან იყო ინსპირირებული:
”შინ და გარეთ მოქმედი სამი ძალა - სეპარატიზმი, ტერორიზმი და რელიგიური ექსტრემიზმი - აგრესიულად ამზადებდა თავდასხმას ჩინეთის კომუნისტურ პარტიასა და მთავრობაზე. ამასთან, ისინი ხალხს ქალაქში დემონსტრაციების ჩატარებისკენ უბიძგებდნენ. მათ მძიმე დარტყმა მიაყენეს ეთნიკური ჯგუფების ერთიანობას და ჰარმონიულ საზოგადოებას. ისტორიას არაერთხელ უჩვენებია, რომ სტაბილურობა ბედნიერებაა, ქაოსი კი - ნგრევა. ეთნიკურ ჯგუფებს შორის ჰარმონია როცა მყარდებოდა, ეკონომიკა და სინიანის საზოგადოება სწრაფად ვითარდებოდა და ადამიანებიც მეტ სარგებელს ნახულობდნენ.”

ჩინეთის ოფიციალური პირები ძალადობის ინსპირირებაში ადანაშაულებენ გერმანიაში მოქმედ უიღურთა მსოფლიო კონგრესს, რომელსაც შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქალი, რებია კადეერი, ხელმძღვანელობს. კონგრესის წარმომადგენლები ბრალდებას გადაჭრით უარყოფენ. ვიცე-პრეზიდენტმა ასგარ ქენმა, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს, რადიო თავისუფლებას შემდეგი უთხრა:

”რეგიონში ნებისმიერი საპროტესტო გამოსვლების შემთხვევაში ჩინეთის მთავრობა ყოველთვის უიღურთა მსოფლიო კონგრესს ადანაშაულებს პროტესტის ხელშეწყობაში. კარგი იქნებოდა, ჩვენი დადანაშაულების ნაცვლად, მთვრობას რეგიონში მცხოვრები უიღურებისთვის მოესმინა და მათი მოთხოვნები დაეკმაყოფილებინა. მაშინ ასეთი საპროტესტო გამოსვლები არ მოეწყობოდა. უიღურებს ბევრი პრობლემა შეექმნათ [50 წლის განმავლობაში]. ჩვენ ოფიციალურად ჩვენს დედა ენას ვერ ვიყენებთ, არ გვაქვს გამოხატვის თუ რელიგიის თავისუფლება. აკონტროლებენ ოჯახების შობადობას. პეკინმა რეგიონში უკვე 46-ჯერ ჩაატარა ბირთვული გამოცდა. ეს საპროტესტო ტალღა პასუხია უიღურების მიმართ ჩინეთის მთავრობის მხრიდან გამოვლენილი არაადამიანური დამოკიდებულებისა.”

ასეთივე განცხადებით გამოვიდა ყირგიზეთში მოქმედი უიღურთა არასამთავრობო ორგანიზაცია ”ერთობის” ყოფილი ხელმძღვანელი როზიმუხამეტ აბდილბაკიევი, რომელმაც რადიო თავისუფლების ყირგიზულ სამსახურს პროტესტის მიზეზები ასე აუხსნა:

”მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთმა სინიანს უიღურთა ავტონომიური რეგიონის სტატუსი მიანიჭა, იქ ავტონომია არ არსებობს. უიღურების უფლებები დაცული საერთოდ არ არის. მაო ძედუნს მათი უფლებები არ განუსაზღვრავს. ეს პოლიტიკური და სოციალური საკითხია. ჩინეთის ტოტალიტარული რეჟიმი სრულად არღვევს გამოხატვის, პრესის, პიროვნების, რწმენის თავისუფლებებს და ხალხის პროტესტი სწორედ ამან გამოიწვია. ”

სინიანში დაახლოებით 8 მილიონი უიღური ცხოვრობს, რაც რეგიონის მთელი მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს წარმოადგენს. რეგიონი მდიდარია გაზით, მინერალებით და მიწათმოქმედების პროდუქტებით და ჩინეთს შუა აზიასთან ვაჭრობისა და ენერგეტიკის სფეროებში აკავშირებს.

ჩინეთის მთავრობის კრიტიკოსები აცხადებენ, რომ პეკინი ტერორიზმის საფრთხეს იყენებს საბაბად, რათა ჩაახშოს უიღურთა მშვიდობიანი მოძრაობა იდენტობის შენარჩუნებისა და დამოუკიდებლობისთვის.

უცხოეთში მოქმედი ჯგუფების როლის შესახებ მთავრობის განცხადებები 2008 წლის მარტში ტიბეტის მხარეში განვითარებულ პროცესებს ჩამოჰგავს - საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობის დროს მთავრობა მაშინაც უცხოეთში დაგეგმილ შეთქმულებაზე ლაპარაკობდა.

სინიანის რეგიონში განვითარებულ პროცესებს უკვე მოჰყვა გარკვეული საერთაშორისო გამოხმაურება. გაეროს გენერალური მდივნის ბან კი მუნის განცხადებით, ყოველგვარი უთანხმოება დიალოგით, მშვიდობიანად უნდა გადაიჭრას. მან მთავრობებს მოუწოდა, დაიცვან მოქალაქეთა სიცოცხლე და თავისუფლება.

იტალიის პრეზიდენტმა ჯორჯო ნაპოლიტანომ თავის ჩინელ კოლეგა ჰუ ძინტაოსთან ერთად რომში გამართულ პრესკონფერენციაზე ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ ილაპარაკა - მისი განცხადებით, ორივე მხარე თანხმდება, რომ ”ჩინეთში მიღწეული ეკონომიკური და სოციალური პროგრესი ადამიანის უფლებების დაცვას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის.”
ლონდონში პრემიერ-მინისტრ გორდონ ბრაუნის წარმომადგენელმა ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდა.
XS
SM
MD
LG