Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკისა და რუსეთის ლიდერებმა საქართველოს საკითხიც განიხილეს


ბარაკ ობამა და დმიტრი მედვედევი
ბარაკ ობამა და დმიტრი მედვედევი
აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ბარაკ ობამამ და დმიტრი მედვედევმა კრემლში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს საკითხზეც იმსჯელეს. როგორც ობამამ შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ თემაზე დისკუსია გულახდილად წარიმართა. „მე კიდევ ერთხელ გამოვხატე ჩემი ღრმა რწმენა, რომ საქართველოს სუვერენობასა და ტერიტორიულ მთლილანობას პატივი უნდა ვცეთ“, თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა. „და განვაგრძობთ რა საქართველოს საზღვრებთან დაკავშირებით უთანხმოებების დაძლევაზე მუშაობას, შევთანხმდით, რომ არავის ინტერესებში არ შედის სამხედრო კონფლიქტის განახლება.“

თეთრი სახლის მესვეურმა დასძინა, რომ ყოველგვარი უთანხმოებები გულახდილი საუბრის გზით, მშვიდობიანად და
ამერიკისა და რუსეთის ლიდერები კრემლში
კონსტრუქციულად უნდა მოგვარდეს.

ობამას ამ განცხადებას ვილნიუსიდან გამოეხმაურა საქართვუელოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მონაწილეობას იღებს ლიტვის ათასწლოვან იუბილესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ვაშინგტონის მხარდაჭერას აშშ-ის მხარდაჭერას „უპრეცედენტო“ უწოდა.

სააკაშვილმა აღნიშნა, რომ სინამდვილეს არ შეესაბამება რუსეთის პროპაგანდის მიერ გავრცელებული აზრი, თითქოს საქართველოს დასავლეთის მხარდაჭერა დაეკარგოს. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც ორ ზესახელმწიფოს შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, საქართველოა: „აშშ საქართველოს მშვიდობის სადარაჯოზე დადგა, ეს არის უპრეცედენტო მხარდაჭერა. ჩვენ შევინარჩუნებთ ამ მხარდაჭერას, გვექნება უფრო მეტი მხარდაჭერა, მოვახერხებთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაციას და მოვახდენთ დასავლეთთან ინტეგრაციას. დარწმუნებული ვარ, დემოკრატიული სამყარო მომავალშიც მხარს დაგვიჭერს თუ ჩვენ ვიქნებით ჭკუით და ერთიანობის პირობებში ბრძოლას გავაგრძელებთ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
XS
SM
MD
LG