Accessibility links

logo-print

გორში გამოცდებს, ძირითადად, შიდაქართლელი აბიტურიენტები აბარებენ


გორის მე-3 საჯარო სკოლაში, სადაც საგამოცდო ცენტრია გახსნილი, რამდენიმე დღეა, ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს. ამ ცენტრში გამოცდებს, ძირითადად, შიდაქართლელი აბიტურიენტები აბარებენ. წელს საგამოცდო ცენტრში 1500 აბიტურიენტი დარეგისტრირდა. გამოცდები ორ სესიად მიმდინარეობს. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა უკვე დასრულდა, ამჟამად აბიტურიენტები გამოცდას ზოგად უნარებში აბარებენ. ამ საგანში მიღებულ ქულაზეა დამოკიდებული სახელმწიფოს მიერ სტუდენტისთვის გასაცემი გრანტის ოდენობა. საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის თინათინ გვერდწითელის განცხადებით, გორში გამოცდები მშვიდად და ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე აბიტურიენტი პირველ გამოცდაზე არ გამოცხადდა, მათ სტუდენტობის შანსი კიდევ რჩებათ.

აბიტურიენტებზე არანაკლებად მათი მშობლები და გულშემატკივრები ნერვიულობენ. მთელი დღის განმავლობაში ისინი ეზოში გამოდგმულ მონიტორს აკვირდებიან, მაგრამ გამოსახულების უხარისხობის გამო იქ რაიმეს გარჩევა შეუძლებელია. გუშინ კი ძლიერმა ქარმა მონიტორი სადგამიდან გადმოაგდო, რამაც მისი დაზიანება გამოიწვია.

გამოცდებიდან გამოსული აბიტურიენტების შეფასებით, პირველი ორი გამოცდის ტესტები საშუალო სირთულის იყო.

ერთიანი ეროვნული გამოცდები კიდევ რამდენიმე დღეს გასტანს.
XS
SM
MD
LG