Accessibility links

logo-print
ქუთაისში ეროვნულ გამოცდებს ორი ათასზე მეტი აბიტურიენტი აბარებს. საგამოცდო ცენტრები პირველ და 41-ე საჯარო სკოლებშია გახსნილი. ორივე სკოლა ახალი გარემონტებულია. თანამედროვე ინვენტარი და ევროსტანდარტების შესაბამისი რემონტი გახდა აღნიშნულ სკოლებში საგამოცდო ცენტრების განთავსების საბაბი. თითოეულ საგამოცდო ცენტრში ოთხმოცდაათამდე თანამშრომელი, მათ შორის ტესტირებით შერჩეული კურატორები და მეთვალყურეები, მსახურობენ. 41-ე საჯარო სკოლაში განთავსებული საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის ივლიანე ნაჭყებიას თქმით, ქართულ ენასა და ზოგად უნარებში გამოცდები მშვიდ გარემოში ჩატარდა. საგამოცდო ცენტრისთვის პრეტენზიით არც ერთ აბიტურიენტს არ მიუმართავს. მაღალი იყო აბიტურიენტთა გამოცხადებაც. ქართული ენის გამოცდაზე თხუთმეტი, ხოლო ზოგადი უნარების გამოცდაზე ოთხი აბიტურიენტი არ გამოცხადდა.

გიორგი შავგულიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში კიბერნეტიკის ფაკულტეტზე აბარებს. გიორგის თქმით, საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტებისთვის საუკეთესო პირობებია შექმნილი. ის უკმაყოფილო მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდისთვის გამოყოფილი მცირე დროის გამოა.

მანანა ცირეკიძე მშობელია. მისი თქმით, ზოგადი უნარების ტესტები რთული იყო, ხოლო აბიტურიენტებს ამოცანების ამოსახსნელად არასაკმარისი დრო ჰქონდათ.

ქუთაისში საგამოცდო ციებ-ცხელება 18 ივლისამდე გაგრძელდება. საგამოცდო ცენტრების წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება.
XS
SM
MD
LG