Accessibility links

logo-print

ბულგარეთის არჩევნებში ყოფილი კარატისტისა და პირადი მცველის პარტიამ გაიმარჯვა


ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული "გერბის" პარტიის ლიდერი ბოიკო ბორისოვი

ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული "გერბის" პარტიის ლიდერი ბოიკო ბორისოვი

კვირას საპარლამენტო არჩევნები გაიმართა ბულგარეთში - ერთ დროს სოციალისტური ბანაკის, ახლა კი ნატოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყანაში. არჩევნების შედეგი მკაფიოდ გამოხატავს ელექტორატის სურვილს, შეიცვალოს პოლიტიკური კურსი, რომელსაც ოთხი წლის მანძილზე განსაზღვრავდა კოალიციური მთავრობა სოციალისტური პარტიის ხელმძღვანელობით.

საპარლამენტო არჩევნების შედეგი იმავდროულად ცხადჰყოფს, რომ ევროკავშირის ამ, უღარიბესი ქვეყნის ელექტორატის დიდი ნაწილის იმედები უკავშირდება ბოიკო ბორისოვს: პარტია “გერბის” დამაარსებელსა და ლიდერს. არადა “გერბი”, რაც აბრევიატურაა კონსერვატიული პარტიის სახელწოდებისა “მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის”, სულ სამი წელია არსებობს და, შესაბამისად, პარლამენტში აქამდე საერთოდ არ იყო წარმოდგენილი - როგორც ირკვევა პირდაპირ უმრავლესობით შევა!

კვირას “გერბმა” საარჩევნო ხმების 39,7 პროცენტი მოაგროვა, მაშინ, როცა მმართველ სოციალისტებს (ყოფილ კომუნისტებს) 18 პროცენტიც კი არ ერგოთ. “გამანადგურებელი მარცხი იწვნიეს, ეს იგივეა, ფეხბურთში 1:7 რომ წააგოო”, - გახარებულმა წამოიძახა არჩევნების საღამოს, კენჭისყრის პირველი შედეგებით გამხნევებულმა ბორისოვმა. მანვე გამოთქვა სურვილი, რომ “გერბმა” შექმნას მთავრობა მთელი ხალხისთვის და არა მარტო იმათთვის, ვინც ბორისოვის პარტიას თავისი ხმა მისცა - ანუ 40 პროცენტისთვის. ამიტომ აპირებს ბორისოვი, მისივე განცხადებით, შესაძლო კოალიციაზე მოლაპარაკებას ყველა ცენტრისტულ და მემარჯვენე პარტიასთან. აქვე უნდა ითქვას, რომ ბოიკო ბორისოვს, რომელიც 2005 წლიდან სოფიის მერია, ახლა, როგორც საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერს და მომავალ პრემიერ-მინისტრს უწევს კოალიციური მთავრობის შექმნაზე ზრუნვა.

პლაკატებზე გამოსახულმა სოციალისტმა კანდიდატმა ლუბენ კორნეზოვმა მარცხი განიცადა
მაინც როგორ შეძლო ბორისოვის სულ სამი წლის წინ დაარსებულმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ ასეთი შთამბეჭდავი წარმატების მიღწევა საპარლამენტო არჩევნებში? ამ შეკითხვით მივმართეთ ბულგარელ პოლიტოლოგ ოგნიან მინჩევს და პასუხად მივიღეთ შეფასება, რომ ელექტორატისთვის მთავარი იყო, ბოლო მოეღო სოციალისტებისა და მათი მოკავშირეების მმართველობისთვის, რომ მოსახლეობის დიდი უმრავლესობისთვის უკვე შეუძლებელი იყო მმართველობის იმ სტილის ატანა, რომელიც სამი პარტიის კოალიციამ დაამკვიდრა. ამ სამმა პარტიამ - სოციალისტებმა (ანუ ყოფილმა კომუნისტებმა), ყოფილი მეფის პარტიამ და თურქული უმცირესობის პარტიამ განავითარა, როგორც მინჩევი აღნიშნავს, “უზომო, ღია და აროგანტული კორუფციის, ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობის, არაეფექტიანი მმართველობის სისტემა, რომლის გაძლებაც ხალხს აღარ შეეძლო და ამიტომ დიდმა უმრავლესობამ მისცა ხმა ამ მთავრობის გადაყენებას”.

ბულგარელი პოლიტოლოგის ამ შეფასებასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ სოფიის კორუფციაში ბრალდება დიდი ხანია ისმის და იმდენად სერიოზულია, რომ გასულ წელს ამ ქვეყანას ევროკავშირის დახმარება შეუჩერდა: ბულგარეთს სწორედ კორუფციაში ბრალდების საფუძველზე უთხრეს უარი ბრიუსელიდან მილიონობით დოლარის მიწოდებაზე.

ამჟამინდელი, კორუფციით სახელგატეხილი მთავრობის ერთადერთი რეალური ალტერნატივა ბულგარელი ამომრჩევლის თვალში ბოიკო ბორისოვის კონსერვატიული პარტია “გერბი” აღმოჩნდა, განმარტავს პოლიტოლოგი ოგნიან მინჩევი. მისივე თქმით, “ეს არის პარტია, რომელიც თავდაპირველად ბორისოვის ქარიზმას ეფუძნებოდა. საქმე ეხება ერთგვარ პოპულისტურ პროექტს, მაგრამ არა ბორისოვისადმი სიმპათიის, თუ მხარდაჭერის თვალსაზრისით, არამედ იმ ფაქტის გამო, რომ ხალხს - ჩვეულებრივ ხალხს - სურს, რომ მისი ლიდერი ჩვეულებრივი ადამიანი იყოს. და ამიტომ ამოიცნეს ბორისოვის სახით ადამიანი, რომელიც ჩვეულებრივი ხალხიდან არის გამოსული, რომელსაც აქვს პოტენციალი და უნარი, უხელმძღვანელოს ქვეყანას ისე, რომ სარგებელი მოუტანოს ხალხს,” - ამბობს ბულგარელი პოლიტოლოგი, რომლის აზრითაც, ასეთმა აღიარებამ მოუტანა საარჩევნო გამარჯვება “გერბს”. პოლიტოლოლგმა ოგნიან მინჩევმა “გერბის” ლიდერი ბოიკო ბორისოვი “ჩვეულებრივი ხალხიდან გამოსულად” მოიხსენია. ოპონენტები კი მისთვის მძაფრ შეფასებებს იმეტებენ - ბოიკო ბორისოვი მარტო პირად მცველად თუ გამოდგება, რაც იყო კიდეც და, საერთოდ, კუნთების სიმაგრით უფრო გამოირჩევა, ვიდრე გონიერებითო...

ასეა თუ ისე, 50 წლის ბოიკო ბორისოვის სპორტული აღნაგობა მართლაც თვალშისაცემი მახასიათებელია. ის შავი ქამრის მფლობელი კარატისტია, ეროვნული ნაკრების მწვრთნელიც კი იყო, 80-ან წლებში პოლიციელის წარმატებული კარიერა გამოიარა, ხოლო 1989 წელს კომუნისტური რეჟიმის დამხობის შემდეგ პირად მცველად მუშაობას შეუდგა: ზრუნავდა ცნობილი პიროვნებების, მათ შორის ყოფილი კომუნისტი ლიდერის, ტოდორ ჟივკოვისა და ყოფილი მეფის, სიმეონ მეორის უსაფრთხოებაზე. პოლიტიკური ცოდნა მათგან შევიძინეო, - ამბობს ბორისოვი, რომელიც 2001 წელს დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ, 2005 წლიდან სოფიის მერია და რახანია, უკვე თავად უწევს პირადი მცველების გარემოცვაში ყოფნა.

რამდენად სტაბილური მთავრობის შექმნას შეძლებს ბორისოვი, რომლის წინასაარჩევნო კამპანიაშიც კორუფციასთან ბრძოლის თემა დომინირებდა, ჯერ-ჯერობით ვარაუდების სფეროა. დღეს მან განაცხადა, რომ, ეკონომიკური კრიზისის პირობებში, აუცილებლად მიაჩნია მთავრობის ხარჯების შეკვეცა, რის გამოც ორი სამინისტროს და რამდენიმე მინისტრის მოადგილეების პოსტების გაუქმებას აპირებს.

ბოლო წლებისთვის უჩვეულო აქტიურობა, რომელიც ბულგარელმა ელექტორატმა გამოავლინა (არჩევნებში ამომრჩეველთა 60,2 პროცენტი მონაწილეობდა) აჩვენებს, რამდენად დიდია ცვლილების იმედი, რომელსაც ბულგარელები უკავშირებენ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ ძალას.
XS
SM
MD
LG