Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას უწუნებენ ოპოზიციის ლიდერები საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს?


პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი
პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი

იმ დროს, როდესაც პარლამენტის იურიდიული კომიტეტი პირველი მოსმენით განიხილავდა ცვლილებებს სამ კანონში, კერძოდ, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ, პოლიციის შესახებ კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სასტუმრო „ამბასადორში“ არასაპარლამენტო ოპოზიცია ექსპერტებთან და დიპლომატიურ კორპუსთან ამავე ცვლილებებს აპროტესტებდა. ოპოზიცია აცხადებს, რომ ასეთი კანონის მიღების შემთხვევაში საქართველოში დიქტატორული მმართველობა დაკანონდება.

პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა კანონპროექტებში შესატანი ცვლილებების პაკეტი, რომლის პირველი მოსმენაც 7 ივლისს გაიმართა, უკვე მოიწონა. ცვლილებების ერთ-ერთი ავტორი, პავლე კუბლაშვილი, ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს კანონის ამოქმედების ზუსტ თარიღს, თუმცა აცხადებს, რომ ხელისუფლება არ აპირებს ოპოზიციას „არაჯანსაღი ჟივილ-ხივილის“ ატეხის შანსი მისცეს და მანიფესტაციების გამართვასთან დაკავშირებული ახლებური წესების ამოქმედებას მოგვიანებით გეგმავს. ოპოზიციას კი, რომელიც დიპლომატიურ კორპუსსა და ექსპერტებს ასევე 7 ივლისს შეხვდა, ეს ცვლილებები საბჭოთა პერიოდს ახსენებს და მათ უკან გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს.

7 ივლისს კეთდებოდა უფრო მძაფრი შეფასებებიც: ” ალბათ, ყველას ახსოვს დავით ჩანტლაძის და ირაკლი ხომასურიძის სახე. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც თვალი დაკარგეს პლასტიკური ტყვიით და ახლა კი პარლამენტი იღებს კანონს თვალების დათხრის შესახებ.” „ახლების” ერთ-ერთი ლიდერი კი, ფიქრია ჩიხრაძე, იმ

ფიქრია ჩიხრაძე

ძირითად მომენტებს გამოყოფს, რომლებიც, მისი შეფასებით, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას შეზღუდავს და ოპოზიციის მიერ გამოყენებულ პროტესტის ყველანაირ ფორმას აკრძალავს: ”მანიფესტაციების შესახებ კანონში შედის დებულება, რომ არ შეიძლება გარკვეული კონსტრუქციების გამოყენება ქუჩების გადასაკეტად. ასევე, ავტომობილების კოლონით მოძრაობა არ შეიძლება. ”პოლიციის შესახებ კანონში” კი შედის ცვლილება, რომ პოლიციას აქვს უფლება გარკვეულ შემთხვევებში გამოიყენოს არალეტალური იარაღი, რასაც ის აქამდევ იყენებდა უკანონოდ. თუ ადმინისტრაციული პატიმრობა 30 დღე იყო, როგორც ჩანს, ეცოტავათ და 90 დღემდე გაზარდეს.”

ამას ემატება აქციაზე კანონის დარღვევის შემთხვევაში 5000 ლარიანი ჯარიმაც. ჩიხრაძის შეფასებით, ხელისუფლებამ გადაწყვიტა კანონი მოარგოს ოპოზიციის ყველა შესაძლო ნაბიჯს. არასაპარლამენტო ოპოზიციის კიდევ ერთმა ლიდერმა, ლევან გაჩეჩილაძემ, კანონპროექტი შეაფასა როგორც ძალადობრივი აქტი და თქვა, რომ მისი მიღება სამოქალაქო დაპირისპირებას გამოიწვევს. მსგავსი ცვლილებები, მისი თქმით, აქციების ტალღას ვერ შეაჩერებს: ”აქციები გაგრძელდება. სანამ ეს პროტესტი არსებობს, არ არსებობს ისეთი ფურცელი და კალამი, რამაც მისი შეჩერება შეძლოს. ეს გამორიცხულია.”

სამი ნაბიჯი დიქტატურისაკენ - ასეთი იყო „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის გამოხმაურება აღნიშნულ ცვლილებებზე: "როდესაც ხელისუფლება ცდილობს, დახუროს დემოკრატიის ყველა კარი, მსგავსი რამ არ მთავრდება კარგად არც ქვეყნისთვის და არც ხელისუფლებისთვის."

დიპლომატებთან და ექსპერტებთან მისულმა „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერმა ეკა ბესელიამ მათ ცვლილებების შესახებ სამართლებრივი დასკვნაც წარუდგინა. მან თქვა, რომ ახალი კანონპროექტები არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას, არამედ საერთაშორისო კანონმდებლობასაც ეწინააღმდეგება: "ამ ცვლილებებით ხელისუფლება აპირებს პოლიტიკური რეპრესიების ახალი ტალღა ააგოროს და ისეთი ფუნდამენტური უფლება, როგორიცაა სიტყვის თავისუფლება, შეკრებისა და გამოხატვის უფლება, აქციოს კანონის საწინააღმდეგო მოქმედებად, რაც არის დარღვევა ქვეყნის კონსტიტუციის და საერთაშორისო სამართლის."

სოზარ სუბარი

უკან, საბჭოთა სისტემისკენ გადადგმული ნაბიჯი უწოდა ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ ცვლილებებს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმაც. შეხვედრაზე მისული ექსპერტები კი ვარაუდობდნენ, რომ რისკები, რაც კანონპროექტების მიღებას შეიძლება მოჰყვეს საქართველოში, პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, გაცილებით დიდია. პოლიტოლოგი გოგი ხუციშვილი ამბობს, რომ იმ ქვეყანაში, სადაც პოლიცია უფრო მაღლა დგას, ვიდრე კანონი, ეს ცვლილებები არ იმუშავებს და სიტუაციას უფრო დაძაბავს.

გერმანიის ელჩმა პატრიცია ფლორმა კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ყველას აქვს შეკრებისა და გამოხატვის უფლება და კანონი ამ უფლებას პატივს უნდა სცემდეს. ხოლო ის ცვლილებები, რასაც დღეს საქართველოს პარლამენტი განიხილავს, შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს ევროკონვენციის ნორმებთან. გერმანიის მაგალითზე კი პატრიცია ფლორმა თქვა:

”გერმანიაში პარლამენტის მიმდებარედ და ასევე სხვა სახელმწიფო დაწესებულებების გარშემო არის ზონები, სადაც არ შეიძლება დემონსტრაციის გამართვა. ვფიქრობ, თქვენთანაც არ უნდა ხდებოდეს პარლამენტის მუშაობის ბლოკირება, რადგან ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური დაწესებულებაა. ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ცვლილებების შემუშავების პროცესში ჩაერთვება ევროსაბჭოს და ვენეციის კომისია.”

7 ივლისს არასაპარლამენტო ოპოზიცია ასევე საუბრობდა იმ მოსალოდნელი ფინანსური ზარალის შესახებაც, რაც შესაძლოა ამ კანონების მიღების შემთხვევაში ქვეყანას დაემუქროს. მაგალითად, ნინო ბურჯანაძის შეფასებით, ყველა გასაჩივრებული საქმე, რომელიც სტრასბურგში წავა, საქართველოს მოქალაქეების გამარჯვებით დასრულდება და ქვეყანას მოუწევს მათთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სერიოზული კომპენსაციის გადახდა.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG