Accessibility links

logo-print

უფლებადამცველები ურუმჩიში მომხდარი ძალადობის გამოძიებას მოითხოვენ


უიღური ქალი არ ჩინეთის პოლიციის სპეცრაზმის თანამშრომელსაც არ ეპუება

უიღური ქალი არ ჩინეთის პოლიციის სპეცრაზმის თანამშრომელსაც არ ეპუება

ჩინეთის ხელისუფლებამ კომენდანტის საათი შემოიღო ქალაქ ურუმჩიში, სინიან-უიღურის ავტონომიურ რაიონში, სადაც, ორდღიანი ძალადობის შედეგად, 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. სამშაბათს პოლიციამ დაშალა საპროტესტო მიტინგი, რომლის მონაწილეები 1000-ზე მეტი უიღურის გათავისუფლებას ითხოვდნენ. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები და გაეროს უმაღლესი კომისარი გამოეხმაურნენ ურუმჩიში მომხდარ ძალადობას და მოუწოდეს ჩინეთის ხელისუფლებას, დაიცვას ადამიანის ფუნდამენტური უფლებები.

ურუმჩიში უიღურებსა და ხანებს შორის მომხდარი დაპირისპირების აღსაკვეთად ჩინეთის ხელისუფლებამ რეპრესიული პოლიციური აპარატი აამოქმედა. სამშაბათს ჩინეთის პოლიციამ ცრემლსადენი გაზით და რეზინის ხელკეტებით დაშალა უიღური ქალების საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეები დაპატიმრებული ახლობლების გათავისუფლებას ითხოვდნენ. პოლიციამ ურუმჩიში 1000-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრა და უგზო-უკვლოდ წაიყვანა, ჰყვება უიღური მამაკაცი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა:

“პოლიციამ ყველა დააკავა და ყველა ციხეში ჩაყარა, ყველა ქალი წაიყვანეს და ჯერ არ გამოუშვიათ. იქ ასევე არიან ბავშვები, 7- 8 წლის ბავშვები. ჩინეთში არ არსებობს კანონები, კანონები მხოლოდ ერთ მუჭა ხალხს იცავენ. “

ჩინეთის ხელისუფლება ქალაქ ურუმჩიში მომხდარ ძალადობას და ტრაგედიას გერმანიაში არსებულ უიღურთა კონგრესს აბრალებს, რომელიც, თავის მხრივ, უარყოფს ბრალდებას და აცხადებს, რომ ყველაფერში დამნაშავე ჩინეთის ხელისუფლების დისკრიმინაციული პოლიტიკაა, რომელიც არ იცავს იუღურთა უფლებებს.

საერთაშორისო ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს უოჩის“ აზიის განყოფილების მკვლევარმა ფელიმ კაინმა განაცხადა, რომ საჭიროა ჩატარდეს დამოუკიდებელი გამოძიება მომხდარი ძალადობის გამომწვევი მიზეზების დასადგენად: "ჩვენს შეშფოთებას იწვევს ის, რომ არავითარი ყურადღება არ ექცევა საკანონმდებლო პროცედურას; დაჭერა ხორციელდება ძალადობრივად, რასაც თან ახლავს დაპატიმრებულთა შეურაცხყოფა და წამება. ეს ყველაფერი ჩინეთის რეალობაში ძალიან შემაშფოთებელია."

ურუმჩიში მიმდინარე ძალადობას გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისიც გამოეხმაურა: "უმაღლესი კომისარი შეშფოთებულია კვირას ურუმჩიში მომხდარ არეულობებში მრავალი ადამიანის დაღუპვით და ცნობებით, რომ რეგიონში შენარჩუნებულია მაღალი დონის დაძაბულობა. უმაღლესი კომისარი მოუწოდებს ჩინეთისა და უიღურის ჯგუფების ლიდერებს და ასევე ჩინეთის ყველა დონის ხელისუფალს, გამოიჩინონ მაქსიმალური მოთმინება, რათა თავიდან აიცილონ ახალი დაძაბულობა და ახალი მსხვერპლი."

განაცხადა გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის წარმომადგენელმა რუპერტ კოლვინმა.

სინიანში 8 მილიონამდე უიღური ცხოვრობს, რაც რეგიონის მთელი მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს წარმოადგენს. რეგიონი მდიდარია გაზით, მინერალებით და მიწათმოქმედების პროდუქტებით და ჩინეთს შუა აზიასთან აკავშირებს ვაჭრობისა და ენერგეტიკის სფეროებში

ჩინეთის მთავრობის კრიტიკოსები აცხადებენ, რომ პეკინი ტერორიზმის საფრთხეს იყენებს საბაბად, რათა ჩაახშოს უიღურთა მშვიდობიანი მოძრაობა იდენტობის შენარჩუნებისა და დამოუკიდებლობისთვის.
XS
SM
MD
LG