Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მიზეზებით ხსნიან აგვისტოს ომზე ევროკავშირის დასკვნის დაგვიანებას


ევროკავშირის დამკვირვებელი რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზარალებული საცხოვრებელი კორპუსის წინ
ევროკავშირის დამკვირვებელი რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზარალებული საცხოვრებელი კორპუსის წინ
ევროკავშირის საგამოძიებო კომისია, რომელიც აგვისტოს ომის მიზეზებსა და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს გასული წლის დეკემბრიდან შეისწავლის, საბოლოო დასკვნას, სავარაუდოდ, 2 თვის დაგვიანებით გამოაქვეყნებს. ინტერნეტგამოცემა ”იუ ობსერვერმა” ეს ინფორმაცია გასულ შაბათს გამოაქვეყნა და მიზეზად დაასახელა ის ფაქტი, რომ გამოძიების ბოლო ეტაპზე გამოვლენილი ახალი მასალების შესწავლა მეტ დროს მოითხოვს. რა განმარტებები აქვთ ხელისუფლების წარმომადგენლებს და რით ხსნიან ექსპერტები ევროკავშირის საგამოძიებო კომისიის ამგვარ გადაწყვეტილებას? რამდენად მოსალოდნელია გარღვევა ტალიავინის კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ ?

აგვისტოს ომთან დაკავშირებული სიმართლის გამოაშკარავებას საერთაშორისო თანამეგობრობა 2009 წლის 31 ივლისისთვის მოელოდა. ეს არის პირველადი თარიღი, რომელიც ევროკავშირის ეგიდით მოქმედი საგამოძიებო კომისიის დასკვნის გამოსაქვეყნებლად განისაზღვრა, თუმცა იქვე აღინიშნა ისიც, რომ, შესაძლოა, გამოძიებას რამდენიმე თვით მეტიც დასჭირდეს.
სწორედ ამიტომ, თბილისს არ გაჰკვირვებია, რომ ევროკავშირის კომისიამ მეტი დრო მოითხოვა. სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი გადავადების უკან პოლიტიკურ სარჩულს ვერ ხედავს:

”მე მგონი, ჩვენ ძალიან ხშირად გვიყვარს ხოლმე კონსპირაციებში შესვლა... იმ ადამიანმა განმარტა, რატომაც გადაიწია გამოქვეყნების ვადა და თქვა, რომ აღმოჩნდა ახალი მასალები და მეტი დრო მინდა, რომ შევისწავლოო. გეთანხმებით, რომ აღმოჩნდა ბევრი ახალი მასალა ჩვენთვისაც და ამიტომ სულ არ მიკვირს, რომ ეს მოხდა.”
იაკობაშვილი ამბობს, რომ აღმოჩენილია არაერთი ვიდეო თუ აუდიო ჩანაწერი, რომელიც აგვისტოს ომთან მიმართებით რუსეთის დანაშაულს კიდევ უფრო გამოკვეთს და ეს ყველაფერი დაფიქსირებულია იმ ანგარიშშიც, რომელსაც საქართველოს მთავრობა ამზადებს. ”მნიშვნელოვანია მთელი რიგი დანართები, რომლებიც ჩვენ მოვიპოვეთ. აქ არის ძალიან ბევრი დოკუმენტური მასალა, იურიდიული სახის მასალა და ექსპერტებს ექნებათ საშუალება გადაამოწმონ ყველა ის მასალა, რომელიც ამ დოკუმენტში იქნება თავმოყრილი”, - აღნიშნავს სახელმწიფო მინისტრი და დასძენს, რომ მოპოვებული დოკუმენტური მასალის დიდი ნაწილი სხვადასხვა დროს უკვე გადაეცა ევროკავშირის საგამოძიებო კომისიას.

ექსპერტი გია ხუხაშვილი კი იზიარებს კოლეგების იმ ნაწილის მოსაზრებას, რომელიც ფიქრობს, რომ, შესაძლოა, ევროკავშირის საგამოძიებო კომისიამ დასკვნის გამოქვეყნება ამ ეტაპზე რეგიონში დაპირისპირების განახლების მზარდი საფრთხის გამო გადადო - მაშინ, როცა ამ ზაფხულს ზოგიერთი უცხოელი ექსპერტი ომის განახლებას პროგნოზირებს:

”აბსოლუტურად ლოგიკურია იმის თქმა, რომ კომისია მოერიდა მორიგ ესკალაციას. ამ დასკვნის ზოგიერთი კომპონენტი, ზოგიერთი ნაწილი, შესაძლოა, გამხდარიყო რუსეთისთვის მწვანე შუქის ამნთები ნაბიჯი... პარალელურად, ხდება ძალიან ბევრი რამ - ჩვენ ვხედავთ, რომ ობამა-მედვედევის შეხვედრაზეც ახალი გეოპოლიტიკური განაცხადები კეთდება. ამ ფონზე საგამოძიებო კომისია ზედმეტ გამწვავებას მოერიდა.”
ევროკავშირის საგამოძიებო კომისია, რომელსაც შვეიცარიელი დიპლომატი ჰაიდი ტალიავინი ხელმძღვანელობს, ყურადღების ცენტრში ამოქმედების დღიდან, 2008 წლის 2 დეკემბრიდან, მოექცა. თუმცა წინასწარვე ითქვა ისიც, რომ გამოძიების პროცესში ინფორმაცია არ გავრცელდებოდა და პროცესის დასრულებამდე მედიის ცნობისმოყვარეობა ვერ დაკმაყოფილდებოდა. შეგახსენებთ, რომ კომისიის მუშაობის სწორედ ამ მთავარი პრინციპის გამეორება მოუწია თავად ჰაიდი ტალიავინისაც მას შემდეგ, რაც ივნისის შუა რიცხვებში გერმანულმა ჟურნალმა ”შპიგელმა”, თითქოსდა კომისიის დასკვნებზე დაყრდნობით, სცადა აგვისტოს ომთან მიმართებით დამნაშავედ საქართველო გამოეყვანა. ავტორი, უვე კლუსმანი, მაგალითად, წერდა, რომ ომი დაიწყო საქართველოს პრეზიდენტმა, 2008 წლის 7 აგვისტოს სამხრეთ ოსეთზე იერიშით.
პასუხად, ჰაიდი ტალიავინიმ ოფიციალურ განცხადებაში გარკვევით აღნიშნა, რომ ”შპიგელის” სტატიაში გამოქვეყნებული მოსაზრებები არც მის მიერ არის გავრცელებული და არც იმ პირების მიერ, რომლებსაც კომისიის სახელით ოფიციალური განცხადებების გაკეთების უფლება აქვთ. ცალკეულ ექსპერტთა მოსაზრებები კი კომისიის დასკვნებად არ შეიძლება ჩაითვალოს.

ერთი სიტყვით, სინამდვილეში ჯერ არავინ იცის რას ფიქრობს ტალიავინის კომისია, რომელმაც გამოძიების პროცესში არაერთხელ მოითხოვა ინფორმაცია სამხედრო კონფლიქტის მხარეებისგან და თბილისსაც რამდენჯერმე ესტუმრა. თუმცა 3 ივლისს პრეზიდენტმა სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეებს ერთგვარი გარანტია მისცა, რომ ტალიავინის კომისიის დასკვნაში საქართველო გამართლებული იქნება.

რამდენად შესაძლებელია, რომ ევროკავშირის საგამოძიებო კომისიის დასკვნაში აბსოლუტურად გამართლებული იყოს რომელიმე ერთი მხარე და რამდენად მოსალოდნელია გარღვევა? - ამ შეკითხვებზე ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი გვპასუხობს:

”არ მგონია, რომ დასკვნა იყოს ისეთი კატეგორიული რომელიმე მიმართულებით, რომელიც უმალ გამოიწვევდა რაიმე საერთაშორისო სამართალდამცავი რეაგირების აუცილებლობას... იქნება განსხვავებული ინტერპრეტაციები, მუდმივი კამათის საგნად დაფიქსირდება ესა თუ ის ფრაზა და, როგორც ზოგადად ხდება პოლიტიკოსთა წრეში, ორივე დაპირისპირებული მონახავს მიუღებელ და, ამავე დროს, სანდო ფრაზებს და იქნება მხოლოდ მათთვის სასარგებლო ფრაზეოლოგიით აპელირება.”

გარღვევას არც რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი მოელის, თუმცა სულ სხვა მიზეზის გამო. ”ამ დასკვნაში არაფერი იქნება ისეთი, რაც არ ვიცით”, - ამბობს ის და დასძენს, რომ მსოფლიომ უკვე კარგა ხანია დაინახა, რომ რუსეთმა აგვისტოს ომი კარგად დაგეგმა, მოამზადა და განახორციელა კიდეც. ტალიავინის კომისიის დასკვნისგან იაკობაშვილი მოელის პასუხს შეკითხვებზე - როგორ მოხდა, რომ დასავლეთის თვალწინ რუსეთმა ამ ყველაფრის განხორციელება შეძლო და რატომ არ იმუშავა სამშვიდობო პროცესებმა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG