Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის მიმოხილვა, 7 ივლისი 2009


ობამასა და მედვედევის შეხვედრას ყველა გაზეთი აშუქებს. განსჯის ძირითადი საგანი აშშ პრეზიდენტის მიერ საქართველოს შესახებ ნათქვამი რამდენიმე წინადადებაა. სათაურები ასეთია: ” ამერიკა საქართველოს მთლიანობას აღიარებს, მაგრამ ომის წინააღმდეგია”, ”ამერიკამ საქართველო ავღანეთში არ გაცვალა”, ”საუკეთესო რეალისტური შედეგი”, ”რა განსხვავება იყო ობამას ქართულ და რუსულ თარგმანებში?”, ”საქართველო გაუძლებს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობის გადატვირთვის სიმძიმეს?”.

”რეზონანსი”: ”ოთხი ხელმოწერილი შეთანხმება და პირობა, რომ ამერიკა და რუსეთი ერთმანეთის ინტერესებს გაითვალისწინებენ, - ასეთია ბარაკ ობამას და დმიტრი მედვედევის პირველი შეხვედრის შედეგი. თუმცა, როგორც ჩანს, ისევ დარჩა შეუთანხმებელი საკითხები და, მათ შორის, საქართველოს თემა. მაგრამ ქართველი ექსპერტები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და აცხადებენ, რომ ”ერთმანეთისთვის ანგარიშის გაწევის რეჟიმში გადასვლა საქართველოსაც წაადგება.” ”რეზონანსშივე” წაიკითხავთ, რომ 119 პოლიტპატიმრის ოჯახი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის ვიზიტისას აქციის მოწყობას გეგმავს. ორგანიზაცია ”კანონი ხალხისთვის” თავმჯდომარე ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს: ”ბაიდენის ვიზიტამდე მოთხოვნა ძალაში დარჩება. ჩვენ ვაპირებთ ჩავატაროთ ეფექტური აქცია, ბაიდენს ყველა პოლიტმატიმრის სახელი და გვარი პირდაპირ უნდა დავანახვოთ. ეს იქნება ისეთი, როგორიც მსოფლიო პრაქტიკაშია მიღებული.”

”ახალი თაობა”: ”გუშინ მთელი მსოფლიოს ყურადღება მოსკოვისკენ იყო მიპყრობილი. გუშინ რუსეთს აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ეწვია. ამ შეხვედრას ამერიკასა და რუსეთში მოუთმენლად ელოდნენ. რუსებზე და ამერიკელებზე მეტად ეს შეხვედრა საქართველოში აინტერესებდათ. ამ დღის დადგომას კი დიდი სიხარულით არავინ ელოდა. რუსი ექსპერტების ნაწილმა დაგვარწმუნა, რომ გუშინ რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ ომი უნდა დაეწყო. ამ დღეს ომის განახლებას ჩვენშიც ბევრი ელოდა. ამასთან დაკავშირებით მინიშნებებს ხელისუფლება აკეთებდა. რუსეთს ჩვენთვის ექვს ივლისს ომი არ გამოუცხადებია. გუშინ გადავრჩით. რა იქნება მომავალში, ეს ჯერ კიდევ ძნელი სათქმელია.”

”ალიას” პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა განუცხადა: ”სკეპტიკოსები საქართველოში აცხადებდნენ, რომ ახალი ადმინისტრაცია შეარბილებს დამოკიდებულებას და ა.შ.. ობამამ განაცხადა, რომ ეს თემა ყოველთვის მაწუხებდა და შემაწუხებს და ყოველთვის ვიქნები იმ ხალხის მხარეს, რომელიც აგრესიის მსხვერპლიაო”. ”ალიაშივე” წაიკითხავთ ”საქართველოს გზის” ლიდერ სალომე ზურაბიშვილის კომენტარს: ”დღეს ჩვენ ვართ ძალიან დასუსტებულ და დისკრედიტებულ სიტუაციაში. ამიტომ ჩვენ დღეს ვერ მოვითხოვთ, რომ ჩვენი ინტერესები იყოს ადეკვატურად წარმოდგენილი ასეთ ადგილებში. თუმცა ეს იყო საქართველოს მიმართ მხარდაჭერა და არა სააკაშვილის მიმართ. ასე არის პირველი დღიდან, რაც ობამა იქნა არჩეული” ,- ამბობს სალომე ზურაბიშვილი. კობა დავითაშვილი ობამა-მედვედევის შეხვედრის შესახებ: ”ჩემთვის აუხსნელია ის პანიკური განწყობა, რომელიც ამ შეხვედრასთან დაკავშირებით გაჩნდა საზოგადოებაში. ზოგს რაღაც მოლოდინები ჰქონდა, ზოგს რაღაც შიშები. მე არც მოლოდინები მქონდა და არც შიში. რაც შეეხება სააკაშვილს, რა ქნას? რაღაცით ხომ უნდა იტრაბახოს.” - კობა დავითაშვილის კომენტარს ”ალია” ბეჭდავს.

”საქართველოს რესპუბლიკის” დღევანდელ ნომერში ქვეყნდება ინტერვიუ გერმანელ დიპლომატ დიტერ ბოდენთან, სხვადასხვა დროს საქართველოში გაეროსა და ეუთოს მისიების ხელმძღვანელთან, რომელიც ახლა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობს და ”ევრაზიის პარტნიორობის ფონდის” გამგეობის წევრია. ბოდენის აზრით, გაეროს მეთვალყურეთა მისიის შეწყვეტა ”გამოიწვევს დამღუპველ შედეგებს”. ყველაზე ცუდი სცენარით, ბოდენის თქმით, ”მოხდება რუსული და ქართული ჯარების კონფრონტაცია ენგურის საზღვრის გასწვრივ.” ის,ამავე დროს, გამოთქვამს იმედს, რომ ეს სცენარი არ განხორციელდება. ”მე ვიცი იმ კრიტიციზმის შესახებ, რომლის სამიზნე ყოველთვის იყო ”იუნომიგი”. თქვენმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამას წინათაც გაიმეორა: ”იუნომიგი, როგორც, უმთავრესად, არაეფექტური, არაინიციატივიანი, გაეროს სააგენტო, სხვას არაფერს აკეთებს, გარდა იმისა, რომ თავის თანამშრომლებს მაღალ ხელფასს უხდის. მაგრამ ”იუნომიგი” სულაც არაა მოწოდებული იმისთვის, რომ ომში მონაწილეობა მიიღოს. ის, ვინც მეტის გაკეთებას ცდილობს, სხვა დროს გაეროს მიმართოს და საჭირო ცვლილებები გაეროს მანდატში შეიტანოს”, - ამბობს დიტერ ბოდენი, რომლის აზრითაც, ”საქართველო სწორედ დღეს, ვიდრე არასდროს, არასტაბილურობისა და დაძაბულობის სახელმწიფოა. ეს კი მისი მეგობრებისა და მოყვრების წუხილის საგანია. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველანი უნდა შევუერთდეთ დიდ ძალისხმევას, რათა საქართველო აყვავდეს.”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG