Accessibility links

logo-print

ლოს-ანჯელესში მაიკლ ჯექსონის ხსოვნის პატივსაცემად კონცერტი გაიმართა


ლოს-ანჯელესის კულტურის ცენტრში მაიკლ ჯექსონის ოჯახმა, მეგობრებმა და თაყვანისმცემლებმა გლობალური პოპ-ვარსკვლავის ხსოვნის პატივსაცემად გამართეს კონცერტი, რომელსაც მილიონობით ტელემაყურებელი პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს. ცერემონია სოულის ჟანრის ვეტერანმა, სმოუკი რობინსონმა გახსნა. მან მომღერალ დაიანა როსის, და სამხრეთ აფრიკის ლიდერის, ნელსონ მანდელას სამძიმრის წერილები წაიკითხა. შემდეგ, ამერიკული გოსპელის მუსიკის თანხლებით, ჯექსონის მოოქროვილი და ყვავილებით შემკული კუბო შემოიტანეს და სცენის ცენტრში დაასვენეს. მომღერალმა მერაია ქერიმ ჯექსონის ერთ-ერთი ადრეული ჰიტი, "I'll Be There" შეასრულა. კონცერტში აგრეთვე მონაწილეობა მიიღეს სტივი უანდერმა, ლაიონელ რიჩიმ, ჯენიფერ ჰადსონმა, ბრუკ შილდსმა, და ამერიკული შოუ-ბიზნესის სხვა ცნობილმა ვარსკვლავებმა. ბოლოს მუსიკოსები სცენაზე შეიკრიბნენ და ჯექსონის 1984 წლის საქველმოქმედო ჰიტი, ”We Are The World” შეასრულეს. ცერემონიის ბოლოს საზოგადოების წინაშე პირველად წარდგა ჯექსონის 11 წლის ქალიშვილი, პარისი, რომელმაც მომღერალს ”ყველაზე კარგი მამა” უწოდა.
XS
SM
MD
LG