Accessibility links

logo-print

მწერალი, რომელიც თაობებს უყვარდათ. ვასილი აქსიონოვის გარდაცვალებისთვის


ვასილი აქსიონოვი

ვასილი აქსიონოვი

ორშაბათს, მოსკოვში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა რუსი მწერალი ვასილი აქსიონოვი. ის ერთ-ერთი ბოლო იყო ცნობილ მწერალთა იმ თაობიდან, რომლებსაც საბჭოთა ცენზურის პირობებში მოუხდათ წერა და რომლებიც იძულებული იყვნენ, საბჭოთა კავშირი დაეტოვებინათ.

აქსიონოვი შარშან, იანვარში, მანქანის მართვისას გადატანილი ინსულტის შემდეგ ებრძოდა სიკვდილს. მისმა გარდაცვალებამ, რომელიც ამ ხანგრძლივ ავადმყოფობას მოჰყვა, ძალიან დაამწუხრა მეგობრები, კოლეგები, მისი წიგნების უამრავი თაყვანისმცემელი. ჟურნალ “ზნამიას” მთავარი რედაქტორი ნატალია ივანოვა ამბობს, რომ ის თაობებს უყვარდათ: “არავის ისე არ უხდება განსაზღვრება 'საყვარელი მწერალი', როგორც ჩვენგან წასულ ვასილი პავლეს ძე აქსიონოვს. ის ძალიან ჰგავდა თავის წიგნებს - მათსავით უსაზღვროდ მომხიბვლელი იყო. განსაკუთრებული იყო მისი ურთიერთობა მკითხველთან, რომელიც არა ერთხელ და ორჯერ უბრუნდებოდა მის წიგნებს, რადგან სიამოვნება, რომლითაც აქსიონოვი მუშაობდა, მაგიურად გადაეცემოდა მკითხველსაც.”

აქსიონოვი რუსეთის არა მხოლოდ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, არამედ ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი მწერალიც იყო. ნახევარი საუკუნის განმავლობაში მან 20-ზე მეტი რომანი დაწერა. 1932 წელს ყაზანში, რეპრესირებულთა ოჯახში, დაბადებულმა აქსიონოვმა მწერლობა დაიწყო 1960 წელს ლენინგრადში, სამედიცინო განათლების მიღების შემდეგ. მისი პირველი წიგნი, მცირე რომანი “კოლეგები”, სწორედ ამ წელს გამოვიდა და დიდი წარმატება ხვდა წილად, “ვარსკვლავის ბილეთის” გამოქვეყნების შემდეგ კი, 1961 წელს, ის საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მწერალი შეიქნა. ამ წარმატებით ფრთაშესხმულმა, მან გამოსცა რამდენიმე რომანი, დრამები, მოთხრობები. მისი თხზულებები იბეჭდებოდა ჟურნალ “იუნოსტში”, სადაც ის შტატიან თანამშრომლად მუშაობდა, როგორც მწერალი. იმ ადრეულ წლებს იხსენებს აქსიონოვის მეგობარი, მწერალი ვლადიმირ ვოინოვიჩი: “დიდება მას მოუტანა პირველივე გამოქვეყნებულმა ნაწარმოებებმა - “კოლეგებმა”, "ვარსკვლავის ბილეთმა". მახსოვს, როგორი ბუმი იყო, როგორ იტაცებდა ხალხი მის წიგნებს. დიდებას, რომელიც მან მოიპოვა, არასოდეს მიუტოვებია ის - არც მაშინ, როცა საბჭოთა კავშირს ეგუებოდა და არც მაშინ, როცა დაუპირისპირდა მას და სამშობლოს დატოვება მოუხდა.”

1980 წელს აქსიონოვს და მის მეუღლეს საბჭოთა კავშირი დაატოვებინეს. ისინი აშშ-ში გადასახლდნენ. მანამდე აქსიონოვი საბჭოთა ცენზურის ზეწოლის ქვეშ მოექცა და მას ანტისაბჭოთა მწერლის დამღა დაადეს. მისი თხზულებების ბეჭდვა გაჭირდა. ამის გამო არაერთი ნაწარმოები საბჭოთა კავშირიდან მალვით გაიტანეს და უცხოეთში დაბეჭდეს, რასაც ქვეყნიდან მისი გაძევება მოჰყვა. ემიგრაციაში ის რუსულ ენას ასწავლიდა, მუშაობდა აშშ-ის უნივერსიტეტებში. 1989 წელს მის თხზულებებზე დაწესებული აკრძალვა მოიხსნა. ერთი წლის შემდეგ აქსიონოვს საბჭოთა კავშირის მოქალაქეობაც დაუბრუნეს. მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები უდავოდ “მოსკოვური საგაა” - ტრილოგია, რომელიც 1994 წელს გამოიცა და რომელმაც შთააგონა კინოხელოვანნი, მის მიხედვით მრავალსერიიანი ფილმი გადაეღოთ.

2004 წელს აქსიონოვმა საბოლოოდ დატოვა აშშ და ცხოვრობდა რუსეთსა და საფრანგეთში. მას მეუღლე და ერთი ვაჟი დარჩა.
XS
SM
MD
LG