Accessibility links

სტალინის გარდაცვალების შემდეგ საბჭოთა ხელისუფლება ცდილობდა ეჩვენებინა დასავლეთისთვის, რომ ”რკინის ფარდის” ნაწილობრივი მოხსნის შემდეგ მსოფლიოში მიმდინარე კულტურული პროცესებით დაინტერესდა. ამისთვის მან მოიგონა ფორმულა ”კულტურული გაცვლა”, რომლის ფარგლებშიც საბჭოთა კავშირის წამყვან ქალაქებში - მათ შორის, თბილისში - უცხოეთიდან ჩამოდიოდნენ გამოჩენილი შემსრულებლები და კოლექტივები. ეს ეხებოდა ხელოვნების უკლებლივ ყველა ჟანრს. მაგალითად, ჩვენს დედაქალაქში სხვადასხვა წლებში გამოდიოდნენ ცნობილი კლასიკური მუსიკოსები აიზეკ სტერნი, რუჯერო რიჩი (ვიოლინო), პიანისტები ბაირონ ჯეინისი და ვან კლაიბერნი, დირიჟორები ვილი ფერერო, კარლო ცეკი, ფრანგი შანსონიეები ჟილბერ ბეკო და ჟაკ ბრელი, იტალიელი საესტრადო მომღერლები კლაუდიო ვილა, დომენიკო მოდუნიო, ბალანჩინის ”ნიუ-იორკ სიტის ბალეტი”, ბენი გუდმანის ბიგ-ბენდი, თედ ჯონსის და მელ ლუისის ჯაზური ორკესტრი; თბილისის საოპერო თეატრში მღეროდნენ ნიუ-იორკის ”მეტროპოლიტენ-ოპერის” სოლისტები დოროტი კირსტენი და ჟან პირსი - ყველას რა ჩამოთვლის.

ტენორმა ჟან პირსმა ჩვენთან ვერდის ”ტრავიატაში” ალფრედის პარტია შეასრულა. სიმართლე გითხრათ, იმდროინდელი შესანიშნავი ქართველი საოპერო მომღერლების ფონზე თბილისელ მსმენელზე მის გამოსვლას მაინცდამაინც დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია. ნაწილობრივ ეს, ალბათ, იმითაც იყო გამოწვეული, რომ ჩვენში ტრადიციულად უპირატესობას დრამატულ ტენორებს ანიჭებდნენ (მოგეხსენებათ, ალფრედი ლირიკული ტენორის პარტიაა). გარდა ამისა, თბილისელი მსმენელი ებრაული წარმოშობის პოპულარული ლატვიელი ლირიკული ტენორის მიხაილ ალექსანდროვიჩის გასტროლებით იყო განებივრებული. გავიდა წლები და სულ ახლახან შევიტყვე, რომ თურმე აწ გარდაცვლილი პირსი, ”მეტროპოლიტენის” მეორე გამოჩენილი ტენორის, საკუთარი დის ქმრის რიჩარდ ტაკერის მსგავსად, საოპერო სცენის გარდა, სინაგოგის კანტორის როლშიც გამოდიოდა და შესანიშნავად მღეროდა ებრაულ სიმღერებს იდიშის დიალექტზე.

ჟან პირსის ნამდვილი სახელი და გვარი ჯეიკობ პინკუს პერელმუტია. ის 1904 წელს დაიბადა ნიუ-იორკში, რუსეთიდან ემიგრირებულ რელიგიურ ებრაელთა შეძლებულ ოჯახში. ბავშვობაში სწავლობდა ვიოლინოზე დაკვრას და სინაგოგის გუნდში მღეროდა. მოგვიანებით, თავისი მშვენიერი ლირიკული ტენორის წყალობით, საცეკვაო დარბაზებსა და კაბარეებში საკუთარ ანსამბლთან ერთად გამოდიოდა. იმპრესარიო როტჰაფელთან შეხვედრის შემდეგ, რომელმაც მას ჟან პირსის ფსევდონიმი მიაღებინა, სერიოზულად მოკიდა ხელი მუსიკალურ განათლებას და დაიწყო დიდ საესტრადო და ჯაზურ ორკესტრებთან ერთად გამოსვლა. პირსმა, როგორც ტენორ-სოლისტმა, 1932 წელს საქალაქო რადიოკომპანიის მიწვევა მიიღო და სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. კიდევ ექვსი წლის შემდეგ ფილადელფიაში შედგა მისი დებიუტი (ჰერცოგის პარტია ვერდის ”რიგოლეტოში”), ხოლო 1939 წელს მომღერალმა ნიუ-იორკში თავისი პირველი სოლო-კონცერტი გამართა. ლეგენდარულმა არტურო ტოსკანინიმ, რომელმაც ჟან პირსს რადიოთი მოუსმინა, მომღერალი ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიის ჩაწერაზე მიიწვია. ასე დაიწყო ორი ხელოვანის მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა.

პირსის დებიუტი ”მეტროპოლიტენ-ოპერაში” 1941 წლის 29 ნოემბერს შედგა. იმ დღეს სახელგანთქმული თეატრის სცენაზე მან ალფრედის პარტია შეასრულა - სწორედ ის პარტია, რომელიც წლების შემდეგ თბილისში იმღერა. 1974 წლამდე პირსი გამოჩენილ იმპრესარიო სოლ იუროკთან თანამშრომლობდა. სიტყვამ მოიტანა და შეგახსენებთ, რომ იუროკიც წარმოშობით რუსეთიდან იყო - მისი ნამდვილი სახელი და გვარი სოლომონ გურკოვია. ”მეტროპოლიტენ-ოპერაში” გამოსვლების გარდა, პირსი სხვადასვა ქვეყნებში მართავდა გასტროლებს, მღეროდა ოპერეტაში, მან მთავარი როლი შეასრულა აგრეთვე ბოკას პოპულარულ მიუზიკლში ”მევიოლინე სახურავზე”. მისი სასცენო ოსტატობა ხაზგასმული ემოციური კონტრასტებით და ბრწყინვალე ტემპერამენტით გამოირჩეოდა. სიცოცხლის ბოლომდე (ის 1984 წელს გარდაიცვალა) მომღერალი შესანიშნავ ვოკალურ ფორმას ინარჩუნებდა.
XS
SM
MD
LG