Accessibility links

logo-print

„დიდი რვიანის“ სამიტი მუშაობას შეუდგა


იტალიაში გაიხსნა „დიდი რვიანის“ სამიტი, რომელშიც მსოფლიოს შვიდი ყველაზე მაღალგანვითარებული ქვეყნისა და რუსეთის ლიდერები მონაწილეობენ. სამდღიანი სამიტი ტარდება ქალაქ აკვილაში, სადაც აპრილში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა. შეხვედრის დღის წესრიგის მთავარი საკითხი გლობალურ ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავების გზებია. ლიდერები იმსჯელებენ, აგრეთვე, გლობალური დათბობის პრობლემებზე, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამებზე, ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებაზე. ხუთშაბათს სამიტის მონაწილეებს შეუერთდებიან მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნები: ბრაზილია, ჩინეთი და ინდოეთი. გავრცელებული ცნობებით, ისინი აპირებენ მხარი დაუჭირონ „დიდი რვიანის“ წევრის - რუსეთის - წინადადებას, შემოღებულ იქნეს ახალი საერთაშორისო სარეზერვო ვალუტა, რომელიც ამერიკულ დოლარს შეცვლიდა. ჩინეთის პრეზიდენტმა ჰუ ძინტაომ იტალია დატოვა და სამშობლოში დაბრუნდა. სამიტში მონაწილეობაზე უარის გადაწყვეტილება განაპირობა მღელვარებამ სინციანის პროვინციაში, სადაც უიღურებსა და ჩინელებს შორის მომხდარმა შეტაკებებმა, ოფიციალური მონაცემებით, 156 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
XS
SM
MD
LG