Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალია “დიდი რვიანის” სამიტს მასპინძლობს


იტალია “დიდი რვიანის” სამიტს მასპინძლობს
იტალია “დიდი რვიანის” სამიტს მასპინძლობს
მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ლიდერები იტალიაში შეიკრიბნენ “დიდი რვიანის” სამიტზე, რომლის მთავარ თემებადაც სამ პრობლემას ასახელებენ: გლობალურ ეკონომიკურ კრიზისს, კლიმატურ ცვლილებებს და დაძაბულობას ირანში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ამ საკითხებზე მსჯელობენ ქალაქში, რომელიც სამიტის მასპინძლად მისი მოსახლეობისადმი სოლიდარობის ნიშნად აარჩიეს: ქალაქ აკვილაში. ის, როგორც ცნობილია, მძიმედ დააზარალა ძლიერმა მიწისძვრამ აპრილში.

“დიდი რვიანის” აკვილის სამიტთან დაკავშირებული განსაკუთრებით საყურადღებო გარემოებაა ის, რომ შეკრებაში არა მარტო “დიდი რვიანის” წევრების (შეერთებული შტატების, ბრიტანეთის, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიისა და რუსეთის) ლიდერები მონაწილეობენ. მათ ხუთშაბათს შეუერთდება რამდენიმე კოლეგა, მათ შორის ინდოეთის, ჩინეთის, თურქეთისა და ბრაზილიის, ანუ იმ ქვეყნების ლიდერები, რომელთაც ბოლოხანს “მზარდი ეკონომიკის” მქონეებად მოიხსენიებენ. გაფართოებული წრე ცხადჰყოფს, რომ მარტო “დიდი რვიანის” წევრებს აღარ ეთქმით გადამწყვეტი სიტყვა ეკონომიკური საკითხების მოსაგვარებლად.

ლიდერები შეეცდებიან ზომების კოორდინაციას კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით, ისევე როგორც მსოფლიოში სიღარიბასთან ბრძოლის და აფრიკის განვითარების ხელშესაწყობად.

განსაკუთრებით მწვავე პოლიტიკურ საკითხად კი სახელდება ვითარება ირანში, სადაც 12 ივნისის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის გამოცხადებას მასობრივი საპროტესტო აქციები და ამ აქციების დარბევა მოჰყვა, ასობით ოპოზიციონერის დაპატიმრებასთან ერთად.
გასულ თვეში ასევე იტალიაში, ქალაქ ტრიესტში გამართულ შეხვედრაზე “დიდი რვიანის” საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაგმეს ძალადობა, მაგრამ კრიტიკა არ იყო მიმართული კონკრეტულად ირანის ხელისუფლებისადმი დემონსტრაციების დარბევის გამო, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

“დიდი რვიანის” სამიტზე ჩვენი რადიოს სპარსულენოვანი სამსახურის კორესპონდენტ აჰმად რაფატის ცნობით, ირანთან დაკავშირებით “დიდი რვიანის” განცხადება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა მოილაპარაკეს მოსკოვში აშშ-ის პრეზიდენტმა და მისმა რუსმა კოლეგამ. როგორც რაფატი აღნიშნავს, აკვილაში ყველა ელოდება იმის გარკვევას, თუ რაზე მოილაპარაკეს მოსკოვში, რადგან რუსეთი “დიდი რვიანის” ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ეწინააღმდეგება ირანის დაგმობას და მხარს უჭერს ირანს. “როგორც მე მოვისმინე იტალიის პრემიერ-მინისტრ ბერლუსკონისთან დაახლოებულ ოფიციალურ პირებთან საუბრის დროს, მოსკოვში პრობლემა არ მოგვარებულა და რუსეთი კვლავაც წინააღმდეგია ირანის მკაცრად დაგმობისა დიდი რვიანის სამიტზე აკვილაში”, დასძენს ჩვენი რადიოს სპარსულენოვანი სამსახურის კორესპონდენტი.

სამიტის მონაწილეებს აკვილაში უარის თქმა უწევთ ფეშენებელურ სასტუმროებში ცხოვრებაზე. მიწისძვრით დაზარალებულ ქალაქში, რომლის ათასობით მკვიდრიც კვლავინდებურად კარვებსა და სასტუმროებს აფარებს თავს, “დიდი რვიანის” ლიდერები ადგილობრივი საფინანსო პოლიციის ყაზარმებში არიან მოთავსებული. ამ უჩვეულო ვითარებას, რომელიც, როგორც უკვე ითქვა, დაზარალებული რეგიონის მოსახლეობისადმი სოლიდარობის გამოხატვის სურვილით არის განპირობებული, დაძაბულობას მატებს ის გარემოება, რომ ძირითადი მიწისძვრის შემდგომი მიწისქვეშა ბიძგები დღემდე გრძელდება.

თუმცა ეს, როგორც იტალიიის პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი ირწმუნება, საფრთხეს არ უქმნის სამიტის მონაწილეებს: მიწისძვრის შემთხვევაში, საფინანსო პოლიციის ციხე-სიმაგრე მიწისქვეშა ბიძგებს გაუძლებსო, განაცხადა სამიტის დაწყებამდე ერთი დღით ადრე სილვიო ბერლუსკონიმ. იმავე დღეს გამოცხადდა, რომ ჩინეთის პრეზიდენტი ჰუ ძინტაო იტალიას ტოვებს და სამშობლოში ბრუნდება. სამიტში მონაწილეობაზე უარის გადაწყვეტილება განაპირობა მღელვარებამ სინიანის პროვინციაში, სადაც უიღურებსა და ჩინელებს შორის მომხდარმა შეტაკებებმა, ოფიციალური მონაცემებით, 156 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

“დიდი რვიანის” სამიტი სამი დღე გასტანს.
XS
SM
MD
LG