Accessibility links

logo-print

როგორ იცავს სახელმწიფო მძიმედ დაავადებულ პატიმართა უფლებებს


სასჯელაღსრულების დაწესებულება

სასჯელაღსრულების დაწესებულება

უკანასკნელი წლების განმავლობაში მკვეთრად იკლო პატიმრების სიკვდილიანობამ, რის მიზეზადაც პენიტენციარულ სისტემაში ჩატარებული რეფორმა და ახალი, შედარებით მაღალი, სტანდარტის საპატიმროების მშენებლობა სახელდება, თუმცა, ამის მიუხედავად, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ, ხშირ შემთხვევაში, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო არ იცავს მძიმედ დაავადებული პატიმრების უფლებებს, რაც, საბოლოო ჯამში, პატიმართა გარდაცვალების მიზეზი ხდება. ერთი ასეთი შემთხვევის შესახებ საზოგადოებას არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ ამცნო.

არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ წარმომადგენლის მანანა კობახიძის ინფორმაციით, 14 ივნისს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში 49 წლის მსჯავრდებული ჯემალ ვერულიძე გარდაიცვალა. კობახიძის თქმით, პატიმარი სამედიცინო ცენტრში გადაყვანიდან ორ კვირაში დაიღუპა, ციხეში კი, ტუბერკულოზისა და სხვა უმძიმესი ქრონიკული დაავადების მიუხედავად, არ უტარდებოდა შესაბამისი მკურნალობა:

„ეს ორი მძიმე დაავადება აძლევდა საფუძველს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, შესაბამისი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, მიემართა სასამართლოსთვის და მოეთხოვა სასჯელის დარჩენილი ნაწილისგან განთავისუფლება. ჩვენი არაერთი მიმართვის მიუხედავად, ვერაფერი გავაწყვეთ. პრობლემა იმაშიც კი გვექმნებოდა, რომ ამ ადამიანთან ექსპერტებსაც დროულად არ უშვებდნენ.“

მანანა კობახიძის თქმით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ ავადმყოფობის გამო 2009 წელს სასჯელისგან ერთი, ხოლო 2008 წელს ორი პატიმარი გათავისუფლდა. სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმაც გასული წლის შედეგების შეჯამებისას რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ პატიმრების დიდი ნაწილი მოხელეთა გულგრილობას ეწირება:

„შედიან ჯანმრთელი, ახალგაზრდა ბიჭები და იქ კვდებიან იმის გამო, რომ ვერ მკურნალობენ. არავის აინტერესებს მათი მდგომარეობა და ჯანმრთელობა. ეს ყველაფერი პირდაპირ იკითხება ავადმყოფობის ისტორიებიდან.“

სოზარ სუბარმა ეს განცხადება დაახლოებით ერთი წლის წინ გააკეთა. ომბუდსმენის აპარატის სამედიცინო ექსპერტი ლევან ლაბაური ამბობს, რომ პრობლემა კვლავ აქტუალურია.

ამგვარი ფაქტების არსებობას ადასტურებენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაშიც, რომლის წარმომადგენლის, ირენა გაბუნიას, თქმით, მძიმე და უკურნებელი სენით პატიმრის დაავადება უკვე არის ვადამდელი გათავისუფლების საფუძველი, თუმცა დაავადება უნდა იყოს შეტანილი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შედგენილ ჩამონათვალში. ირენა გაბუნიას თქმით, ჩამონათვალი არასრულია, თუმცა, მისი აზრით, ეს არაა სავალალო მდგომარეობის გამომწვევი ერთადერთი მიზეზი:

„2005 წელს მძიმე და უკურნებელი სენით გათავისუფლდა 47 პატიმარი, 2006 წელს - 29, 2007 წელს - 25 პატიმარი, 2008 წელს კი - 20 პატიმარი. ხშირ შემთხვევაში პატიმარს უარს ვადამდე გათავისუფლებაზე ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ეუბნებიან“, განუცხადა რადიო თავისუფლებას ირენა გაბუნიამ.

უნდა ითქვას, რომ ამგვარ ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, რომლის წარმომადგენელი, სალომე მახარაძე, ორ ასპექტზე ამახვილებს ყურადღებას: მისი თქმით, გაუმჯობესდა პატიმართა მკურნალობის ხარისხი, ჯანმრთელობის გამო ვადამდე გათავისუფლების ფაქტები კი არაა გამონაკლისი.

სალომე მახარაძე: „არა, ერთი და ორი შემხთვევა არ არის ამის გათავისუფლების შემთხვევები, მაგრამ ამას აქვს თავისი მექანიზმი. „გარეთ“ გასულმა ადამიანმა შეიძლება დანაშაული გაიმეოროს, თუ მას აქვს ამის ფიზიკური შესაძლებლობა. ამის გამო სამინისტრო მას ვერ გაუშვებს. ეს საკმაოდ მძიმე და რთული პროცედურაა და მასზე ხელაღებით საუბარი არ შეიძლება.“

თუმცა, ამგვარი განმარტების მიუხედავად, „კონსტიტუციის 42-ე მუხლში“ დარწმუნებულნი არიან, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ ორიოდე კვირის წინ გარდაცვლილი პატიმრის ჯემალ ვერულიძის მიმართ კანონი დაარღვია. მანანა კობახიძის თქმით, ასევე დაირღვა ევროკონვენციის მეორე მუხლი, სიცოცხლის უფლება, ანუ სახელმწიფომ არ შეასრულა ე.წ. პოზიტიური ვალდებულება და არ უზრუნველყო ადეკვატური მკურნალობა. „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ სასამართლოში ჩივილს აპირებს.
XS
SM
MD
LG