Accessibility links

logo-print

რა თქვა ობამამ ნატოზე საქართველოსთან მიმართებით (რუსეთის გასაგონად)?


ბარაკ ობამა და დმიტრი მედვედევი

ბარაკ ობამა და დმიტრი მედვედევი

აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობის თავიდან დაწყება იოლი რომ არ იქნება და ეს პროცესი დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ამაზე თავად ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამაც არაერთხელ გაამახვილა ყურადღება. ერთ-ერთი უმთავრესი თემა, რომლის გარშემოც მხარეთა შორის საერთო ენის გამონახვა საკმაოდ გაჭირდება, ექსპერტთა დაკვირვებით, ნატოს გაფართოების საკითხია. როგორ უყურებს ამერიკის პრეზიდენტი ნატოს გაფართოებას და რამდენად პრინციპულია მის მიერ კრემლის გასაგონად მოსკოვში გაკეთებული კომენტარები, რა და რამდენად ეხება ამ ყველაფრიდან საქართველოს?
მიუხედავად იმისა, რომ ნატოს ლიდერებმა მრავალჯერ განუმარტეს რუსეთს, რომ ალიანსის გეგმები მის წინააღმდეგ არ არის მიმართული, კრემლისთვის ეს თემა განსაკუთრებულ გამაღიზიანებელ ფაქტორად რჩება. მოსკოვს ნატოს გაფართოების გაგონებაც კი არ სურს და ადვილი შესამჩნევია, რომ მუდმივად მწვავედ რეაგირებს საქართველოსა და ნატოს დასაახლოებელ ყოველ ნაბიჯზე. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ უწოდეს ”ღია პროვოკაცია” ნატოს პროგრამის - ”პარტნიორობა მშვიდობისათვის” -ფარგლებში ჩატარებულ წვრთნებს, რომელსაც მაისში საქართველო მასპინძლობდა. მათ შორის იყო პრეზიდენტი მედვედევიც, რომელმაც ასევე თქვა: ჩვენ ყურადღებით მივადევნებთ თვალს, როგორ განვითარდება მოვლენები და, თუ საჭირო იქნება, შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებთო.

ექსპერტთა აზრით, ნაწილობრივ სწორედ ნატოსა და საქართველოს ურთიერთობების გასაკონტროლებლადაც სჭირდება რუსეთს თანამშრომლობა ალიანსთან, რომელიც, აგვისტოს ომთან დაკავშირებული შეფერხებების შემდეგ, კვლავინდებურად აღდგა ნატო-რუსეთის საბჭოს ფორმატში. ივნისის ბოლოს საბერძნეთის კუნძულ კორფუზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსი და რუსეთი სამხედრო თანამშრომლობის განახლებაზეც შეთანხმდნენ. ნატო-რუსეთის სამომავლო თანამშრომლობას მნიშვნელოვნად მიიჩნევს ამერიკის პრეზიდენტიც, მაგრამ ბარაკ ობამა რუსეთის გასაგონად სხვა მნიშვნელოვან რამესაც ამბობს:

”ამერიკა თავს არასოდეს მოახვევს სხვა ქვეყანას უსაფრთხოების საკითხის ორგანიზებას... იმისათვის, რომ რომელიმე ქვეყანა გახდეს ისეთი ორგანიზაციის წევრი, როგორიც, მაგალითად, ნატოა, ამაზე თანხმობა უნდა განაცხადოს ამ ქვეყნის მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა; მათ უნდა განახორციელონ რეფორმები და უნდა შეძლონ წვლილის შეტანა ალიანსის მისიაში. ნება მომეცით, გარკვევით გითხრათ: ნატო უნდა მიისწრაფოდეს რუსეთთან თანამშრომლობისკენ და არა დაპირისპირებისკენ.”

ბარაკ ობამამ ეს განცხადება 7 ივლისს მოსკოვში ახალი ეკონომიკური სკოლის აუდიტორიის წინაშე გამოსვლისასაც გააკეთა უშუალოდ მას შემდეგ, რაც საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტის დაცვის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. ამიტომ ექსპერტების ერთი ნაწილი მის სიტყვებში პრინციპულ პოზიციასაც ხედავს - კერძოდ, იმას, რომ, თუკი საქართველო და უკრაინა ძირითად სტანდარტებს დააკმაყოფილებენ, ალიანსში მათ გაწევრიანებას ხელს ვერავინ და, მათ შორის, ვერც რუსეთი შეუშლის. ასე ფიქრობს უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი ირაკლი სესიაშვილიც:

”ამით შეერთებულმა შტატებმა, ჩემი აზრით, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი წარსულ შეცდომას, რომ მაშინ, როცა საქართველოს ”მაპი” არ მისცეს, ეს გარკვეულწილად განპირობებული იყო რუსული ფარული ვეტოთი. ამ შემთხვევაში შეერთებული შტატების პოზიცია ნატოს გაფართოებასთან მიმართებაში, ვფიქრობ, უფრო მყარია და უფრო მოწოდებულია შეერთებული შტატები, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს საქართველოსა და უკრაინის გაერთიანება ნატოში.”

ირაკლი სესიშვილისგან განსხვავებით, პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხს ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ძველზე ბევრად მშვიდად მიუდგება და რომ ობამა მკვეთრი პოზიციის გამოხატვას არ იჩქარებს:

”...სტილი მყისიერობისა და მოულოდნელი ნაბიჯებისა ნაკლებად ახასიათებს ობამას. თან მან ევროპული დამოკიდებულება იცის და, როგორც ჩანს, არ უყვარს მას ასე რქებით საქმის გატანა...”

ნაჩქარევ ნაბიჯებს არც სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ანდრო ბარნოვი მოელის, თუმცა ის ამერიკის პრეზიდენტის მოსკოვურ კომენტარებში ნატოს თემისადმი საკმაოდ პრინციპულ მიდგომას ხედავს. ამასთან, პოლიტოლოგი შენიშნავს კრემლისთვის იმის დანახვების სურვილსაც, რომ ალიანსის გაფართოებას რუსეთი თავისი აგრესიით თავადვე უწყობს ხელს:

”სწორედ ამას გულისხმობდა ობამა... 2-3 კვირის წინ მე თავად გახლდით ნატოს შტაბბინაში და ალიანსის ძალიან სერიოზული წარმომადგენლების მხრიდან სწორედ ამაზე იყო იქ საუბარი, რომ ამ პროცესს თითონ რუსები უწყობენ ხელს. თორემ ეს არ არის პანაცეა, მათ შორის არც საქართველოსთვის... ნატო არის უსაფრთხოების სისტემა, რომელშიც ჩვენ ვხედავთ თავის გადარჩენის საშუალებას, რუსეთისგან დაცვის საშუალებას.”

რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ამერიკამ უკვე აიღო პასუხისმგებლობა ხელი შეუწყოს საქართველოს, რათა ის სათანადოდ მოემზადოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გასაწევრიანებლად, იქნება ეს სხვადასხვა სახის რეფორმების გატარება თუ შესაბამისი სამხედრო მომზადება. ეს საკითხი ერთ-ერთ მთავარ თემად განიხილება თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში, რომელსაც საქართველომ და შეერთებულმა შტატებმა 9 იანვარს მოაწერეს ხელი და რომლის განხორციელების პროცესიც უკვე დაწყებულია.
XS
SM
MD
LG