Accessibility links

„პრეცედენტული“ ყრილობა რესპუბლიკურ პარტიაში


რესპუბლიკური პარტიის ყრილობა

რესპუბლიკური პარტიის ყრილობა

რესპუბლიკური პარტიის მეცამეტე ყრილობამ, რომელიც დღეს ჭადრაკის სასახლეში ჩატარდა, პარტიის წესდება ახალი რედაქციით მიიღო. წესდების ცვლილების მიზანი შიდაპარტიული დემოკრატიის განვითარებაა, განმარტავენ პარტიაში, რომლის ყრილობაზეც 517 დელეგატი მონაწილეობდა, სტუმართა შორის კი მხოლოდ „ალიანსი საქართველოსთვის“ დანარჩენი სუბიექტები, მემარჯვენეები და ალასანიას გუნდის წარმომადგენლები, იყვნენ.

პარტიის წესდების ახალი რედაქციის პროექტი ყრილობამდე ყველა რაიონულმა ორგანიზაციამ განიხილა. ასეთი კი 57-ია. განვლილი ოთხწლიანი საანგარიშო პერიოდის მთავარი მახასიათებელი რესპუბლიკური პარტიისთვის პარტიის წევრთა და, შესაბამისად, ადგილობრივ ორგანიზაციათა რიცხვის საგრძნობი ზრდაა.

„ინტელექტუალთა კლუბის რეპუტაცია, რომელიც რესპუბლიკურ პარტიას ჰქონდა, წარსულს ჩაბარდა. ახლა ინტელექტუალებიც არიან პარტიაში და ყველა სოციალური ფენის წარმომადგენლებიც. ახლა რამდენი დელეგატიცაა ყრილობაზე, 4 წლის წინ პარტიას იმდენი წევრი ჰყავდა. ახლა პარტიაში 4 000-ზე მეტი წევრია.“

გვითხრა დავით ზურაბიშვილმა, რომლის განმარტებითაც, პარტიის წევრთა რიცხოვნობის ზრდამ განაპირობა რეფორმები და სიახლეები წესდებასა და პარტიის მართვის მოდელში, მათ შორის - მმართველი ორგანოს არჩევის პროცედურაში. თავის მხრივ, ამ სიახლეების დაკანონების გამო რესპუბლიკური პარტიის მეცამეტე ყრილობას პრეცედენტული ყრილობაც ეწოდა. ყრილობის პრეცედენტულობის უმთავრესი ნიშანი ეროვნული კომიტეტის არჩევნებია, თავისი საარჩევნო კომისიით, 7 საარჩევნო უბნით, ხმის დამთვლელი ტექნიკური ჯგუფითა და კომიტეტის წევრობის კანდიდატთა მაღალი კონკურენციით. საქმე ისაა, კომიტეტის წევრობის კანდიდატთა დასახელება თავისუფალი და შეუზღუდავია. ამ პრინციპებით კი ყრილობა ირჩევს პარტიის უმაღლეს ორგანოს, ეროვნულ კომიტეტს, რომლის წევრთა რაოდენობა 35 კაცით განისაზღვრა, ნაცვლად 13-ისა, რომელსაც ძველი მოდელი ითვალისწინებდა. პარტიის წესდების სხვა სიახლეების განმარტება რესპუბლიკელთა ლიდერს, დავით უსუფაშვილს, ვთხოვეთ:

„სიახლეა ის, რომ, 4 წლის ნაცვლად, 2 წელიწადში ერთხელ გვექნება ასეთი ყრილობა, ანუ კომიტეტი და თავმჯდომარე 2 წლით აირჩევა; სიახლეა ის, რომ უფლებამოსილებები სერიოზულად გადანაწილდა თავმჯდომარესა და ეროვნულ კომიტეტს შორის; სიახლეა ის, რომ პარტიაში შემოდის სამდივნო - ასეთი ინსტიტუტი; ცალკეულ მიმართულებებს ეყოლება კონკრეტული მდივნები. ესე იგი, ეროვნული კომიტეტი, თავმჯდომარე და მდივნები - ეს სისტემა შეკრავს პარტიას 2 წლის განმავლობაში.“

მომავალი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში ყველა რეგიონში უნდა დასრულდეს რეგიონალური სტრუქტურების ფორმირება. ამ და სხვა მიზნების განხორციელებას კი რესპუბლიკური პარტია შეცვლილი სიმბოლიკით შეუდგება. საქმე ისაა, რომ პარტიის სიმბოლიკის ფერებში წითელ ფერს შეცვლის ნარინჯისფერი. „საანგარიშო პერიოდში საქართველოს რესპუბლიკური პარტია გახდა ევროპის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის სრულუფლებიანი წევრი, რაც უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იყო პარტიის საერთაშორისო ასპარეზზე დამკვიდრებისათვის. ნარინჯისფერის, როგორც ევროპელ ლიბერალთა ერთ-ერთი ძირითადი ფერის, რესპუბლიკური პარტიის სიმბოლიკაში ასახვა იქნება სიმბოლო რესპუბლიკური პარტიის მტკიცე კურსისა ქართული სახელმწიფოს ევროპული ინტეგრაციისაკენ“, - ვკითხულობთ რესპუბლიკური პარტიის ახალი წესდების განმარტებით ბარათში. რაც შეეხება შიდა ინტეგრაციას, ივლიანე ხაინდრავა ამბობს, რომ რესპუბლიკურ პარტიაში შემდგომი არჩევნებისათვის - იგულისხმება როგორც საპარლამენტო, ასევე საპრეზიდენტო - ალიანსების ფორმატში მზადების განწყობა დომინირებს. ივლიანე ხაინდრავა აღნიშნავს იმასაც, რომ უახლოეს მომავალში „ალიანსი საქართველოსთვის“, სავარაუდოდ, ახალი წევრებით შეივსება.

წინასაარჩევნო, უფრო ზუსტად, არჩევნებამდე პერიოდის ალიანსების იდეას ემხრობა გურამ ბერიშვილიც, თუმცა, მისი შემდგომი მოსაზრებით თუ ვიხელმძღვანელებთ, „ალიანსი საქართველოსთვის“ წევრობის მიუხედავად, რესპუბლიკურ პარტიაში განსჯის საგნად რჩება საკითხი არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის შესახებ. გურამ ბერიშვილმა ყრილობის ტრიბუნიდან უპირატესობა სწორედ ამ უკანასკნელს მიანიჭა:

„ის, რომ პარლამენტში არჩეულები აკეთებენ კოალიციას, აუცილებლობაა იმიტომ, რომ, თუ ვერ მოხვედი უმრავლესობაში, უმრავლესობა უნდა შექმნა. მაგრამ არჩევნების წინ სრულიად გაუგებარია. გავძლიერდით, საკმაოდ სერიოზული პარტია ვართ, რატომ გვინდა ბლოკში ყოფნა, გაუგებარია?!“

ამბობს გურამ ბერიშვილი და თავადვე განმარტავს, რა კვებავს სკეპტიკოსების ეჭვებს. მათ შორის მთავარია საარჩევნო ბარიერი და, შესაბამისად, არჩევნებში შესაძლო დამარცხების ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზები.

თინა ხიდაშელისთვის, თავის მხრივ, მისაღებია გურამ ბერიშვილის მოსაზრება არჩევნებში პარტიების დამოუკიდებლად მონაწილეობის შესახებ, თუმცა აღნიშნავს იმასაც, რომ წინასაარჩევნო კოალიციები საქართველოში, საბოლოოდ, პარტიების გაერთიანებით დასრულდება. რაც შეეხება მიმდინარე პროცესს, მას სჯერა, რომ მომდევნო საანგარიშო პერიოდში რესპუბლიკური პარტია კიდევ უფრო გაძლიერდება, სხვათა შორის, იმ ცვლილებების ხარჯზე, რაც პარტიის მეცამეტე, ეგრეთ წოდებულმა „პრეცედენტულმა“, ყრილობამ დაამტკიცა. რესპუბლიკური პარტიის ეროვნულმა კომიტეტმა პარტიის თავმჯდომარედ კვლავ დავით უსუფაშვილი აირჩია.
XS
SM
MD
LG