Accessibility links

logo-print

რამდენად წარმატებული იყო ობამას მოსკოვური დიპლომატია?


ბარაკ ობამა

ბარაკ ობამა

ბარაკ ობამას პირველი საპრეზიდენტო ვიზიტი რუსეთში ნაწილი იყო მისი დიდი პროექტისა, რომელიც შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის შეცვლას ითვალისწინებს. ვაშინგტონი ფიქრობს, რომ კრემლი ორი ქვეყნის ურთიერთობას ერთგარ ”უნაშთო თამაშად” აღიქვამს - თამაშად, რომელშიც ერთი მხარე აუცილებლად წაგებული უნდა იყოს, მეორე კი - მოგებული. სწორედ ამგვარი აღქმის გადალახვას შეეცადა ბარაკ ობამა მოსკოვში გამართულ შეხვედრებზე და სიტყვით გამოსვლისას. რამდენად წარმატებული იყო მისი მცდელობა?

ბარაკ ობამა მოსკოვში პირველად ოთხი წლის წინ ჩავიდა. მაშინ ის რამდენიმე საათით დააყოვნეს აეროპორტში.

იმ დროს ობამა ილინოისის შტატის უმცროსი სენატორი იყო დემოკრატიული პარტიიდან და შეიარაღების ობიექტებს სწავლობდა რესპუბლიკელ სენატორ რიჩარდ ლუგართან ერთად, რომელიც რუსეთს უწოდებდა ”დისფუნქციურ სახელმწიფოს, სადაც მარჯვენა ხელმა არ იცის რას აკეთებს მარცხენა.”

ამჯერად ობამას სხვაგვარად დახვდნენ.

ორშაბათს, კრემლის მოოქროვილ დარბაზში სიტყვით გამოსვლისას, რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა მისი ობამასთან შეხვედრა აღმატებული ეპითეტებით აღწერა და განაცხადა, რომ შეხვედრა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე იქონიებს გავლენას.

ვაშინგტონი ობამას ვიზიტს რუსეთთან ურთიერთობის ”გადატვირთვის” პროცესში მნიშვნელოვან მოვლენად სახავს - მოვლენად, რომელიც ამერიკის ეროვნული ინტერესების განსაზღვრით დაიწყო.

კრემლის მახლობლად მდებარე საგამოფენო დარბაზში, ბიზნესსკოლის კურსდამთავებულთა წინაშე სიტყვით გამოსვლისას, ობამამ გააკრიტიკა მოსკოვის ”მოძველებული შეხედულებები”, მათ შორის, შეერთებულ შტატებთან შეჯიბრი გავლენის სფეროების გადანაწილების მიზნით:

”ეს შეხედულებები არასწორია. 2009 წელს ძლიერი სახელმწიფო თავის ძალას არ ავლენს სხვა ქვეყნებზე დომინირებით ან მათი დემონიზაციით. ის დრო, როდესაც იმპერიები დამოუკიდებელ ქვეყნებს საჭადრაკო დაფაზე განთავსებულ ფიგურებად აღიქვამდნენ, წარსულს ჩაბარდა.”

ამ განცხადების ერთგვარ მაგალითად ობამამ საქართველო გამოიყენა. გასულ წელს საქართველოში რუსეთის შეჭრამ ხომ რუსეთისა და შეერთებული შტატების ურთიერთობა ცივი ომის შემდეგ პერიოდში ყველაზე მეტად გააუარესა.

ობამას განცხადებით, საერთაშორისო ურთიერთობებს საფუძვლად სახელმწიფო სუვერენიტეტის აღიარება უნდა დაედოს. მისი თქმით, მოსკოვმა, როგორც ძლიერმა მოთამაშემ, ”თავისი კუთვნილი ადგილი” უნდა დაიკავოს - არა მეზობლების კიდევ უფრო გადამტერებით, არამედ ვაშინგტონთან თანამშრობლობით იარაღის გაუვრცელებლობის, ანტისარაკეტო სისტემის, ექსტრემიზმის წინაააღმდეგ ბრძოლის და ვაჭრობის სფეროებში.

საქართველოში ობამას ეს განცხადება პოლიტიკოსების და ანალიტიკოსების უმრავლესობამ დადებითად აღიქვა, როგორც შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს უცვლელი მხარდაჭერის ნიშანი.

პოლიტიკის ანალიტიკოსმა, რესპუბლიკელმა ივლიანე ხაინდრავამ განცხადების მნიშვნელობა რადიო თავისუფლებას ასე განუმარტა:

”საქართველოს თემის გაჟღერება ცალმხრივად, ობამას მიერ, გარკვეულწილად დამაიმედებელი არის ჩვენთვის იმ თვალსაზრისით, რომ საქართველო არ გადის ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესთა სფეროს მიღმა. მაგრამ ასევე ნიშანდობლივი არის მედვედევის დუმილი ამ თემასთან დაკავშირებით, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ მხარეები საკუთარი პოზიციების ერთგულები დარჩნენ.”

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ირიბად კრემლის ავტორიტარიზმიც გააკრიტიკა, ისაუბრა რა დემოკრატიული მმართველობის, ადამიანის უფლებების და თავისუფალი პრესის უპირატესობებზე:

”თავიანთი ხალხის სამსახურში მყოფი მთავრობები არსებობას და განვითარებას განაგრძობენ. ხოლო მთავრობები, რომლებიც მარტო თავიანთ ძალაუფლებაზე ფიქრობენ, არა.”

შეერთებული შტატები, - განაცხადა ობამამ, - არ აპირებს ”რომელიმე სხვა ქვეყანას თავს მოახვიოს მმართველობის რაიმე სისტემა.” და იქვე დასძინა: ”ამ ფრონტზე ჩვენ ყოველთვის სწორად როდი ვიქცეოდითო.”

ამ მესიჯმა რუსეთში დიდი მოწონება დაიმსახურა. ამ ქვეყანაში ხომ ბევრი აპროტესტებდა ერაყის ომს და ამერიკის სხვა ნაბიჯებს.

საგამოფენო დარბაზის გარეთ ოპოზიციის ყოფილმა ლიდერმა და რეგიონალურმა გუნერნატორმა ნიკიტა ბელიმ ობამას გამოსვლა შეაქო: შეერთებული შტატების პრეზიდენტი დიპლომატიური იყო, მაგრამ, ამავე დროს, მკაფიოდ თქვა, რომ უნივერსალური ფასეულობების დათმობას არ აპირებსო.

”ვფიქრობ, ეს გამოსვლა რუსების თვალში შეერთებული შტატების იმიჯს გააუმჯობესებსო”, - დასძინა მან.

სამიტამდე ჩატარებული ერთ-ერთი გამოკვლევის თანახმად, რუსების უმრავლესობა შეერთებულ შტატებს ეჭვის თვალით უყურებდა. გამოკითხულთაგან 75-მა პროცენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი თავის ძალაუფლებას ბოროტად იყენებს.

საქართველოსთან ომის დროს რუსეთში ბევრს სჯეროდა, რომ თბილისს ომის დაწყებისკენ ვაშინგტონმა უბიძგა. ამგვარი ბრალდება ხშირად ისმოდა სახელმწიფო მედიით.

რუსეთის მოქალაქეებში განსაკუთრებულ გულისწყრომას იწვევს ამერიკის გეგმა ევროპაში ანტისარაკეტო სისტემის განთავსების თაობაზე - ქვეყნის მთავრობის განცხადებით, ეს სისტემა რუსეთის წინააღმდეგ იქნება მიმართული.

მაგრამ ამ დღეებში მოსკოვის მთავარ პროსპექტზე მოსეირნე ხალხი ობამას დადებითად ახასიათებს და იმედს გამოთქვამს, რომ სამიტი ორი ქვეყნის ურთიერთობას წაადგება.

ვერონიკა ტროფიმოვა რუსეთის ბევრი მოქალაქის განცდას გამოხატავს:

”ობამა მომწონს. ის უფრო თავშეკავებული და დიპლომატიურია. ”

ალექსეი ჩადაევის აზრით, ობამა ”სრულიად ახალ ამერიკას” წარმოადგენს:

”1990-იან წლებში ურთიერთობა ძალიან კარგი იყო - შემდეგ კი ის ძალიან გაფუჭდა. ახლა პროცესი ისევ უკან ბრუნდება.”

ბევრად უფრო ბუნდოვანია ის, თუ რა შთაბეჭდილება მოახდინა ობამას ვიზიტმა კაცზე, რომელიც, ბევრი რუსის აზრით, მათ ქვეყანას განაგებს. პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი სერიოზული ჩანდა, თითქოს თავს უხერხულად გრძნობდა სამშაბათს, მის რეზიდენციაში ობამასთან საუზმის დროს.

ევგენი კისილიოვს თავის დროზე პოპულარული პოლიტიკური გადაცემა მიჰყავდა ტელეკომპანია ”ენ-ტე-ვეზე” - სანამ, პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ამ ტელეკომპანიას სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მყოფი კომპანია დაეუფლებოდა. რუსი ჟურნალისტი აცხადებს, რომ ეჭვი ეპარება, რუსეთისა და შეერთებული შტატების ურთიერთობაში მართლაც მოხერხდეს ”გადატვირთვა” ახლო მომავალში:

”ანტიამერიკანიზმი რუსეთის პოლიტიკური სისტემის ძირითად კომპონენტად იქცა და რუსეთის პოლიტიკურ კლასს მის დასაძლევად დიდი დრო დასჭირდება.”
XS
SM
MD
LG