Accessibility links

logo-print

განმეორებითი ჩვენება: მუსიკალური სნობის სახელმძღვანელო

  • ნიკო ნერგაძე

ეს სტატია რამდენიმე წლის წინ გამოქვეყნდა ჟურნალ „ანაბეჭდში“. გადავწყვიტე აქაც დამედო. იმიტომ, რომ რატომაც არა, იყოს ინტერნეტშიც. ცოტა შევამოკლე და განვაახლე და ასეთი გამოვიდა:

ალბათ მოხვედრილხარ ისეთ ადგილას, სადაც ყველა მუსიკაზე ლაპარაკობდა. თან ისეთ ჯგუფებს და მიმდინარეობებს ახსენებდნენ, რომლებიც არც კი გსმენია. შეიძლება ეჭვმაც კი გაგკრა გულში, არ იცის ამ ხალხმა არაფერი და ისე ლაპარაკობსო, მაგრამ თავი მაინც სულელად და გაუნათლებლად გიგრძვნია. თუ ასეა, ეს სტატია შენთვისაა.

თანამედროვე მუსიკაზე ავტორიტეტული ლაპარაკი არ არის რთული. მთავარია სწორ დროს სწორი სახელების ხსენება და ჭკვიანური სახით ლოყების ბერვა. ამავე დროს საჭიროა რამდენიმე მარტივი წესის დაცვა და ვუალა, უკვე შეგიძლია დანარჩენ კაცობრიობას ზემოდან უყურო, რადგან ყველაზე კარგი გემოვნება გაქვს.

საკუთარი და დასავლელი ექსპერტების, პირველ რიგში დოქტორ დევიდ თორპის, გამოცდილებით შექმნილი ჩვენი სახელმძღვანელო სულ რაღაც სამ გაკვეთილში გაქცევთ მუსიკალურ სნობად. ამაზე უკეთესი კი რა შეიძლება ინატროს კაცმა? ალბათ არაფერი.

გაკვეთილი პირველი: 5 მცნება

ჭეშმარიტ მუსიკალურ სნობს 5 მცნება აქვს. ამ ოქროს ხუთეულის სწორად შესრულების შემთხვევაში მუსიკაზე კამათისას ვერავინ გაჯობებს. პირიქით, შეგეძლება სხვების მორალურად დაჩაგვრა და განადგურება.

1. აგრძნობინე მოსაუბრეს, რომ მასზე ბევრად მეტი იცი.

2. არასოდეს მოიწონო მოწინააღმდეგის დასახელებული მუსიკა.

3. არასოდეს აღიარო რას უსმენ თავად (გამონაკლისია მეხუთე წესი).

4. ახსენე რაც შეიძლება მეტი უცნობი ჯგუფი და შემსრულებელი.

5. აირჩიე ერთი ჯგუფი და გახდი მისი ბრმა მიმდევარი.

გაკვეთილი მეორე: ...თქვენ მკვდრებისგან დატოვებული კვალით გაგვიცნობთ

სნობის მეორე მცნების ცხოვრებაში გატარებას ორი სიტყვის დამახსოვრება ჰყოფნის. ყველაფერი ან პრიმიტიულია (პროგრესულ როკს უსმენ? როგორ შეიძლება მაგ პრეტენზიული ნაგვის სმენა, თავი ვინ ჰგონიათ, მუსორგსკი?) და ან პრეტენზიული (პანკ როკი გიყვარს? ეს ხომ პრიმიტიული მუსიკაა, მეხუთე აკორდი ისწავლონ და იქნება მოვისმინო კიდევაც). ეს ორი სიტყვა საშუალებას გაძლევს, რომ მიწასთან გაასწორო მოწინააღმდეგის საყვარელი მუსიკის უდიდესი ნაწილი.

ეს, რაც შეეხებოდა შეტევას. კარგი სნობი მუდამ მტრიანია და ამიტომ თავდაცვისთის უნდა იყოს მზად. პაექრობის დროს მოწინააღმდეგე აუცილებლად დაგისახელებს ჯგუფს ან შემსრულებელს, რომელიც არასდროს გაგიგია. ყველაფერი ხომ არავის აქვს მოსმენილი. რას ვაკეთებთ ამ დროს?

თეთრები იწყებენ: ქსიუ ქსიუ მოგისმენია?

არასწორი სვლები:

ა. არა, არ მომისმენია (სნობობის ხარისხი ვარდება. თეთრები იგებენ. ვაი, სირცხვილო!)

ბ. კი, მომისმენია (თეთრები იღებენ ხარისხობრივ და ტერიტორიულ უპირატესობას, ტყუილში ადვილად გიჭერენ, მუდმივი ქიში. შავები ნებდებიან).

გ. გამიგია, მაგრამ არ მომისმენია (ეს ყველაზე ჩმორული პასუხია მსოფლიოში).

სწორი სვლის გასაკეთებლად საჭიროა შეტევის მოგერიება და სწრაფი კონტრშეტევის განხორციელება. აი, ორი მაგალითი:

ა. ქსიუ ქსიუ? რომელია მაგათი ლეიბლი? (ძლიერი სვლაა. დიდი შანსია, რომ მოწინააღმდეგეს წარმოდგენა არა აქვს საერთოდ რა არის ლეიბლი. ამავე დროს იგულისხმება, რომ ეს აუცილებელი ინფორმაციაა, რომელსაც ის არ ფლობს. შამათი.).
თუ მოხდა სასწაული და მოპაექრემ იცის, რომელია ქსიუ ქსიუს ლეიბლი (5 Rue Christine, მაგრამ ითვლება ასევე Absolutely Kosher და States Rights Records), მაშინ პასუხობ, ააა, გამახსენდა, მაგათი კომპილაცია მაქვს მოსმენილი. პატი.

ბ. ქსიუ ქსიუ? მაგათი სიმღერა მაქვს ტაკემურას ბოლო ფილმის საუნდტრეკზე. „ყვითელი მზე“ ჰქვია, მგონი. არ გინახავს? მაგარი ფილმია. (ასევე ძლიერი სვლაა. აჩვენებ, რომ ჯგუფი იცი და ამავე დროს სახეში გააწნი რეჟისორის გვარს, რომელიც მას ნამდვილად არ გაუგია. ანდა საიდან გაიგებდა, თუ იმ წუთში გამოიგონე. მუდმივი ქიში, თეთრები ნებდებიან).

გაკვეთილი მესამე: აი, რა მიყვარს

მეხუთე წესის სწორად შესრულება რთულია, მაგრამ აუცილებელი. ბოლოს და ბოლოს, რაღაც ხომ უნდა მოგწონდეს? მოწონება შეიძლება გამოხატო სამი სახით: ირონიული თაყვანისცემით, ლანძღვანარევი შექებით და მონური მორჩილებით.

ირონიული თაყვანისცემა:

ვიღებთ ყველასაგან გალანძღულ ჯგუფს ან შემსრულებელს და ვიწყებთ მის ქებას. საიდუმლო იმაშია, რომ ჯგუფი იმდენად ცუდი უნდა იყოს, რომ მოსაუბრეს ეჭვი არ უნდა შეეპაროს რომ ხუმრობ, მაგრამ შენ მუდამ უნდა ამტკიცო, რომ ყოვლად სერიოზულად ლაპარაკობ. ჯგუფი ან შემსრულებელი უნდა იყოს შედარებით ძველი, „ლინკინ პარკის“ ან „ბლინკ 182-ის“ მოწონება მხოლოდ თავს მოგჭრის. კარგი არჩევანი იქნებოდა“ სნეპი“ ან „დურან დურანი“.

ლანძღვანარევი შექება:

განკუთვნილია ისეთი ჯგუფებისა და შემსრულებლებისათვის, რომელსაც პირდაპირ ვერ აგინებ. ტომ უეიტსი, „ველვეტ ანდერგრაუნდი“, იგი პოპი, ფრენკ ზაპა მუსიკალური სნობების კერპები არიან და მათთან ჭიდილი კარგს არაფერს მოგიტანს. თუმცა, ყოველთვის შეიძლება აღნიშნო, რომ მათი ადრინდელი ნამუშევარი ბევრად სჯობდა ახლანდელს. ამოატივტივე ორი ჯადოსნური სიტყვა: „პრიმიტიული“ და „პრეტენზიული“ და უკვე მზადა ხარ კერპებთან საბრძოლველად. მაგალითად: კარგი რა, ლუ რიდი მაგარი იყო, მაგრამ ენდი უორჰოლით იყო მაგარი და კიდევ ჯონ კეილით, თორემ მერე ხომ გამოჩნდა, რომ ის პრეტენზიული სნობია, რომელიც ჩუმად მისტირის თავისი დიდების 15 წუთს (რაც უფრო კატეგორიული ხარ და მეტ სახელს ახსენებ, მით უფრო გიჯერებს ხალხი).

მონური მორჩილება:

იღებ ერთ და მხოლოდ ერთ ჯგუფს ან შემსრულებელს და იწყებ მის მონურ თაყვანისცემას. ყოველ საუბარში ათჯერ მაინც ახსენებ მის სახელს და სხვა ჯგუფებს ადარებ. გამარჯვებული, რა თქმა უნდა, ყოველთვის შენი რჩეული გამოდის. ეს რთული საქმეა და საჭიროა მაქსიმალური სიფრთხილე. არ აირჩიო ცნობილი საკულტო ჯგუფი. თუ „სმითსი“ ან ბობ დილანი აირჩიე, ადრე თუ გვიან შეგხვდება მათი ნამდვილი თაყვანისმცემელი და ან ჯონი მარზე დაგიწყებს ლაპარაკს და ან კიდევ 1965 წლის ნიუპორტის ფესტივალზე. გინდა ახლა ეს შენ? ამიტომაც უნდა დაუმიზნო შედარებით ნაკლებად ცნობილ შემსრულებელს. იდეალური ვარიანტია მარკ ელიოტ სმითი. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მისი სახელი ცოტამ იცის. მეორე იმიტომ, რომ მას ქვიშაზე უმრავლესი ალბომი აქვს გამოშვებული და თავისუფლად შეგიძლია, რაც გინდა, ის ილაპარაკო, ვერავინ შეგედავება.

ეს, ასე ვთქვათ სნობიზმი 101-ია (წარმოითქმის უან ოუ უან). ჭეშმარიტმა სნობმა კიდევ ბევრი ნიუანსი იცის. ვინძლო, შენც ასეთი ხარ. ქვევით კომენტარის ჩასაწერ ადგილს ხედავ? იცი რისთვისაა? ჰოდა, მოიყვა!

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG