Accessibility links

logo-print

თბილისი სოხუმის ბრალდებას უარყოფს


აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ საქართველომ აფხაზეთის თავზე უპილოტო საფრენი აპარატების გაშვება განაახლა. სოხუმის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, 7 ივლისს, 22 საათზე სოფელ საბერიოს მიდამოებში აფხაზმა მესაზღვრეებმა შენიშნეს უპილოტო თვითმფრინავები, რომლებიც საქართველოს მხრიდან გალის რაიონის სიღრმისკენ მიემართებოდა. იმავე დღეს, 23:35-ზე უპილოტო თვითმფრინავები ტყვარჩელის რაიონის დასახლებულ პუნქტ ხუხუნის თავზე შენიშნეს - იუწყება დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო. ”აუცილებელია იმის აღნიშვნა, რომ წარსულში საქართველოს უპილოტო საფრენ აპარატებს საჰაერო დაზვერვისთვის უშვებდა, აფხაზეთის წინააღმდეგ საომარი ოპერაციის მოსამზადებლად” - ნათქვამია განცხადებაში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ინფორმაციას ”პროვოკაციას” უწოდებს, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვამია: ”ამის საპირისპიროდ, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსული მხარის მიერ ბოლო ხანებში გახშირდა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატების სადაზვერვო მიზნით გამოყენება. მარიონეტული რეჟიმის მიერ ამ ტიპის უსაფუძვლო ბრალდებები მით უფრო შემაშფოთებელია, რომ რუსული მხარის ძალისხმევით საქართველოში აღარ მოქმედებს გაეროს სადამკვირვებლო მისია, ხოლო ევროკავშირის დამკვირვებლებს არ ეძლევა შესაძლებლობა, სრულად განახორციელონ მანდატით გათვალისწინებული ფუნქციები საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. ამასთან, ცხადია, რომ სოხუმის რეჟიმი ეჭვქვეშ აყენებს ევროკავშირის მონიტორების მიუკერძოებლობას, რაც მათი კომპრომეტაციის ცინიკურ და უსუსურ მცდელობას წარმოადგენს” - ვკითხულობთ საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
XS
SM
MD
LG