Accessibility links

logo-print
მოკლედ, კვერცხისა და ქათმის ამბავია... ოღონდ, ცოტა შორიდან უნდა გამოვყვე.

ბატონმა სოლომონმა შეადგინა თერთმეტპუნქტიანი გეგმა – „მთავრობისა და ოპოზიციის შეთანხმების პირობები“. მანვე, ჩვენი ბლოგის კომენტატორების დახმარებით, გეგმა ოდნავ ჩაასწორა, საბოლოოდ, 12 პუნქტად ჩამოაყალიბა და მთხოვა, „შეთანხმების პირობები“ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისთვის გამეცნო. ბატონ სოლომონის მიმართ ღრმა პატივისცემის ფონზე, ამ იდეასთან დაკავშირებით ერთი კითხვის ნიშანი მაქვს და ერთიც – მხარდამჭერი არგუმენტი.

კითხვის ნიშნით დავიწყოთ. პოლიტიკური დაპირისპირების პროცესში მოლაპარაკება მეტად ქმედითი და ფაქიზი იარაღია. ამ იარაღს თითოეული მხარე პასუხისმგებლობით ეკიდება და სათავისოდ იყენებს - მათ შორის, ის პოლიტიკოსებიც კი, რომლებიც მოლაპარაკების მაგიდასთან არ სხდებიან (მაგალითად, მიხეილ სააკაშვილი ან ნინო ბურჯანაძე), ამით მხოლოდ ამკვეთრებენ და ზრდიან პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას. დაპირისპირებული მხარეების სამოქმედო გეგმებში მთავარი ორიენტირი სწორედ მოლაპარაკებაა – ვინ რა რესურსით მივა იმ მომენტამდე, როდესაც, ბოლოს და ბოლოს, შეთანხმების პირობების განხილვა უნდა დაიწყოს. თუ პროცესი იმგვარად წარიმართება, რომ მოლაპარაკება არ შედგა, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ერთი მხარე პირწმინდად მოგებული დარჩება, მეორე კი – პირწმინდად წაგებული.

ამიტომ პირადად მე პოლიტიკური კონფლიქტის დროს მოლაპარაკება მხოლოდ და მხოლოდ დაპირისპირებული მხარეების საქმე მგონია. შეუძლებელია, ექსპერტებმა, ინტერესთა ჯგუფებმა ან საზოგადოების წევრებმა პოლიტიკოსებს შეუკვეთონ მოლაპარაკება ამა თუ იმ დროს და ამა თუ იმ პირობით. ეს პროცესში ჩარევას ნიშნავს ერთ–ერთი მხარის სასარგებლოდ, რაც მეორე მხარეს განსაკუთრებულად აღიზიანებს.

რა მდგომარეობა გვაქვს დღეს? 9 აპრილს დაწყებული საპროტესტო ტალღის ამჟამინდელ ეტაპზე ხელისუფლებამ ისე მოუგო ოპოზიციას, რომ მასთან მოლაპარაკება, ფაქტობრივად, არც უცდია (არ დასჭირვებია!). მაგრამ, როგორც წინა ბლოგში ვწერდი, სწორედ იმიტომ, რომ ხელისუფლებამ ერთი მისხალიც არ დათმო და ხალხის ძალაუფლება მთლიანად უგულებელყო, მან დაპირისპირების ეს ეტაპი ერთმნიშვნელოვნად წააგო საზოგადოებასთან. ამიტომ ბუნებრივიც კი მეჩვენება, რომ ბატონ სოლომონს (და არა მხოლოდ მას) გაუჩნდა სურვილი, მთავრობისა და ოპოზიციის შეთანხმების პირობების მოკარნახე ამ ეტაპზე სწორედ საზოგადოება გამხდარიყო.

მაგრამ იმისათვის, რომ ხელისუფლებამ სერიოზული მნიშვნელობა მიანიჭოს ოპოზიციასთან შეთანხმების თაობაზე საზოგადოების შეთავაზებას (გნებავთ – მოთხოვნას), სულ მცირე, პრეზიდენტმა და მისმა უახლოესმა გარემოცვამ საკუთარი შეცდომა უნდა გააცნობიეროს. ხელისუფლება თავს გამარჯვებულად მიიჩნევს, რაც კარგად ჩანს როგორც პრეზიდენტის, ისე ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების რიტორიკაში. ისინი ხედავენ და საჯარო გამოსვლებში ხაზგასმით აღნიშნავენ საკუთარ გამარჯვებას ოპოზიციაზე, მაგრამ ვერ ხედავენ ან სრულიად უგულებელყოფენ საკუთარ მარცხს საზოგადოების პროტესტულად განწყობილი ნაწილის წინაშე.

ამიტომ, ვიდრე საზოგადოება ხელისუფლებას იმ პირობებს უკარნახებს, რაც, პირველ რიგში, თვითონ ხელისუფლებას გამოიყვანს ჩიხიდან, აუცილებელია, პრეზიდენტმა და მისმა გარემოცვამ გააცნობიეროს და აღიაროს, რომ ძალაუფლების ნაწილი ხალხს ეკუთვნის. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებული ვითარების ფონზე, „შეთანხმების პირობების“ შესახებ ნებისმიერი შეთავაზება იმდენად შეუსაბამოა, რომ ხელისუფლების თვალში, დარწმუნებული ვარ, სასაცილოდ გამოიყურება.

მეორე მხრივ, იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლებაც დამარცხებულია (საკუთარ ხალხთან) და ოპოზიციაც (ხელისუფლებასთან), განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საზოგადოების ფაქტორი. ამიტომ მიმაჩნია დიდ საქმედ ჩვენს ბლოგზე გამართული დისკუსიები და, მათ შორის, თორმეტპუნქტიანი გეგმის ჩამოყალიბება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შეგვიძლია ვცადოთ, ძალზე მნიშვნელოვანი პროცესის ინიციატორები გავხდეთ.

შესაბამისად, ბატონი სოლომონის გეგმის შემხვედრი წინადადება მაქვს: იქნებ, პირველ რიგში, იმაზე ვიზრუნოთ, როგორ გავაცნობიერებინოთ და ვაღიარებინოთ ხელისუფლებას, რომ ათიათასობით მოქალაქის პროტესტის იგნორირება მისი მძიმე შეცდომაა. ვფიქრობ, მთელი ჩვენი პიროვნული და ინტელექტუალური რესურსი ახლა ამ საქმეს უნდა მოვახმაროთ. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება დარწმუნდება, რომ ძალაუფლება ეკუთვნის არა მხოლოდ მას, არამედ ქვეყნის მოსახლეობასაც (მათ შორის, მოსახლეობის პროტესტულ ნაწილს), შესაძლებელი იქნება მოლაპარაკებაზე საუბრის განახლება და შეთანხმების პირობების შეთავაზება.

როცა კვერცხისა და ქათმის ამბავი ვახსენე, სულ სხვა რამეს ვგულისხმობდი – ვანო მერაბიშვილის „ხერხემლობის“ კორელაციას ბატონი სოლომონის გეგმის განხორციელებასთან. შორიდან დავიწყე და სულ სხვაგან აღმოვჩნდი. მაგრამ, მგონი, სწორ გზაზე ვდგავარ. შეთანხმების კონკრეტული პირობების განხილვა მხოლოდ მას შემდეგ შეიძენს რეალურ მნიშვნელობას და შინაარსს, რაც ხელისუფლებას საზოგადოების ძალაში, თვითორგანიზების უნარსა და მიზანსწრაფულობაში დავარწმუნებთ. საჯარო გამოსვლების გარდა, ჯერჯერობით სხვა ხომ არაფერი გვიცდია?! თითოეული ჩვენგანის სურვილი, რამე გავაკეთოთ ჩვენი საერთო სამშობლოსთვის, ახლა ამ მიზნის მისაღწევად უნდა გავაერთიანოთ. ვიფიქროთ, ვიმსჯელოთ, ვიმოქმედოთ და ხელისუფლებას ჩვენი ძალა ვაღიარებინოთ.

თუ რამე შეგვიძლია, ახლა უნდა გამოჩნდეს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG