Accessibility links

logo-print

აგვისტოს ომით დაზარალებული მოსახლეობა დახმარებას ითხოვს


გორის რაიონის სოფელ თორტიზის მოსახლეობის ნაწილი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს. შარშან, აგვისტოში, ეს პატარა სოფელი რუსულმა სამხედრო ავიაციამ დაბომბა. დაახლოებით 150 ბომბიდან ნაწილი მაშინვე აფეთქდა, ნაწილი კი ამ დრომდე მიწაშია. სამასკომლიან სოფელში სახლების 80% აფეთქებების შედეგად დაზიანდა. თორტიზელები სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებას ხელისუფლებისგან დღემდე ითხოვენ და გორში არაერთი საპროტესტო აქციაც გამართეს.

აგვისტოს ომის შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციებმა თორტიზა ბუფერული ზონის სოფლებს არ მიაკუთვნეს და, შესაბამისად, სხვა სოფლებისგან განსხვავებით, იქ არც სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარეს და არც ჰუმანიტარული ტვირთი შეიტანეს. დაზიანებული სახლების აღდგენა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული თანხით დაიწყო. მთავრობამ თორტიზაში დაზიანებული სახლების ნაწილს სახურავები და კარ–ფანჯარა გამოუცვალა, თუმცა ზოგიერთ სახლში სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა. სახლების ერთი ნაწილის დაბზარული კედლები და დაზიანებული საძირკველი იქ მცხოვრები ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. თორტიზელთა მოთხოვნები შიდა ქართლის ვიცე-გუბერნატორმა ზურაბ ჩინჩილაკაშვილმა მოისმინა და ომით დაზარალებულების პრეტენზიები მხოლოდ ნაწილობრივ გაიზიარა. მისი განცხადებით, სოფლის მოსახლეობა საკუთარ პრობლემებს აზვიადებს. ვიცე-გუბერნატორი იმასაც ამბობს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასასრულებლად დამატებითი თანხა გაიცემა.

ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, სოფელ თორტიზაში 100 სახლის შეკეთება უკვე დასრულდა, თუმცა სრული რეაბილიტაციის დასრულების ვადა ჯერჯერობით უცნობია. სოფლის მცხოვრებნი კი ყველა სახლის აღდგენას წლის ბოლომდე ითხოვენ.
XS
SM
MD
LG