Accessibility links

logo-print
საპროტესტო აქციების დაწყებიდან სამი თვის თავზე ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან გაჩეჩილაძე, ქმნის ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას „დაიცავი საქართველო“. მოძრაობის დამფუძნებელი შეკრება 10 ივლისს გაიმართება, თუმცა უკვე ცნობილია, რომ მასში გაწევრიანებას საზოგადოებისთვის ნაცნობი არაერთი პიროვნება აპირებს. რა მიზნით იქმნება ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა?

ლევან გაჩეჩილაძემ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნაზე პირველად საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით ილაპარაკა, მოგვიანებით კი იგივე რუსთაველის გამზირზე, საინფორმაციო მიტინგის მსვლელობისას, განაცხადა:
„გულწრფელად მინდა ვიყო ერთ-ერთი ინიციატორი ძალიან დიდი და სერიოზული საზოგადოებრივი მოძრაობის, იმიტომ რომ აუცილებელია კონსოლიდაცია იმ საზოგადოებისა, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში პოლიტიკური მოძრაობის ირგვლივ იდგა. აუცილებელია მძლავრი მოძრაობის შექმნა, რათა სისტემას სისტემა დაუპირისპირდეს.“

ცნობილია, რომ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის სახელწოდება „დაიცავი საქართველო“ იქნება. ლევან გაჩეჩილაძის თქმით, ჭაბუა ამირეჯიბის ეს მოწოდება მოძრაობაში გააერთიანებს იმ ადამიანებს, ვინც რადიკალური ცვლილებების აუცილებლობაშია დარწმუნებული და საქართველოს დაცვაში გულისხმობს ტერიტორიულ მთლიანობას, სწორი ეკონომიკური გარემოს ლობირებას, სამოქალაქო სექტორის გაძლიერებას... ოპოზიციის ლიდერი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი იმედოვნებს, რომ ახალ მოძრაობაში საზოგადოებისათვის კარგად ნაცნობი არაერთი პიროვნება გაწევრიანდება. რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს დაცვას აპირებს მომღერალი ზურაბ მანჯავიძეც:

„ხალხში არის ეს სურვილი, რომ მოხდეს გაერთიანება და უფრო ორგანიზებული გახდეს პროტესტი... თუ პოლიტიკოსებიც მოგვბაძავენ და მონახავენ საერთო ენას, გაერთიანდებიან დროებით მაინც, ვიდრე მივაღწევთ საერთო მიზანს, ცუდი არ იქნება.“

საერთო მიზანში ზურაბ მანჯავიძე ხელისუფლების შეცვლას გულისხმობს. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძეც ამბობს, რომ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნით ლევან გაჩეჩილაძე საპროტესტო მუხტის გაძლიერებასა და გაფართოებას ცდილობს. მისი თქმით, მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ, იმავე „უცნობმა“, როგორც არაპოლიტიკოსმა, კარდინალური ცვლილება შეიტანა პოლიტიკური პროცესის დინამიკაში. „ამ გამოცდილების საფუძველზე ლევან გაჩეჩილაძე იმედოვნებს, რომ საზოგადოებისათვის ნაცნობი ადამიანების გაერთიანებით ეგრეთ წოდებული

„ ‘უცნობის’ ეფექტის“ გამეორებასა და გამრავლებას შეძლებს“, ამბობს რამაზ საყვარელიძე და იქვე დასძენს: „მე მგონი, ამის რეალიზაცია უნდა ლევან გაჩეჩილაძეს , რომ საზოგადოების ფართო წრეები გახადოს იმ მოწოდებების და ინტერესების დამცველი, რომელიც დღეს ოპოზიციას მიეწერება მხოლოდ.“

რაც შეეხება მმართველ პარტიას, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი აქტიური წევრი, დეპუტატი მურთაზ ზოდელავა, დარწმუნებულია, რომ ლევან გაჩეჩილაძე საფუძველს უყრის არა საზოგადოებრივ მოძრაობას, არამედ პოლიტიკურ პარტიას, რომლის მიზანი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, კახა თარგამაძის, დაბრუნებაა:
„მიმაჩნია, რომ ეს პარტია მოემსახურება მხოლოდ კახა თარგამაძის ინტერესების გატარებას და ვისთან არის დაკავშირებული ბატონი კახა, ესეც ყველასთვის კარგადაა ცნობილი. ესაა პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც საეჭვო ფინანსებით იქმნება და რომელიც მოემსახურება საეჭვო მიზნებს“, უთხრა რადიო თავისუფლებას მურთაზ ზოდელავამ.

წინასწარი ინფორმაციით, ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველო“ 10 ივლისს დაფუძნდება.
XS
SM
MD
LG