Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის მთავრობის პრიორიტეტები უცვლელია


აფხაზეთის დევნილმა უმაღლესმა საბჭომ მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა
აფხაზეთის დევნილმა უმაღლესმა საბჭომ მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის 93-ე მუხლის შესაბამისად, აფხაზეთის დევნილმა უმაღლესმა საბჭომ მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. კაბინეტი საგრძნობლად გადახალისდა - დაინიშნა 5 ახალი მინისტრი, თანამდებობები შეინარჩუნეს დეპარტამენტების თავმჯდომარეებმა. შესაბამისად, ათწევრიანი კაბინეტის ნახევარი განახლებულია.

აფხაზეთის დევნილი მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობით დამტკიცება აფხაზეთის მთავრობის მეთაურად საბერძნეთში საქართველოს ყოფილი კონსულის გიორგი ბარამიას დანიშვნამ განაპირობა. აფხაზეთის მთავრობის ექს-თავმჯდომარე მალხაზ აქიშბაია თანამდებობიდან ერთი თვის წინათ გადადგა. ამ პოსტზე მისი შემცვლელის, გიორგი ბარამიას, განმარტებით, მინისტრთა ახალი კაბინეტი პროფესიონალიზმის, ერთგულებისა და სამშობლოს სიყვარულის ნიშნით დაკომპლექტდა. „ჩვენი პრიორიტეტი დევნილებთან სოციალური მიმართულებით მუშაობა იქნება. 24 საათიან რეჟიმში მთავრობის ყველა წევრი დევნილთა ყოფითი საკითხების მოგვარებით იქნება დაკავებული. მეორე იქნება პოლიტიკური მიმართულება“, გვითხრა მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიამ.

აფხაზეთის დევნილი სტრუქტურების პრიორიტეტებში სოციალურთან ერთად პოლიტიკური მიმართულების გამოკვეთაზე, თავის მხრივ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავაც საუბრობს. იგი ამბობს, რომ ახლა, როგორც არასდროს, საჭიროა მსოფლიოსთვის ეგრეთ წოდებული პარალელური, ანუ დევნილი, აფხაზეთის ჩვენება. ამას გარდა, გია გვაზავას აზრით, მნიშვნელოვანია ისეთი საკითხების საერთაშორისო ასპარეზზე - მათ შორის, ჰააგის სასამართლოში - გატანა, როგორიცაა: ეთნოწმენდა, რესტიტუცია, ქონებრივი უფლებები და სხვ. გია გვაზავა აქვე ყურადღებას ამახვილებს აფხაზეთის დევნილი სტრუქტურების პოლიტიკურ მოლაპარაკებებში მხარედ ჩართვის აუცილებლობაზე და მიიჩნევს, რომ ამ სტრუქტურების რესურსს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება სათანადოდ ვერ იყენებს:

“ ჩვენ მთავრობას, ხელისუფლებას გვერდში უნდა ამოვუდგეთ და ვუთხრათ, რომ ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებმაც ყველაზე კარგად იციან ეს კონფლიქტი და, როგორც იტყვიან, ბოლომდე ჩვენი გამოყენების შანსი უნდა მოგვცენ ჩვენ. როდესაც პირისპირ დავსხდებით აფხაზურ მხარესთან სალაპარაკოდ, დამიჯერეთ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგს ჰგონია, რომ შედეგი არ იქნება, შეიძლება უფრო მეტი შედეგი იყოს, იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთის თვალებში ჩახედვის მეტი უფლება გვაქვს.“
ძალიან დიდია გამოწვევა და ჩვენ მივიღებთ ამ გამოწვევას, ამბობს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, რომელიც, მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარისა არ იყოს, პრაქტიკულად ახლა ჩაუდგა სათავეში აფხაზეთის საკანონმდებლო ორგანოს. მისი შეფასებით, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს სოციალურ პრიორიტეტებში წამყვანი დევნილთა ბინების პრივატიზაციის პროცესის ოპტიმალურად წარმართვაა. მით უფრო, რომ ამ საკითხის კოორდინაციის საქმეში ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან ერთად უახლოეს მომავალში აფხაზეთის დევნილი მთავრობის ჩართვაც იგეგმება. მთავრობის პრიორიტეტებს შორისაა განათლება. განათლების ახალი მინისტრი დალი ხომერიკი პირადი დაკვირვებით ამბობს, რომ აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა საზღვარგარეთ განათლების მიღებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას თითქმის არ ფლობს, რის გამოც ისინი ნაკლებად კონკურენტუნარიანნი ხდებიან შრომით ბაზარზე.
“ ვეცდებით მოვიფიქროთ ისეთი პროექტები, პროგრამები, რომლებიც ამ ახალგაზრდებს დაეხმარება სწორად მოიძიონ კონტაქტები, ანუ ფეხი აუწყონ იმ თანამედროვე განათლების მოთხოვნებს, რასაც დღეს გლობალური სამყარო აყენებს.“

გვითხრა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დალი ხომერიკმა. აქვე შევნიშნავთ, რომ აფხაზეთის ახალი მინისტრთა კაბინეტის ამბიციურ გეგმებში დევნილი მოსახლეობის აქამდე მოუგვარებელი სოციალური, პოლიტიკური თუ ეკონომიკური პრობლემების მაქსიმალურად შემცირება შედის.
XS
SM
MD
LG