Accessibility links

logo-print

ინციდენტების აღკვეთის შეხვედრებში მონაწილეობისთვის ცხინვალი პირობებს აყენებს


საქართველოს კრიზისთან დაკავშირებით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების კონკრეტულ შედეგად ომის შემდგომი ინციდენტების პრევენციის მექანიზმზე შეთანხმება გამოიკვეთა. შეთანხმების თანახმად, დაიწყო სამუშაო ჯგუფების შეხვედრა ერთი მიმართულებით, - ვგულისხმობ ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ ზონას, - მაგრამ პროცესი მძიმე აღმოჩნდა. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლებმა ამ შეხვედრებზე საკუთარი პირობების გამოტანა დაიწყეს და პროცესი შეაფერხეს. 9 ივლისისთვის ცნობილი გახდა სეპარატისტული რეჟიმის ერთ-ერთი წარმომადგენლის, ბორის ჩოჩიევის, განცხადება, რომ ცხინვალი უარს ამბობს ინციდენტების პრევენციის შეხვედრებში მონაწილეობაზე. ეს ხდება მაშინ, როცა ინციდენტების პრევენციისთვის ანალოგიური ტიპის პირველი შეხვედრა უნდა შედგეს გალის რაიონის ტერიტორიაზე.

ცხინვალი პრეტენზიას გამოთქვამს შეხვედრების თავმჯდომარეობის პრინციპთან დაკავშირებით; ამას გარდა, საქართველოს მხარისგან მოითხოვს აგვისტოს ომის შემდეგ დაკარგული 3 ოსის ადგილსამყოფლის დაზუტებას.

ინციდენტების პრევენციისთვის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში შექმნილ მუშა ჯგუფთა შეხვედრების თავმჯდომარეობის პრონციპთან დაკავშირებით ცხინვალის სეპარატისტულ რეჟიმს 3 საკუთარი ვარიანტი გამოაქვს: შეხვედრებს გაუძღვნენ რუსეთის და ევროკავშირის წარმომადგენლები; მეორე: გაძღოლა, ანუ თავმჯდომარეობა, მოხდეს როტაციის პრინციპით, ანდა მონაცვლეობით იყოს თბილისის და ცხინვალის წარმომადგენლების თავმჯდომარეობა. ეს ერთი და, მეორე: ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმი საქართველოს ხელისუფლებას ედავება შარშან, ოქტომბერში, 3 ოსის - ხუგაევის, ხაჩიროვის და პლიევის - დატყვევების გამო. არადა, თბილისში ირწმუნებიან, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ამ ადამიანების გადმოყვანის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. თბილისში შარშან, ოქტომბერში, 3 ოსის დატყვევებას კატეგორიულად უარყოფენ,ხოლო შეხვედრების თავმჯდომარეობის პრინციპთან დაკავშირებით აცხადებენ: ”ამ ომმა დაგვანახვა, რომ საქმე გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან და მის მარიონეტულ რეჟიმებთან. ამიტომ, მარიონეტული რეჟიმები რას გაახმოვანებენ რუსეთის დაკვეთით ობამას ვიზიტის შემდეგ, ეს უნდა განვიხილოთ დიდი პოლიტიკის კონტექსტში და ეს არავითარ კავშირში არ არის ოსი ხალხის ინტერესებთანო.”

სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა ოსი ხალხის ინტერესები ახსენა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მის მომიჯნავედ კი, ოსებისა და ქართველების ინტერესების თვალსაზრისით, უმთავრესი ამ ეტაპზე უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. როცა ევროკავშირის მონიტორებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ უშვებენ, როცა რუსების მიერ საქართველოში გავლებული საზღვრის მიღმა შეუძლებელია ინციდენტების ჭეშმარიტი მიზეზების დადგენა, ჟენევის მოლაპარაკებებზე მიღწეული შეთანხმება ინციდენტების აღკვეთის მუშა ჯგუფების ამუშავების შესახებ, ალბათ, სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა სწორედ ხალხის ინტერესების სასარგებლოდ. მაგრამ შეთანხმების რეალიზაციისთვის მხარეთა ნება იყო საჭირო. ინციდენტების პრევენციისთვის მუშა ჯგუფის შეხვედრა ოკუპირებულ ზონასთან, სოფელ დვანში, უკანასკნელად მაისში შედგა. მას შემდეგ შეხვედრები იშლება ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის მიზეზით, კერძოდ, ზემოხსენებული პრეტენზიების გამო. ამავე პრეტენზიების განმეორებით, ბორის ჩოჩიევმა სულ ახლახან რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ოსები აღარ მიიღებენ მონაწილეობას შეხვედრებში, რომელთა გამართვაც ევროკავშირის წარმომადგენლის თავმჯდომარეობით დაიწყო და ასევე უნდა გაგრძელებულიყო. საქართველოს ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ ცხინვალი მოსკოვის შეკვეთას ასრულებს, მოსკოვს კი შეხვედრების ჩაშლა სურს, ოღონდ სეპარატისტების ხელით. ინციდენტების აღკვეთის მუშა ჯგუფის პირველი შეხვედრა მალე უნდა გაიმართო საქართველოს მეორე ოკუპირებულ ზონაში, გალის რაიონში. მაგრამ აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას განცხადებას თუ დავაკვირდებით, აშკარაა, რომ აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმიც ისეთი პრეტენზიების წამოყენებას აპირებს, რომლებმაც, შესაძლოა, შეხვედრების გაგრძელებას ხელი შეუშალოს . ” ჩვენ ჯერჯერობით საკონტროლო შეხვედრას დავთანხმდით. საქმე ისაა, რომ მასზე წარმოდგენილები იქნებიან საქართველო, აფხაზეთი, ევროკავშირი, რუსეთი და გაერო. გაეროს მისიამ კი აფხაზეთში უკვე დაასრულა მუშაობა. ჩვენ ბევრი შეკითხვა გვაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ფორმატში უნდა გაგრძელდეს შეხვედრები გაეროს მონაწილეობის გარეშე. გვაქვს საკუთარი წინადადებები და, თუ ეს წინადადებები გაზიარებული იქნება, მაშინ ინციდენტების აღკვეთის ეს მექანიზმი იმუშავებს... ”-ეს განცხადება სერგეი შამბამ ახლახან გააკეთა.. საინტერესოა, რა წინადადებებს წამოაყენებენ სოხუმის სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლები შეხვედრაზე, რომელიც გალის რაიონის ტერიტორიაზე ივლისის შუა რიცხვებში უნდა გაიმართოს. ცხინვალში კი სწორედ ამ შეხვედრის წინ ითქვა, რომ აღარ მიიღებენ მონაწილეობას ანალოგიური ტიპის შეხვედრებში.
XS
SM
MD
LG