Accessibility links

logo-print

რა ცვლილებები იგეგმება შრომის კოდექსში


გარემოვაჭრეთა საპროტესტი გამოსვლები

გარემოვაჭრეთა საპროტესტი გამოსვლები

შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომლებსაც, წინასწარი ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა რამდენიმე დღეში გამოამზეურებს, ”დასაქმებულთა ტანჯვის დასასრულად” მოიხსენიებს პროფესიული კავშირების გაერთიანება. ცვლილებები ეყრდნობა სწორედ ამ ორგანიზაციის ინიციატივებს, რომლებიც კანონპროექტის სახით უკვე შესულია პარლამენტშიც. პარლამენტში დარეგისტრირებულია ასევე ოდნავ მოგვიანებით შესული მეორე კანონპროექტი, რომელიც ქრისტიან-დემოკრატებს ეკუთვნით. რატომ იწვევს შრომის კოდექსი ევროკავშირის დაინტერესებას და რა სასიკეთო ცვლილებებს შეიძლება მოელოდნენ დასაქმებულები საქართველოში?

საქართველოში ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე სადავო თემა, უდავოდ, იყო შრომის კოდექსი, რომლის მიმართაც განსაკუთრებულ პროტესტს პროფესიული კავშირების გაერთიანება გამოხატავდა. გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი იხსენებს, რომ ამ პოსტზე მისი 3-წლიანი მუშაობიდან უდიდესი დრო სწორედ მოქმედ შრომის კოდექსთან ბრძოლამ წაიღო, თუმცა ხელისუფლებაში ცვლილებების ნება ვერა და ვერ გააღვიძა. ამჯერად სურათი სხვაგვარად გამოიყურება. მთავრობამ პროფესიული კავშირების გაერთიანების ინიციატივების გათვალისწინება გადაწყვიტა და 8 ივლისს, 30-პუნქტიანი შესწორებების გარშემო მიმდინარე დიალოგის ფარგლებში, ერთმანეთს შეხვდნენ პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური და პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი. პროფკავშირების თავმჯდომარე შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების პერსპექტივით კმაყოფილია და თვლის, რომ ამით ბოლო მოეღება დასაქმებულთა დისკრიმინაციას. ამ ჭრილში განიხილება, მაგალითად, ის ფაქტი, რომ ამჟამად მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, დამსაქმებელს უფლება აქვს, სამსახურიდან გათავისუფლებისას დასაქმებულს მიზეზი სულაც არ დაუკონკრეტოს. ცვლილებების თანახმად კი, მას ამის გაკეთება აუცილებლად მოუწევს:
”უნდა განემარტოს და დამსაქმებელმა უნდა ჩაწეროს, რატომ ათავისუფლებს, მაგალითად: არაკვალიფიციური ქმედებების გამო, არაპროფესიონალური ქმედებების გამო, დაბალი კომპეტენციის გამო... და ეს მერე უკვე გახდება სასამართლოს მსჯელობის საგანი და იქ დამსაქმებელმა უნდა დაასაბუთოს, რომ მუშაკი მართლაც არაკვალიფიციურია. ჩვენი ინიციატივით, უკანონოდ გათავისუფლების შემთხვევაში, დამსაქმებელმა დასაქმებულის ხელფასის ასმაგი ოდენობის ჯარიმა უნდა გადაიხადოს.”
ცვლილებები, რომლებსაც საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება მთავრობასთან ათანხმებს, ასევე გულისხმობს ასოციაციის თავისუფლებას და კოლექტიური მოლაპარაკებების ხელშეწყობას. მკაცრად განისაზღვრება სამუშაო საათები და კვირაში მათი რაოდენობა, სავარაუდოდ, 41 იქნება, რის შემდეგაც დასაქმებული ყოველ დამატებით საათზე დამატებით ანაზღაურებას მიიღებს. რადგანაც მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა, ირაკლი პეტრიაშვილი ჯერჯერობით არ აკონკრეტებს, თუ რა ცვლილებები შეეხებათ ქალებს, რომლებიც დეკრეტულ შვებულებაში გავლენ. თუმცა პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ამ საკითხსაც ოპტიმიზმით უყურებს და ამბობს, რომ ამიერიდან შვილის გაჩენა საქართველოში ”დანაშაულად აღარ ჩაითვლება”. ცვლილებები, რომლებიც საქართველოს მთავრობასთან ერთად განიხილება, პროფკავშირების მიერ პარლამენტში შეტანილ კანონპროექტშიც არის ასახული.
დაახლოებით მსგავსი შინაარსისაა საქართველოს პარლამენტში ქრისტიან-დემოკრატების მიერ წარდგენილი ცვლილებებიც. თუმცა დეპუტატი მაგდა ანიკაშვილი ზოგიერთ განსხვავებასაც გამოყოფს:
”პროფკავშირების კანონპროექტში საუბარია კოლექტიურ ხელშეკრულებებზე და უმუშევართა შემწეობის დანიშვნაზე... ჩვენ ეს მოთხოვნები, საგანგებოდ, აღარ ჩავწერეთ ჩვენს კანონპროექტში. პროფკავშირებთან ჩვენ დიდი ხანია ვთანამშრომლობთ და შეუთანხმებლობა ამ თვალსაზრისით არ გვაქვს. პირიქით, ჩვენ ერთმანეთის საქმიანობას და მოთხოვნებს მხარს ვუჭერთ.”
ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელი, დეპუტატი მაგდა ანიკაშვილი ფიქრობს, რომ პარლამენტში შეტანილი 2 კანონპროექტი შესაძლოა შეჯერდეს და მათთან ერთად ასევე შესაძლებელია მთავრობის მიერ წარდგენილი ვარიანტის განხილვაც, თუკი ის ასევე გადაიგზავნება პარლამენტში.
მუდმივად სადავო და, ამავე დროს, იგნორირებული თემით - შრომის კოდექსით - ხელისუფლების მხრიდან ასეთ დაინტერესებას ექსპერტი დავით ნარმანია შემდეგნაირად ხსნის:
”ევროკავშირის პირდაპირ მოთხოვნას წარმოადგენდა ქვეყნის ხელისუფლებისადმი, რომ მომხდარიყო შრომის კოდექსის დახვეწა. ეს გულისხმობდა დაქირავებული პირების უფლებების დაცვას... ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის ფარგლებში აიღო საქართველომ ეს ვალდებულება.”
ვალდებულებას საქართველოს ამჯერად უკვე ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის ფარგლებშიც შეახსენებენ. ექსპერტები არ დავობენ, რომ დასაქმებული, რომლის უფლებებიც სათანადოდ არის დაცული, გაცილებით მონდომებით ასრულებს თავის მოვალეობას და შრომის ნაყოფიერებაც იზრდება. შედეგად, იზრდება შექმნილი პროდუქციისა თუ გაწეული მომსახურების ხარისხიც. ამ ფაქტორს დიდი ყურადღება მიექცევა ევროკავშირის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის პერსპექტივის განხილვისას.
XS
SM
MD
LG