Accessibility links

logo-print
”მე მჯერა სიყვარულის” - ასე ჰქვია საქველმოქმედო კონცერტებს, რომელთაც ქეთი მელუა გამართავს 14 ივლისს თბილისში და 15 ივლისს ბათუმში - ქალაქში, სადაც ბავშვობა გაატარა. ქეთი მელუას გასტროლების ორგანიზატორია პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდი ”იავნანა”, ”ისთერნ პრომოუშენი” და საქართველოს კულტურის სამინისტრო. საქართველო პირველად მოუსმენს ცოცხლად ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო მომღერალს, რომლის შესახებ გიორგი გვახარია გვიამბობს.

წელს, იანვარში, ქეთი მელუამ განაცხადა, რომ ახალი ალბომის ჩაწერას საქართველოში აპირებს. რამდენიმე დღეში, როცა ბრიტანეთში მცხოვრები ვარსკვლავი სამშობლოს ეწვევა და ჯერ თბილისის ოპერის თეატრში, შემდეგ კი ბათუმში საქველმოქმედო კონცერტებს გამართავს, გაირკვევა, რამდენად სერიოზულია მისი გადაწყვეტილება. არ არის გამორიცხული ქეთი მელუას შემოქმედებითი გეგმები იმაზე იყოს დამოკიდებული, თუ რამდენად წარმატებული იქნება მომღერლის ეს ”ქართული ტურნე”.. ჯერჯერობით მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ოპერის თეატრში მელუას კონცერტზე ბილეთები ორ საათში გაიყიდა (არადა, ას ლარამდე ღირდა) და ისიც, რომ მელუას თბილისელი ფანები 15 ივლისს ბათუმში აპირებენ გამგზავრებას, რათა საყვარელ მომღერალს ღია ცის ქვეშ მოუსმინონ.

ქეთი მელუა ყველაზე წარმატებული ქართველი მომღერალია პოპ-მუსიკის სამყაროში... ვამბობთ, ”პოპ-მუსიკისა”, თუმცა ქეთი მელუა თითქმის ყველა ჟანრში წარმატებას აღწევს - როკი იქნება ეს, ფოლკლორი თუ ჯაზი... პოლონეთში ჩატარებული კონცერტების შემდეგ, ამ სამი წლის წინ, იქაურ პრესაში აღნიშნეს კიდეც - ”ქეთი მელუა ინგლისელების რეალური პასუხია ამერიკელი ნორა ჯონსის წარმატებებზეო”... მიუხედავად ამისა, ქეთი მელუას კრიტიკოსები სწორედ იმას აღნიშნავენ, რომ მომღერალი ჯერ კიდევ არ იყენებს თავისი ლამაზი ხმის შესაძლებლობებს და ზოგჯერ უარს ვერ ამბობს ზედაპირულ, კომერციულ მუსიკასა და კომერციულ პროექტებზე (გაგახსენებთ, რომ 2006 წელს, როცა ქეთი მელუამ 303 მეტრი წყლის სიღრმეში გამართა კონცერტი, იგი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა). თუმცა, ამავე დროს, მელუას ოპონენტებიც კი ამბობენ, რომ საოცარია, როგორ სწრაფად მიაღწია წარმატებას გოგონამ, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში მშობლებთან ერთად დასახლდა ჯერ ჩრდილოეთ ირლანდიაში, შემდეგ კი ინგლისში... ქართველმა გოგონამ - მომღერალმა, რომელიც ყველა თავის კონცერტზე ამბობს, რომ ქართველია და მღერის კიდეც ქართულ სიმღერებს.

ქეთი მელუას ბოლოდროინდელ წარმატებებს შორის ყველაზე მნიშვნელოვნად ლონდონში ჩატარებული კონცერტი ითვლება..ამ კონცერტის დროს ჩაიწერეს ალბომი, რომელიც დღეს ძალიან კარგად იყიდება...არ არის გამორიცხული, რომ თბილისსა და ბათუმში ჩატარებული კონცერტების შემდეგ რაღაც ანალოგიური ვიხილოთ - ალბომი ან, თუნდაც, დვდ, სათაურით ”მე მჯერა სიყვარულის”.
XS
SM
MD
LG